აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ მისი განვითარება?

უკან

რა არის თრომბი და როგორ ავიცილოთ მისი განვითარება?

10 ივნ 2025

თრომბი და სისხლის შედედების რისკები – ექიმის შეფასება

 

თრომბი – ეს სიტყვა ბევრისთვის კარგად ნაცნობია. თუმცა ადამიანთა ნაწილმა არ იცის, თუ სიცოცხლისთვის რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა. 

იმისათვის, რომ მძიმე შედეგის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თრომბი, როგორ ვხვდებით, რომ ის გვაქვს, როგორ ავარიდოთ თავი გართულებებს და რა გზები არსებობს თრომბის დროულად ამოსაცნობად და მკურნალობისთვის.

რა არის თრომბი? 

თრომბი, იგივე სისხლის კოლტი, სისხლძარღვში წარმოქმნილი შედედებული მასაა, რომელიც სისხლძარღვებში წარმოიქმნება და ზღუდავს ან მთლიანად ბლოკავს სისხლის ნაკადის გადაადგილებას. 

თრომბის ორი ტიპი არსებობს: ვენური და არტერიული. ვენური თრომბოზი ხშირად ქვედა კიდურების ვენებში მიმდინარე პათოლოგიების ფონზე ვითარდება. მისი რისკის ზრდას ხელს უწყობს ხანგრძლივი უმოძრაობა, ძვლის მოტეხილობები, ჭარბი წონა და ზოგიერთ წამალთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. რაც შეეხება არტერიულ თრომბოზს, ის უფრო მეტად ასოცირდება ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა და თამბაქოს მოხმარება.

თრომბი შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდეს, თითოეული მათგანი განსხვავებული რისკით გამოირჩევა. როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა თრომბი? – ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. თრომბის სიმპტომები შეიძლება ლოკაციის მიხედვით განსხვავდებოდეს.

  • თრომბი ფეხზე – ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ხშირ შემთხვევაში ვითარდება ღრმა ვენებში და ცნობილია როგორც ღრმა ვენური თრომბოზი. ფეხის თრომბს ახასიათებს ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქვედა კიდურების „კრუნჩხვა“ და კანის სიმხურვალის შეგრძნება.
  • თრომბი ხელზე – შედარებით იშვიათია, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა თრომბი ხელის ვენებს აზიანებს. ხელის თრომბს შეიძლება თან ახლდეს შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა.
  • თრომბი გულთან – გულის სისხლძარღვებში (კორონალურ არტერიებში) თრომბის გაჩენამ შეიძლება გულის შეტევა გამოიწვიოს. გულის თრომბის სიმპტომებად მოიაზრება ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება და თავბრუს ხვევა.
  • თრომბი ტვინში – როცა თრომბი ტვინში გადადის, ის შეიძლება ინსულტის მიზეზი გახდეს. ტვინის თრომბის სიმპტომებია მხედველობის დაკარგვა, მეტყველების პრობლემები, კოორდინაციის დაკარგვა და სხეულის ერთი მხრის დაბუჟება.
  • თრომბი ფილტვში – ე.წ. ფილტვის ემბოლია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა, რომელიც ხშირად მოულოდნელად ვითარდება. ფილტვის თრომბს ახასიათებს სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში და აჩქარებული პულსი.

თრომბის ნებისმიერი ფორმა დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საჭიროებს, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკები შევამციროთ.

 

თრომბის წარმოქმნა სისხლძარღვში – სისხლის უჯრედები და შედედების პროცესი

როგორია თრომბის გამომწვევი მიზეზები

თრომბის წარმოქმნა ორგანიზმში ხშირად არაერთი ფაქტორის თანხვედრის შედეგია. მის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც ცხოვრების წესი, ისე ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გენეტიკური ფაქტორი. და მაინც რა იწვევს თრომბს?

თრომბი შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა უმოძრაობამ. თუ ადამიანი უმოძრაო მდგომარეობაში დიდ დროს ატარებს, თრომბის წარმოქმნის რისკი იზრდება. ამ დროს განსაკუთრებით მაღალია ფეხის თრომბის გაჩენის ალბათობა.

ცნობილია, რომ ჭარბი წონა სისხლძარღვებზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს, ის სისხლის მოძრაობას აფერხებს და თრომბის განვითარების საფრთხეს ზრდის. ასეთი მდგომარეობა ხშირად იწვევს თრომბის ნიშნებს ფეხზე ან მენჯის მიდამოში.

ჰორმონების შემცველი პრეპარატები, განსაკუთრებით ესტროგენი, სისხლის შედედების ალბათობას ზრდის. შესაბამისად, ჰორმონულ ფონს მნიშვნელოვანი  გავლენა შეუძლია მოახდინოს თრომბის წარმოქმნაზე, განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც მენოპაუზის ჰორმონოთერაპიას გადიან.

გენეტიკური მიდრეკილება შეიძლება თრომბის გაჩენის მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში თრომბი შეიძლება მოულოდნელად, გარეგნული მიზეზის გარეშე წარმოიქმნას. თრომბის გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, მით უფრო, თუ სხვა რისკფაქტორებიც არის გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთთანაა დაკავშირებული კოვიდი და თრომბიც. ამ ვირუსს სისხლის შედედების მექანიზმების დარღვევა და თრომბების წარმოქმნა შეუძლია.

 

როგორ ავიცილოთ თრომბი? – პრევენცია და მკურნალობა 

თრომბის პრევენცია, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი. ყოველდღიური რუტინის მცირე ცვლილებაც კი მისი რისკის შემცირებაზე დიდ გავლენას ახდენს.

თრომბის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თრომბის წარმოქმნის შანსს ამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უძრავ მდგომარეობაში ყოფნა უწევთ, მაგალითად, სამსახურში ან ხანგრძლივი და ხშირი მოგზაურობისას. ასეთ დროს თუნდაც მსუბუქი ვარჯიში რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ.

თრომბის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ სითხის ხშირი მიღებაც. საკმარისი რაოდენობით წყლის სმა სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს და ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან იცავს, რაც ხშირად თრომბის გაჩენასთან ასოცირდება.

ექიმის რეკომენდაციით, მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა შესაძლოა გამოიყენონ თრომბის საწინააღმდეგო წინდები, რომლებიც ვენურ მიმოქცევას აუმჯობესებს და ღრმა ვენური თრომბოზის განვითარებას ამცირებს.

დაბოლოს, ექიმმა რისკის შესამცირებლად ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა თრომბის საწინააღმდეგო წამლები დაუნიშნოს, მათ შორის ანტიკოაგულანტები, რომლებიც სისხლის შედედებას და თრომბის ფორმირებას აფერხებს.

 

სისხლის შედედების ანალიზი – თრომბის რისკების შესაფასებლად აღებული ნიმუში

პირველადი დახმარება თრომბის დროს 

თუ შენიშნეთ თრომბის წინა სიმპტომები, მაგალითად, კიდურების ტკივილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, მნიშვნელოვანია სწორად იმოქმედოთ:

  • შეზღუდეთ მოძრაობა – თუ ეჭვი გაქვთ, რომ თრომბი გაჩნდა, არ შეეცადოთ, სიარულს ან დატვირთვას, განსაკუთრებით ფეხით გადაადგილებას, რადგან ეს თრომბის გადანაცვლების და ფილტვში ან ტვინში მოხვედრის რისკს ზრდის.
  • დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება – თრომბის დროული დიაგნოზი და მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.
  • თავი აარიდეთ თვითმკურნალობას – ხალხური მეთოდები ან შემთხვევითი მედიკამენტები არა მხოლოდ არაეფექტიანია, არამედ შესაძლოა ზიანიც მოგაყენოთ. როგორც სხვა დაავადებებისა და მდგომარეობების, ასევე თრომბის შემთხვევაშიც მხოლოდ ექიმის რეკომენდაცია უნდა გახდეს ნებისმიერი ქმედების საფუძველი.

თრომბის მკურნალობა — როგორ გავუმკლავდეთ ამ მდგომარეობას 

თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ თრომბი გაქვთ, აუცილებელია სპეციალისტს დაუყოვნებელ მიმართოთ. რაც უფრო ადრე მოხდება მისი დიაგნოსტიკა, მით უფრო ეფექტიანი იქნება მკურნალობა. თრომბის სამკურნალოდ კი, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება:

  • ანტიკოაგულანტები – მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს წამლები სისხლის შედედებას აფერხებს, აჩერებს თრომბის ზრდას და ხელს უწყობს მის დაშლას. მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰეპარინი და ვარფარინი.
  • ქირურგიული ჩარევა – რთულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული გზით თრომბის მოცილება.
  • კომპრესიული თერაპია – განსაკუთრებით ეფექტიანია ფეხის თრომბის შემთხვევაში. ამ თერაპიის ფარგლებში გამოიყენება სპეციალური წინდები ან ბანდაჟები, რომლებიც ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს.
  • თრომბის მკურნალობა სახლის პირობებში – თუ თრომბი არ არის გამწვავებული და პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, ექიმის მითითებით შესაძლებელია მკურნალობის სახლში გაგრძელება – თრომბის წამლების მიღებით, ფიზიკური აქტივობის კონტროლითა და სპეციალისტის მიერ დანიშნული დიეტის გათვალისწინებით.

 

თრომბი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ სპეციალისტის მიერ უნდა ჩატარდეს. 



10 ივნ 2025