რა არის ლიბიდო და რა იწვევს მის დაქვეითებას?
10 ივნ 2025

ლიბიდო მედიცინასა და ფსიქოლოგიაში კარგად დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც ადამიანის სქესობრივ ლტოლვას ან სქესობრივი აქტივობის სურვილს აღნიშნავს. მის დაქვეითებასა თუ ამაღლებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ჰორმონები, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობა, ტვინში მიმდინარე პროცესები, ურთიერთობების ხასიათი და ა.შ. ხშირად დაბალი ლიბიდო ან მაღალი ლიბიდო არა ერთი, არამედ რამდენიმე ფაქტორთა ერთობლიობითაა განპირობებული.
ქალისა და კაცის ლიბიდოზე უდიდეს გავლენას ახდენს ჰორმონები. სწორედ ამიტომ, დაქვეითებული ლიბიდო ხშირად ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული.
ერთ-ერთი მთავარი ჰორმონი, რომელიც განსაკუთრებით განაპირობებს სქესობრივი აქტივობის სურვილს, ტესტოსტერონია. მართალია, მას უფრო დიდი რაოდენობით კაცის ორგანიზმი გამოიმუშავებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ქალებში. ტესტოსტერონის დონე შესაძლოა შემცირდეს ასაკთან ერთად, სტრესის, გარკვეული მედიკამენტებისა და სხვა ფაქტორების გავლენით.
ლიბიდოს დაქვეითება ქალებში ხშირად ორი ძირითადი სასქესო ჰორმონის – ესტროგენისა და პროგესტერონის დისბალანსით არის განპირობებული. მაგალითად, პროგესტერონის სიჭარბე ზოგჯერ სქესობრივი მოთხოვნილების შემცირების ან სრულად გაქრობის მიზეზია. ესტროგენის შემთხვევაში კი, ლიბიდოს დაქვეითება შესაძლოა მისი სიჭარბითაც იყოს გამოწვეული და დეფიციტითაც.
ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის ფაზების შესაბამისად იცვლება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დროს ქალის ლიბიდო შესაძლოა ამაღლებული ან, პირიქით, დაქვეითებული იყოს. გარდა ამისა, სქესობრივი ლტოლვა ქალებში მცირდება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის შემდეგაც, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ჩვეული ბალანსი ირღვევა.
სქესობრივი აქტივობისადმი ინტერესის შემცირება ხშირად სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის სიჭარბითაცაა გამოწვეული. კორტიზოლის მაღალი დონე როგორც კაცებში, ისე ქალებში ხელს უშლის სასქესო ჰორმონების გამომუშავება, რაც საბოლოოდ ლიბიდოს დაქვეითებასაც განაპირობებს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ჰორმონი დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA), რომლის ნაკლებობაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სქესობრივი ლტოლვის შემცირების მიზეზების კვლევისას, ყურადღება მივაქციოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებსაც, რადგან მათი დაბალი დონე ანელებს რეპროდუქციული ორგანოების მეტაბოლიზმს და, შედეგად, აქვეითებს ლიბიდოსაც.

ლიბიდო არსებობასა ან არარსებობაზე უდიდეს გავლენას ახდენს ტვინში მიმდინარე პროცესები და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მაგალითად, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები დაჯილდოების სისტემას თრგუნავს და ამცირებს სექსუალური ცხოვრებისადმი ინტერესს. გარდა ამისა, მედიკამენტები, როგორებიცაა ანტიდეპრესანტები ლიბიდოს კიდევ უფრო აქვეითებს.
აქვე, განსხვავებულ კონტექსტში, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი სიჭარბე სასქესო ჰორმონების გამომუშავებას აფერხებს, რაც ლიბიდოს დაქვეითებას განაპირობებს. გარდა ამისა, კორტიზოლი ადამიანს გადარჩენის რეჟიმზე მომართავს. ასეთ დროს სხეული დაძაბულია, ქრება სიამოვნებისკენ სწრაფვის სურვილი და ხელს უშლის მოდუნებასა და აღგზნებას.
ფსიქოლოგიურ ფაქტორებში აუცილებლად უნდა გამოვყოთ ჩვენი სხეულის აღქმისა და თვითშეფასების ფაქტორიც. ხშირად ლიბიდო მნიშვნელოვნად მცირდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარი სხეულით უკმაყოფილოა და მას მიმზიდველად არ მიიჩნევს. სქესობრივი აქტივობისადმი ინტერესს ხშირად კარგავენ წარსულში სექსუალური ხასიათის ნეგატიური ან ძალადობრივი გამოცდილების მქონე ადამიანებიც.

დაავადებები თუ სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები სექსუალური ლტოლვის დათრგუნვის ხშირი მიზეზია. მაგალითად, დიაბეტის, ოსტეოართრიტის, გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, სიმსივნეების, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისა და სხვა მდგომარეობების ფონზე შესაძლოა პაციენტმა სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესი დაკარგოს. ეს გარკვეულწილად ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტების მიღებითაცაა განპირობებული.
ლიბიდოზე უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების არაჯანსაღი წესიც. ამ მხრივ, მისი დაქვეითების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ძილის ნაკლებობა ან უხარისხო ძილია. საქმე ისაა, რომ ჰორმონების სათანადო რაოდენობით გამომუშავებისა და მათი ბალანსის შენარჩუნებისთვის საკმარისი ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
არაჯანსაღი კვება ან სხეულისთვის აუცილებელი რომელიმე საკვები ნივთიერების ნაკლებობა ასევე აისახება ლიბიდოზე. მასზე გავლენას განსაკუთრებით ცხიმის არასაკმარისი რაოდენობით მიღება ახდენს.
ლიბიდოზე საუბრისას, უნდა შევეხოთ მასზე ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების უარყოფით გავლენასაც. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლის მცირე დოზამ ან სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკებმა, შესაძლოა, აამაღლოს ლიბიდო, მაგრამ მხოლოდ დროებით. მომატებული ლიბიდო ნივთიერებების ჭარბად ან ხანგრძლივად მოხმარებისას, არა მხოლოდ ქვეითდება, არამედ ხშირად სექსუალური დისფუნქციის მიზეზიც ხდება.

თუკი სქესობრივი აქტივობისადმი სურვილის დაკარგვას უჩივით, შეეცადეთ დაადგინოთ, რა არის ამის მიზეზი. პირველ რიგში, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც თქვენი ანამნეზის საფუძველზე, განსაზღვრავს არის თუ არა ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი რაიმე დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემა და მედიკამენტი. გარდა ამისა, გამოიკვლიეთ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ჰორმონები.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც და დარწმუნდით, რომ სიცოცხლის ხალისისა და სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა სტრესით, შფოთვებითა და რომელიმე ფსიქიკური დაავადებით არ არის გამოწვეული.
ჯანმრთელობის გამოკვლევის პარალელურად, შეეცადეთ, დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოიწესრიგეთ კვება – გახსოვდეთ, ჰორმონების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, თქვენი საკვები რაციონი დაბალანსებული იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით.
პრიორიტეტი მიანიჭეთ ძილს, რათა სხეულს დასვენებისა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარეგულირების საშუალება მისცეთ. დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ლიბიდოზე დადებით გავლენას ახდენს ფიზიკური აქტივობაც. ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი, რაც სიცოცხლის ხალისთან ერთად, სექსუალური ცხოვრებისადმი ინტერესსაც გვიღვივებს.
10 ივნ 2025