
ოსტეოქონდროზი ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება მალთაშუა დისკოები, მალები და ხერხემლის გარშემო არსებული რბილი ქსოვილები. ეს დაავადება იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და ზოგჯერ ნევროლოგიურ სიმპტომებსაც. ოსტეოქონდროზი შეიძლება განვითარდეს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილში – კისრის, გულმკერდის ან წელის მიდამოში. ქვემოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
ოსტეოქონდროზის ფორმები
იმის მიხედვით, თუ ხერხემლის რა უბანზეა განვითარებული ოსტეოქონდროზი, გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:
- კისრის ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ყველაზე მოძრავი ნაწილის – კისრის მალების დაზიანებაა. ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად გვხვდება იმ პირებში, ვისაც აქვთ მჯდომარე ცხოვრების წესი.
- გულმკერდის ოსტეოქონდროზი – ოსტეოქონდროზის ეს ფორმა შედარებით იშვიათია, რადგან გულმკერდის მალები ნაკლებად მოძრავია და მათ მეტი სტაბილურობა ახასიათებთ. მისი დიაგნოსტირება შედარებით რთულია, რადგან გულმკერდის ოსტეოქონდროზის სიმპტომები შეიძლება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემებს წააგავდეს.
- წელის ოსტეოქონდროზი – ეს ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი ფორმაა, რადგან წელის მიდამო ყოველდღიურად ყველაზე მეტად იტვირთება. ის უმეტესად უვითარდებათ მათ, ვისაც ხშირად უწევთ მძიმე წონის აწევა ან დახრა.
- როგორია ოსტეოქონდროზის სიმპტომები
ოსტეოქონდროზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ხერხემლის რომელი ნაწილია დაზიანებული. თუმცა ზოგადი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- მუდმივი ან პერიოდული ტკივილი ზურგის, კისრის ან წელის არეში
- მოძრაობის შეზღუდვა და დისკომფორტი
- ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე კიდურებში
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი (კისრის ოსტეოქონდროზის დროს)
- ტკივილი გულმკერდის არეში (გულმკერდის ოსტეოქონდროზი დროს)
- ტკივილის გადაცემის შეგრძნება ფეხში ან ხელში
სიმპტომები ხშირად ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ.
როგორ ხდება ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა
ოსტეოქონდროზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ექიმის მიერ პაციენტის ფიზიკური შეფასება, ასევე, სხვადასხვა ტიპის კვლევები. დიაგნოსტიკის ეტაპები მოიცავს:
- ფიზიკური გამოკვლევა – ექიმი აფასებს ტკივილის ლოკაციას, მოძრაობის შესაძლებლობასა და ნევროლოგიურ ნიშნებს.
- რენტგენოგრაფია – აჩვენებს მალთაშუა სივრცის შევიწროებას, მალების დეფორმაციას.
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) – ზუსტად აჩვენებს რბილი ქსოვილების, დისკოებისა და ნერვების მდგომარეობას.
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – იძლევა ძვლის სტრუქტურების დეტალურ გამოსახულებას.

როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
ოსტეოქონდროზის მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის შემსუბუქებას, ანთების შემცირებას და ხერხემლის ფუნქციის აღდგენას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- მედიკამენტური თერაპია – ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ნერვული ქსოვილის დამცავი საშუალებები და სხვა.
- ფიზიოთერაპია – როგორებიცაა ულტრაბგერითი და ელექტრო თერაპია, ლაზერული და თერმული მკურნალობა.
- სამკურნალო ვარჯიშები – სპეციალური ვარჯიშები ზურგისა და კისრის კუნთების გასაძლიერებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.
- მასაჟი და მანუალური თერაპია – სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კუნთების მოსადუნებლად.
- ორთოპედიული საშუალებები – როგორებიცაა სპეციალური ბალიშები, მატრასები, სამკურნალო ქამრები და კისრის საყრდენები
იშვიათად, გართულებული ან პროგრესირებადი ოსტეოქონდროზის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც, თუმცა მკურნალობის ეს მეთოდი ძირითადად დაავადების ბოლო ეტაპზე განიხილება.
როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი?
ოსტეოქონდროზის სრულად პრევენცია ყოველთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების ფონზე. თუმცა, სწორი ჩვევებისა და ცხოვრების წესის დახმარებით შესაძლებელია მისი პროგრესის შენელება და სიმპტომების შემცირება. ამისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:
- შეინარჩუნეთ სწორი პოზა – ზურგისა და კისრის სწორად დაჭერა, როგორც ჯდომის, ისე დგომის ან სიარულის დროს, ამცირებს ხერხემალზე დატვირთვას და ხელს უშლის მალთაშუა დისკოების დაზიანებას. ეცადეთ მჯდომარე მუშაობისას არ გადაიხაროთ წინ და მოარგოთ სკამი სხეულის სიმაღლეს.
- ივარჯიშეთ რეგულარულად – ფიზიკური აქტივობა ამაგრებს ზურგისა და მუცლის კუნთებს, რომლებიც ხერხემლის საყრდენს წარმოადგენს. რეკომენდებულია თუნდაც ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიშები, გაწელვები ან სეირნობა. ეფექტურია ასევე იოგა, პილატესი ან ცურვა.
- არ ასწიოთ მძიმე ტვირთი უცბად – სიმძიმის არასწორად აწევა ზურგს ტვირთავს და ხელს უწყობს მალთაშუა დისკოების დაზიანებას. თუ ტვირთის აწევა აუცილებელია, გამოიყენეთ მუხლების ძალა და არა წელის.
- პერიოდულად გააკეთეთ გაწელვები დიდხანს ჯდომისას – ხანგრძლივი ჯდომა ხერხემლისთვის მავნებელია, ამიტომ საჭიროა პერიოდულად გასეირნება ან გაწელვის მარტივი ვარჯიშების გაკეთება.
- გამოიყენეთ ანატომიური ბალიში და ხარისხიანი მატრასი – ძილის პოზა დიდ გავლენას ახდენს ხერხემალზე. სწორად შერჩეული ორთოპედიული ან ანატომიური ბალიში და საშუალო სიმყარის მატრასი უზრუნველყოფს ხერხემლის სწორ მდებარეობას ძილის დროს და ამცირებს მისი დაზიანების ალბათობას.
დაბოლოს, არ უგულებელყოთ ზურგის ტკივილი – დროული რეაგირება საუკეთესო გზაა გართულებების თავიდან ასაცილებლად.