რა არის პანთენოლი და როგორ გამოიყენება
5 ივლ 2025

პანთენოლი პრეპარატია, რომელიც კანის დატენიანების, დაცვისა და, რაც მთავარია, აღდგენის მიზნით გამოიყენება.
ეს საშუალება ბაზარზე არაერთი ფორმით შეიძლება შეგხვდეთ. ამის მიუხედავად, პანთენოლი, კრემი იქნება ეს, ქაფი თუ გელი, კანს აღდგენაში დექსპანთენოლის (იგივე D პანთენოლი) წყალობით ეხმარება.
დექსპანთენოლი, ანუ ამ საშუალების მოქმედი ნივთიერება, პანტოთენის მჟავის სპირტოვანი ანალოგია. ეს ორი ნივთიერება ბიოლოგიურად ერთნაირად მუშაობს. დექსპანთენოლი უჯრედებში აღწევს და პანტოთენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ისევე მოქმედებს, როგორც ვიტამინი B5.
პანთოტენის მჟავა და მისი მარილები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებიც სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესშია ჩართული. ამ ნივთიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანისა თუ ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და აღდგენისთვის.
ამ ბუნებრივი პროცესის ხელშესაწყობად შეგვიძლია სწორედ პანთენოლი გამოვიყენოთ. უფრო ზუსტად, ამ საშუალებას შემდეგ შემთხვევებში მიმართავენ:
პანთენოლი სახეზეც გამოიყენება, სხეულზეც და ლორწოვან გარსებზეც. კონკრეტულ საჭიროებებზე უკეთ მორგების მიზნით ეს საშუალება არაერთი ფორმით არის ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის პანთენოლის ქაფი განვიხილოთ.
პანთენოლის ქაფი (იგივე პანთენოლის სპრეი ან აეროზოლი) მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანი სტრუქტურით გამოირჩევა. კანის ზედაპირზე იგი მარტივად ნაწილდება და შეზელაც არ სჭირდება. შესაბამისად, ამ ფორმით იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა საქმე ძალიან მგრძნობიარე კანთან გვაქვს და შეხება მტკივნეულია — მაგალითად, მზისგან დამწვრობისას.
პანთენოლის აეროზოლი დაზიანებულ ადგილას თანაბრად უნდა შეისხუროთ დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. ზედოზირება ამ საშუალების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა. მკურნალობის ხანგრძლივობა პრობლემის ტიპზეა დამოკიდებული, ეს კი უმჯობესია, ექიმთან კონსულტაციით გადაწყდეს.
შესხურებისას კონტეინერი ვერტიკალურად უნდა დაიჭიროთ, სარქვლით ზემოთ. ხარისხიანი ქაფის მისაღებად აუცილებელია, რომ კონტეინერი ყოველი გამოყენების წინ ძლიერად შეანჯღრიოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუკი აეროზოლი დიდი ხანია, არ გამოგიყენებიათ. პრეპარატის პირველი გამოყენებისას, შესაძლოა, თავიდან მხოლოდ პროპელენტი გამოიფრქვეს და ქაფი არ წარმოიქმნას. პროპელანტის შესუნთქვამ, შესაძლოა, სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებში ლორწოვანი გარსებისა და სასუნთქი ორგანოების გაღიზიანება გამოიწვიოს.
შესასხმელად ბოთლი დაზიანებული ადგილიდან 10-20 სანტიმეტრ მანძილზე უნდა მიიტანოთ და თავს ნაზად დააწვეთ 1-2 წამის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ სახეზე პანთენოლი პირდაპირ არ შეისხუროთ — უმჯობესია, ქაფი ხელზე დაისხათ და სახის კანზე ასე გადაანაწილოთ. ასევე არ უნდა შეისხუროთ პრეპარატი თვალებში, პირში ან ცხვირში (ამ შემთხვევაში ადგილი სწრაფადვე უნდა მოიბანოთ წყლით).
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ; ასევე, იგი 50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა შეინახოთ. როცა მკურნალობას დაასრულებთ, კონტეინერი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადააგდოთ, როცა გაზი შიგნიდან სრულად გამოვა. საგულისხმოა, რომ კონტეინერის შიგთავსი აალებადია.

აეროზოლის გარდა, პანთენოლი კრემის (7% ან 5% შემცველობით), გელის, ცხვირის სპრეისა (ნიამარინი პანთენოლი) და ტუჩის ბალზამის ფორმითაც შეიძლება შეგვხვდეს აფთიაქებში. ხელმისაწვდომია ასევე ბორო პლუსი პანთენოლის შემცველობით.
პრეპარატის თითოეული ეს ფორმა ერთმანეთისგან დიდწილად ტექსტურით, გამოყენების არეალითა და შედგენილობით განსხვავდება. მაგალითად, პანთენოლის გელი კრემთან შედარებით თხელი ტექსტურისაა; პანთენოლი ტუჩის “ბალმის” ფორმით, შესაძლოა, პირის ლორწოვანი გარსისთვის მეტად უსაფრთხო დამხმარე ნივთიერებებს შეიცავდეს.
თითოეული ეს საშუალება ერთმანეთისგან დამატებითი ნივთიერებებითაც განსხვავდება. მათი გამოყენების უკუჩვენება ალერგიაა რომელიმე კომპონენტის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პრეპარატის გამოყენებამდე მისი დეტალური შედგენილობა ანოტაციაში გადაამოწმოთ ან ექიმს ჩაეკითხოთ.
ცხადია, განსხვავებულია ფასებიც პანთენოლის თითოეული ფორმის შემთხვევაში. მაგალითად, პანთენოლის კრემის ფასი შეიძლება აეროზოლის ღირებულებისგან განსხვავებული იყოს. გარდა წარმოებისა (დექსპანთენოლის შემცველ საშუალებებს არაერთი ბრენდი თუ ქვეყანა აწარმოებს), ეს სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეც არის დამოკიდებული.
პანთენოლის მოძიებასა და მსგავსი დეტალების გადამოწმებას PSP-ს ონლაინაფთიაქში შეძლებთ.
5 ივლ 2025