რა შემთხვევაში შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტი და როგორ გამოვიყენოთ სწორად
9 ივნ 2025

ორსულობის ტესტი არის მარტივი და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური საშუალება, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა ქალი ორსულად. ტესტი შარდში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) ჰორმონის აღმოჩენის პრინციპით მუშაობს. ეს ჰორმონი ნაყოფის მუცლად ყოფნის დაწყებისთანავე, ემბრიონის ჩასახვიდან რამდენიმე დღეში წარმოიქმნება.
ორსულობის ტესტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მათ შორისაა:
თუ გსურთ, ტესტმა ორსულობა რაც შეიძლება ადრე გამოავლინოს, მაშინ შეგიძლიათ ორსულობის ყველაზე მგრძნობიარე ტესტი შეარჩიოთ, რომელიც შარდში hCG-ის უმცირეს კონცენტრაციასაც კი აფიქსირებს. მაგალითად, ასეთია ორსულობის ტესტი Midstream-ი, რომელიც ადვილად გასარჩევ შედეგს 3-5 წუთში უზრუნველყოფს და შეუძლია hCG ჰორმონის ყველაზე დაბალი დონეები აღმოაჩინოს.

ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა: ორსულობის ტესტი რამდენ დღეში აჩვენებს შედეგს? აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ტესტს ორსულობის გამოვლენა მენსტრუალური ციკლის დაგვიანებიდან 1–2 დღის შემდეგ შეუძლია. თუმცა, ყველაზე მგრძნობიარე ორსულობის ტესტი ზოგჯერ ნაყოფის ჩასახვას ციკლის გადაცდენამდე რამდენიმე დღით ადრეც კი აფიქსირებს.
მეორე შეკითხვა კი უკავშირდება იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ორსულობის ტესტი? პირველ რიგში, აუცილებელია, მწარმოებლის ინსტრუქცია გაითვალისწინოთ. ასევე, ტესტის გამოყენება სასურველია დილის შარდზე, რადგან ამ დროს მასში hCG-ის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.
ორსულობის ტესტის გამოყენება მარტივია. თუ ჩხირის ფორმის ტესტს იყენებთ, მაგალითად, როგორიცაა ორსულობის ტესტი Midstream-ი, შემდეგი ეტაპების გავლაა საჭირო: 1) ტესტის მომზადება, რაც შეფუთვის გახსნასა და ჩხირის ამოღებას გულისხმობს; 2) შარდის ნაკადში მოთავსება, ან შეგიძლიათ, ტესტი ჭიქაში შეგროვებულ შარდში მოათავსოთ (5-10 წამით). 3) შედეგის მოლოდინი, რაც საშუალოდ 3-5 წუთის განმავლოობაში გრძელდება, სანამ ტესტზე შედეგი გამოჩნდება. ორსულობის ტესტი დადებითია, თუ ორი ხაზი გამოიკვეთება. თუ ტესტი მხოლოდ ერთ ხაზს უჩვენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობა არ დადასტურდა.
რაც შეეხება ორსულობის ტესტ კასეტას, ამ შემთხვევაში შარდი სუფთა ჭურჭელში უნდა შეგროვდეს, რის შემდეგაც პიპეტის დახმარებით 4 წვეთი ტესტ-კასეტაზე სპეციალურად გამოყოფილ მიკრო-ფანჯარაზე უნდა მოთავსდეს. შედეგი მის მეზობლად განლაგებულ მიკრო-ფანჯარაზე აისახება. ორი გაფერადებული ხაზი ორსულობაზე მიანიშნებს, ერთი გაფერადებული ხაზი კი ნიშნავს, რომ ორსულად არ ხართ.
დაბოლოს, ორსულობის ციფრული ტესტი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა, ვინაიდან ტესტი რამდენიმე ჩხირს მოიცავს. ტესტის გამოყენებისთვის, პირველ რიგში შეფუთვა უნდა გახსნათ და ჩხირი ციფრულ ხელსაწყოსთან შეაერთოთ. ტესტის შთანთქმის ზონა რამდენიმე წამით უშუალოდ შარდის ნაკადში მოათავსეთ ან ჭიქაში შეგროვებულ შარდში ჩაყავით. შედეგისთვის მოცდა 3-5 წუთის განმავლობაში მოგიწევთ, სანამ ციფრულ ეკრანზე მინიშნება გამოჩნდება. თუ გამოისახა YES, ეს ნიშნავს, რომ ტესტმა hCG ჰორმონი დააფიქსირა, ანუ ორსულად ხართ. შესაბამისად, NO-ს გამოსახვა ნიშნავს, რომ ორსულობა არ დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ ხანდახან ორსულობის ტესტზე მკრთალი ხაზი ან ღია ფერი ჩნდება. ესეც დადებითად მიიჩნევა, ოღონდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჰორმონის დაბალ კონცენტრაციასთან, რის გამოც ხაზის ფერი შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს. მსგავს ვითარებაში, რამდენიმე დღეში, ტესტის განმეორებით გაკეთებაა რეკომენდებული.

გაითვალისწინეთ, რომ 100%-იანი სიზუსტით შედეგს ორსულობის ვერც ერთი ტესტი ვერ იძლევა. არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ტესტმა შესაძლოა არასწორი პასუხი აჩვენოს — იყოს როგორც ცრუ დადებითი, ასევე ცრუ უარყოფითი.
პირველ რიგში, შეიძლება შეცდომაში ტესტის დროზე ადრე ჩატარებამ შეგიყვანოთ. თუ ორგანიზმში hCG ჰორმონის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ტესტმა შესაძლოა ორსულობა ვერ „ამოიცნოს“ და ნეგატიური პასუხი აჩვენოს, მაშინაც კი, როცა ის რეალურად დაწყებულია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი გამოყენება. შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის დარღვევა, მაგალითად, ტესტზე არასაკმარისი შარდის მოხვედრა ან შედეგის არასწორად წაკითხვა განსაზღვრულ დროზე ადრე ან გვიან, სიზუსტეზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთ დროს შეცდომაში შესვლის რისკი იზრდება.
ამასთან, შეცდომის წყარო შეიძლება თავად ტესტიც გახდეს, მაგალითად, თუ ის ვადაგასულია ან შენახვის წესები დაცული არ არის. აქვე გეტყვით, რომ ორსულობის ტესტის შენახვა არ არის რეკომენდებული ძალიან ტენიან ან ცხელ პირობებში. შენახვის წესების დარღვევის შემდეგ ტესტის სიზუსტე საგრძნობლად მცირდება.
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ქალები, რომლებიც ჰორმონალურ მედიკამენტებს იღებენ. კერძოდ კი, hCG-ის შემცველ პრეპარატებზეა საუბარი, რომელთა შორის უშვილობის სამკურნალო საშუალებებიც გვხვდება. ასეთ შემთხვევებში ორგანიზმში ჰორმონის დონე ხელოვნურად იზრდება და ტესტმა შესაძლოა ცრუ დადებითი პასუხი აჩვენოს. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის მკურნალობის დროს შედეგის დასაზუსტებლად ექიმთან კონსულტაცია და სისხლის ანალიზია საჭირო. ეს უკანასკნელი ყველაზე სანდო შედეგს იძლევა.
9 ივნ 2025