რეოკონი — საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე პრეპარატი
8 ივლ 2025

მუცლის შებერილობა, აირები, სიმძიმე, დისკომფორტი მუცელში — სტრესული სამუშაო რეჟიმიდან, თუ არაბალანსირებული კვებიდან გამომდინარე ბევრისთვის ეს სიმპტომები შეიძლება ნაცნობია.
საკვების მონელების სირთულეს ყველა სხვადასხვაგვარად ებრძვის, ზოგი ცხოვრების წესის ცვლილებით, ზოგი გამოკვლევებითა და ექიმთან ვიზიტით. ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, სამხრეთ კორეაში წარმოებული — რეოკონია.
რეოკონი სააფთიაქო ქსელებში ტაბლეტების ფორმით არის ხელმისაწვდომი. რეოკონის ერთი ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს, დიმეტიკონს, ჰემიცელულაზასა და ხარის ნაღვლის ექსტრაქტს. დამხმარე ნივთიერებები კი შემდეგია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და სხვა. რეოკონის ერთი ტაბლეტი ნაწლავში ხსნადი გარსით არის დაფარული.
რეოკონში შემავალი პანკრეატინი პანკრეასის ფერმენტია, რომელიც ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში მონაწილეობს. ხოლო დიმეტიკონი, რომელიც ასევე პრეპარატის შედგენილობის ნაწილია, ნაწლავებში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობაზე ზემოქმედებს, მათ აერთიანებს და ასე უწყობს ხელს აირის გამოთავისუფლებას.
რეოკონი ფერმენტული და ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატების, ადსორბენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. პრეპარატი ექიმმა თქვენი ჩივილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით უნდა გამოგიწეროთ; რეოკონის ანოტაციაში კი შემდეგი ჩვენებებია ჩამოთვლილი: მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წინ, მუცლის შებერილობა, საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები (შეიძლება გამოწვეული იყოს ასაკით და /ან კბილის პროთეზით), ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია.
რაც შეეხება მიღების წესსა და დოზირებას, უნდა დაიცვათ ექიმის დანიშნულება. ანოტაციის მიხედვით კი, რეოკონი შეგიძლიათ მიიღოთ კვების შემდეგ, ან კვების დროს 1 ან 2 ტაბლეტი. გაითვალისწინეთ, რომ ტაბლეტი არ უნდა დაღეჭოთ.

რეოკონის მიღება დაუშვებელია, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ასევე, დაუშვებელია ანოტაციაში მითითებული დოზის გადაჭარბება. აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა.
თუ დაიწყეთ რეოკონის მიღება და ორი კვირის შემდეგ დადებითი ცვლილება არ შეინიშნება, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ანოტაციის მიხედვით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეოკონის მიღება უსაფრთხოა. დამატებითი ეჭვებისა და კითხვების შემთხვევაში კი ექიმს უნდა მიმართოთ.
თუკი დაიწყეთ რეოკონის მიღება და დაგეწყოთ პირის ღრუს, ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, გულისრევა, ან ტკივილი მუცლის არეში — ეს ჩვენებები პრეპარატის იშვიათი გვერდით მოვლენებია და მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება.
რეოკონის მიღებამდე დააკვირდით ვარგისობის თარიღს, თუ ვადა გასულია, დაუშვებელია მისი გამოყენება.
8 ივლ 2025