აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რესტორაფლორი — პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის

უკან

რესტორაფლორი — პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის

12 სექ 2025

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბაქტერიოზი და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკმაოდ გავრცელებული პრობლემებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. 

ნაწლავური მიკროფლორის ბალანსი არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად მუშაობისთვის, არამედ ორგანიზმის საერთო იმუნური დაცვის უნარის გასაუმჯობესებლად არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს პრობიოტიკებსა და პრებიოტიკებს, რომლებიც მიკრობიოცენოზის აღდგენასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია რესტორაფლორი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ლაქტო- და ბიფიდობაქტერიებს, ფრუქტოოლიგოსაქარიდებსა და B ჯგუფის ვიტამინებს. მისი კომპლექსური მოქმედება ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას უზრუნველყოფს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას აუმჯობესებს და ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს აძლიერებს.

რა შემთხვევაში იყენებენ რესტორაფლორს?

რესტორაფლორი რეკომენდებულია ნაწლავური მიკროფლორის აღდგენისა და ბალანსის შენარჩუნების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. პრეპარატი ეფექტიანია ვირუსული გასტროენტერიტის დროს, ასევე, როდესაც ნაწლავური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსი დარღვეულია ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ.

იგი გამოიყენება მწვავე ინფექციური დიარეის დროს, ასევე ალერგიული დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში, რადგან ნაწლავური ფლორის ნორმალიზება იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რესტორაფლორი სასარგებლოა მოგზაურთა დიარეის პრევენციისა და მკურნალობისთვისაც, როდესაც გარემოს ცვლილება და კვებითი ფაქტორები კუჭ-ნაწლავის დარღვევებს იწვევს.

პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი კვებით რეჟიმს იცვლის ან დიეტას იცავს, რაც ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტს იწვევს.

როგორ მოქმედებს პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებები? 

რესტორაფლორის აქტიური კომპონენტები ეფექტიანად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, მათ შორის ისეთ გავრცელებულ შტამებს, როგორებიცაა E. coli, Campylobacter jejuni, H. influenzae, Salmonella, Streptococcus, Shigella, Helicobacter pylori და Staphylococcus aureus.

ლაქტობაქტერიები, რომლებიც პრეპარატის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტებია, რძემჟავას წარმოქმნით ნახშირწყლების დაშლას უწყობენ ხელს. მიღებული მჟავე გარემო ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიფიდობაქტერიების ზრდისთვის — იმ მიკროორგანიზმებისთვის, რომლებიც ადამიანის ნორმალური ნაწლავური ფლორის 85–95%-ს შეადგენენ.

ლაქტობაქტერიები ნაწლავური ეკოსისტემის ძირითად ელემენტად მიიჩნევა, რადგან ისინი ფიზიოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლადაა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისბალანსი იჩენს თავს. რესტორაფლორში შემავალი ბაქტერიები გამძლე არიან როგორც კუჭის მჟავე გარემოს, ასევე ნაღვლის მჟავების მიმართ, რაც მათ საშუალებას აძლევს, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ეფექტიანად იმოქმედონ.

სასარგებლო ბაქტერიები ნაწლავის ბარიერულ როლს აუმჯობესებენ, რითაც ორგანიზმს პათოგენური მიკროორგანიზმების შემოჭრისგან იცავენ. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ავლენენ ანტაგონისტურ მოქმედებას იმ მიკრობების მიმართ, რომლებიც ხშირად კუჭ-ნაწლავის დარღვევებს იწვევენ.

პრეპარატის შედგენილობაში არსებული ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) პრებიოტიკის ფუნქციას ასრულებენ. კერძოდ, ისინი ქმნიან ნიადაგს ნორმალური მიკროფლორის გამრავლებისთვის და სასარგებლო ბაქტერიებით ნაწლავების კოლონიზაციას აჩქარებენ.

გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც რესტორაფლორში შედის, უჯრედების ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი, რადგან ფერმენტული სისტემების მუშაობაში მონაწილეობს. დისბალანსის დროს ნაწლავური ფლორის მიერ ვიტამინების ბუნებრივი გამომუშავება მცირდება, რის გამოც მათი დეფიციტის შევსება მნიშვნელოვანია.

 

რესტორაფლორი-მიღების-წესები.png

როგორ და რა დოზებით უნდა მივიღოთ რესტორაფლორი? 

რესტორაფლორის დოზირება ასაკის მიხედვით განსხვავდება:

  • ბავშვები 3 თვიდან 1 წლამდე – რეკომენდებულია 0.5-1 ფლაკონი დღეში.
  • 1 წლიდან 12 წლამდე – 1 ფლაკონი ერთხელ დღეში.
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1-2 ფლაკონი დღეში ერთხელ.

პრეპარატის მიღება სასურველია დილით, უზმოზე ან კვებებს შორის პერიოდში. გამოყენებამდე ფლაკონის სახურავი უნდა შემობრუნდეს საათის ისრის მიმართულებით ისე, რომ სახურავში მოთავსებული კაფსულის შიგთავსი, რესტორაფლორის ფხვნილი, ფლაკონში არსებულ სითხეს შეერიოს. შემდეგ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

გაითვალისწინეთ, რომ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში რესტორაფლორის გამოყენება სასურველია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პსპ-ს აფთიაქებში აღნიშნული პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა. ერთ შეკვრაში რესტორაფლორის 10 ფლაკონია.

როგორია რესტორაფლორი ჯუნიორის მიღების წესი და დოზირება 

რესტორაფლორი ჯუნიორი სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნილი. ის 1 წლის ასაკიდანაა რეკომენდებულია. მისაღები დღიური დოზა 1-4 საშეტს შეადგენს. თითოეული საშეტი დაახლოებით 200 მლ წყალში იხსნება. გაითვალისწინეთ, პრეპარატი წყალს კარგად უნდა შეერიოს, სანამ მთლიანად არ გაიხსნება.

მკურნალობის დაწყებისას სასურველია მცირე რაოდენობების ხშირი მიღება. 2 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზის მიღება ყოველ 1-2 წუთში, ხოლო 2 წლის ზემოთ უკვე შესაძლებელია მოცულობის გაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღებინებს, საჭიროა პრეპარატის მიღება 10 წუთით შეწყდეს და შემდეგ კვლავ განახლდეს.

თუ ბავშვს ქუთუთოების შეშუპება აღენიშნება, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მიღებიდან პირველ ოთხ საათში სხვა სითხის ან საკვების მიცემა რეკომენდებული არ არის.

რესტორაფლორი ჯუნიორი პსპ-ს აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა. ერთ შეფუთვაში საბავშვო რესტორაფლორის 12 პაკეტია.

12 სექ 2025