აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რისი წამალია სპაზმომენი — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე

უკან

რისი წამალია სპაზმომენი — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე

8 ივლ 2025

სპაზმომენი- - სპაზმომენი ტაბლეტი

გაწუხებთ მუცლის ტკივილი, შებერილობა, ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? შესაძლოა, ამ ჩვენებების საპასუხოდ თქვენმა მკურნალმა ექიმმა სპაზმომენი დაგინიშნოთ.  

მედიკამენტი სპაზმოლიტიკების ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ პრეპარატების, რომლებიც გლუვი კუნთების სპაზმს ამცირებენ. ასეთი კუნთები კი კუჭ-ნაწლავში, შარდ-სასქესო და ნაღვლის გზებში გვხვდება. შესაბამისად, ამ სისტემების სპაზმური ტკივილების დროს გამოიყენება ეს მედიკამენტიც.  

გერმანული წარმოშობის მედიკამენტი ქართულ სააფთიაქო ქსელებში ტაბელტების ფორმით იყიდება — სპაზმომენი 40 მგ. 

თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი 40 მგ ოტილონიუმის ბრომიდს შეიცავს, სხვა დამხმარე ნივთიერებებთან ერთად. სპაზმომენი ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოთ, ამ ბლოგში კი, გაგაცნობთ, ანოტაციის მიხედვით, რისთვის გამოიყენება ეს მედიკამენტი და რა ინსტრუქცია მოჰყვება. 

 

ჩვენებები — როდის ინიშნება პრეპარატი

გაითვალისწინეთ, რომ სპაზმომენი 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. ჩვენება კი შესაძლოა იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს), ნაწლავის დისტალური ნაწილის (კოლინჯისა და სწორი ნაწლავის) მტკივნეული სპაზმი, აბდომინური ტკივილი, მუცლის შებერილობა, ნაწლავის მოტორიკის დარღვევები, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაწლავის დისტალური ნაწილის გლუვი მუსკულატურის სპაზმით.

ანოტაციის მიხედვით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მედიკამენტებით მკურნალობის დაწყება მას შემდეგ არის ნებადართული, თუ მანამდე არაფარმაკოლოგიურმა ცვლილებებმა, როგორიცაა დიეტა, ცხოვრების წესის შეცვლა, ფსიქოთერაპია, ემოციური მხარდაჭერა — ვერ გამოიღო შესაბამისი შედეგი. 

 

სპაზმომენი შებერილობა

როგორია სპაზმომენის ინსტრუქცია — მიღების წესი

წამალი სპაზმომენი ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ, შესაბამისად მიღების წესი და ინსტრუქციაც ინდივიდუალური, თქვენზე მორგებულად გექნებათ. 

სპაზმომენის ანოტაციაში კი ვკითხულობთ, რომ ერთჯერადი, რეკომენდებული დოზა ერთი ტაბლეტი — 40 მგ-ია.  სადღეღამისო დოზად კი რეკომენდებულია 120 მგ, ანუ  ერთ ტაბლეტი 3-ჯერ 24 საათის განმავლობაში. 

დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩივილებზე,  მკურნალობის მიმართ რეაგირებაზე. მედიკამენტი ინიშნება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის პრინციპების შესაბამისად. სპაზმომენის ტაბლეტი მიიღება მთლიანად, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით, საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ექიმებმა დროგამოშვებით, პაციენტზე დაკვირვებით უნდა შეაფასონ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა.

სპაზმომენის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები 

მედიკამენტის მიღებამდე დეტალურად გაეცანით სპაზმომენის შედგენილობას, რადგანაც თუკი რომელიმე მოქმედი, ან დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული გაქვთ მგრძნობელობა, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ. არც 18 წლამდე პედიატრიული პროფილის პაციენტებმა უნდა მიიღონ სპაზმომენი.

გაითვალისწინეთ, რომ სპაზმომენი შეიცავს ლაქტოზას. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ თუკი. გაქვთ გალაქტოზის აუტანლობით გამოწვეული იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია, ლაქტოზის დეფიციტი, ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.

ასევე სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ სპაზმომენი პაციენტებმა, რომელთაც აქვთ გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია და პილოროსტენოზი. 

რაც შეეხება ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდს, ამ დროს სპაზმომენი რეკომენდებული არ არის. ამ მდგომარეობაში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკური კვლევებისას პრეპარატის აქტიური ნივთიერება, ოტილონიუმის ბრომიდი, კარგად აიტანებოდა და იშვიათად ვლინდებოდა გვერდითი მოვლენები. მათ შორის გამოვლინდა: თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის ზედა არეში, პირის სიმშრალე, გულისრევა, ქავილი, ვერტიგო, დაღლილობა თუ ასთენია. 

თუ პრეპარატის მიღების დროს რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ, აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

8 ივლ 2025