სალბი — პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ
5 აგვ 2025

სალბი მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც საქართველოში იწარმოება. ის ფოთლებისა და საწუწნი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და PSP-ს აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
მცენარეული ნედლეული, 50-გრამიანი დოზით, პოლიეთილენის პარკსა და მუყაოს კოლოფშია მოთავსებული. სალბის საწუწნი ტაბლეტი კი მოთავსებულია ბლისტერზე და ალუმინის ფოლგით არის დაფარული. ბლისტერზე 12 ტაბლეტია, კოლოფში კი 1 ან 2 ბლისტერია.
საწუწნი ტაბლეტები სალბი + ვიტამინი C-ს სავაჭრო დასახელებით არის ხელმისაწვდომი. ის შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: სალბის ექსტრაქტი – 50 მგ, სალბის ზეთი – 6 მგ და ასკორბინის მჟავა – 20 მგ. დამხმარე კომპონენტებად გამოყენებულია ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა და წყალი.
როგორც სალბის ფოთლები, ასევე მისი საწუწნი ტაბლეტები (სალბი C ვიტამინით) პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, დამხმარე საშუალების სახით გამოიყენება. მათ შორის მცენარული წარმოშობის პრეპარატს მიმართავენ ანგინის, ფარინგიტის, ლარინგიტისა და ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების, სტომატიტისა და გინგივიტის დროს.
აღსანიშნავია, რომ სალბის ფოთლები მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, ორგანულ მჟავებსა და ვიტამინებს შეიცავს. სალბის ფოთლების ექსტრაქტს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიური და შემომგარსველი მოქმედება გააჩნია. ეს ნივთიერებები ერთობლივი ძალებით მტკივნეული და გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის დამშვიდებას და ადგილობრივი ანთების შემცირებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული მცენარე გინეკოლოგიაშიც გამოიყენება. კერძოდ, გინეკოლოგიური დაავადებების დროს ეფექტიანია სალბის თბილი დასაჯდომი აბაზანები.
გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, სალბი კულინარიაშიც აქტიურად გამოიყენება, როგორც სუნელი.
სალბის ფოთლების ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა 10 გრამი (დაახლოებით 3 სუფრის კოვზი) ნედლეული. იგი ემალირებულ ჭურჭელში უნდა მოათავსოთ და 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი დაასხათ. ამის შემდეგ ჭურჭელს თავსახური დააფარეთ და ის მდუღარე წყლის აბაზანაში მოათავსეთ, სადაც ნარევი 15 წუთის განმავლობაში უნდა გათბეს.
ამის შემდეგ ნაყენი უნდა გადმოდგათ, ოდნავ გააცივოთ და გაფილტროთ. დარჩენილი მცენარეული მასა გადაწურეთ, ხოლო მიღებულ სითხეს ანადუღარი წყალი დაუმატეთ, რათა საწყისი მოცულობა – 200 მლ – აღდგეს.
ნაყენს იყენებენ ადგილობრივად, სავლების სახით. რეკომენდებულია ½-1 ჭიქა ნაყენის გამოყენება დღეში 3-5-ჯერ თბილი სახით. გამოყენებამდე ნაყენი აუცილებლად უნდა შეინჯღრეს.

სალბი საწუწნი ტაბლეტების სახით მიიღება 1 ერთეულის ოდენობით ყოველ 2-3 საათში. გაითვალისწინეთ, რომ დღიური დოზა 4 ტაბლეტს არ უნდა აღემატებოდეს. ტაბლეტი პირში სრულ გაწოვამდე უნდა შენარჩუნდეს. არ შეიძლება მისი დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის გაგრძელება ან კურსის განმეორება ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სალბის მცენარეული პრეპარატის სიფრთხილით გამოყენებაა რეკომენდებული. მისი მიცემა დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას უნდა მოერიდონ პირები, რომლებსაც პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.
სალბის საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) შემცველობა, რათა მისი გადაჭარბებით მიღება თავიდან იქნას აცილებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარალელურად ვიტამინების შემცველი პრეპარატებითაც სარგებლობთ. ერთი ტაბლეტი 20 მგ ასკორბინის მჟავას შეიცავს, მაშინ როცა მოზრდილი ადამიანისთვის ვიტამინი C-ს რეკომენდებული დღიური დოზა 70-100 მგ-ს შეადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყოველდღიურ დოზას არ გადააჭარბოთ, თუ სხვა პოლივიტამინებსაც იღებთ.
რაც შეეხება მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს, სალბის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები განვითარდეს, თუმცა ეს თავს ყველა პაციენტის შემთხვევაში არ იჩენს.
5 აგვ 2025