აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სალბუტამოლი — ბრონქული ასთმისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას სუნთქვის გასაუმჯობესებლად

უკან

სალბუტამოლი — ბრონქული ასთმისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას სუნთქვის გასაუმჯობესებლად

7 აგვ 2025

ბრონქული ასთმისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებებისას სუნთქვის გასაუმჯობესებლად

 

სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით კი ბრონქული ასთმა და ფილტვის დაავადებები, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანს აწუხებს. მათი მართვისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალება სალბუტამოლია. ის გამოიყენება როგორც შეტევის შემთხვევაში, ასევე პრევენციულად — ალერგენებთან შეხების ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე განვითარებული სპაზმების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

პსპ-ში სალბუტამოლი ტაბლეტებისა და აეროზოლის ფორმით არის ხელმისაწვდომი. როგორც პერორალურად მისაღები ტაბლეტი, ასევე დოზირებული საინჰალაციო აეროზოლი აფთიაქებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისთვის გამოიყენება სალბუტამოლი? 

სალბუტამოლის ტაბლეტები გამოიყენება ბრონქოსპაზმის შეტევის სწრაფად შესაჩერებლად და მისი პროფილაქტიკის მიზნით როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. პრეპარატი ასევე ინიშნება ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების შემთხვევაში, როდესაც პროცესს თან სდევს ბრონქოობსტრუქციული სინდრომი. სალბუტამოლის მოქმედება ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს.

რაც შეეხება სალბუტამოლის ინჰალაციას, ისიც ძირითადად ბრონქული ასთმის მართვისთვის გამოიყენება. აეროზოლი ასთმის შეტევების კურპირებას ახდენს, მათ შორის მძიმე მიმდინარეობის დროსაც, და ასევე პროფილაქტიკური მიზნებით გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ბრონქოსპაზმი გამოწვეულია ალერგენებთან კონტაქტით ან ფიზიკური დატვირთვით. სალბუტამოლის სპრეი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასთმის ხანგრძლივ შემანარჩუნებელ თერაპიაში, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი.

გარდა ამისა, სალბუტამოლის აეროზოლი ინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, როდესაც სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციაა დამახასიათებელი. იგი ასევე ეფექტიანია ქრონიკული ბრონქიტისა და ფილტვების ემფიზემის დროს, ხელს უწყობს სასუნთქ გზებში ჰაერის გამავლობის გაუმჯობესებას და სუნთქვის გაძნელების სიმპტომებს ხსნის.

როდის შევიკავოთ თავი პრეპარატის გამოყენებისგან? 

გაითვალისწინეთ, სალბუტამოლი უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, ფეოქრომოციტომისა და ორსულობის I და II ტრიმესტრის დროს.

გარდა ამისა, სალბუტამოლი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, ვისაც ტაქიარითმია, მიოკარდიტი, გულის მანკი (მათ შორის აორტის სტენოზი), არტერიული ჰიპოტონია, შაქრიანი დიაბეტი, გულის მწვავე უკმარისობა ან გლაუკომა აწუხებს.

როგორც აღვნიშნეთ, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ხოლო ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტას საჭიროებს, რათა ახალშობილის ჯანმრთელობას რისკი არ შეექმნას.

ამასთან, სალბუტამოლი ტაქიარითმიის განვითარების რისკს ზრდის და შესაძლოა ჰიპოკალიემია გაამწვავოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი დიურეზულ ან გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან ერთად ინიშნება. შესაბამისად, მკურნალობის დროს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგია საჭირო. 

 

სალბუტამოლი ფასი

სალბუტამოლის ტაბლეტების მიღების წესი და დოზირება 

სალბუტამოლის ტაბლეტური ფორმა მიიღება პერორალურად და მისი დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე. მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს სალბუტამოლის 2-4 მგ-ს, ხოლო არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა მაქსიმუმ 8 მგ-მდე.

ბავშვებში დოზა განსხვავდება ასაკის მიხედვით: 2-დან 6 წლამდე ინიშნება 1-2 მგ ერთ მიღებაზე, 6-დან 12 წლამდე — 2 მგ, ხოლო 12 წლის ასაკიდან — 2-4 მგ. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით, სალბუტამოლის 2 მგ-ით.

სალბუტამოლი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში 3-4-ჯერ რეგულარული შუალედებით. ექიმის რეკომენდაციის გარეშე დოზის თვითნებური შეცვლა დაუშვებელია.

პსპ-ში სალბუტამოლის 4 მგ-იანი ტაბლეტებია წარმოდგენილი. ერთ შეფუთვაში კი 40 ტაბლეტია.

საინჰალაციო აეროზოლის დოზირება

დოზირებული აეროზოლი სალბუტამოლი განკუთვნილია მხოლოდ ინჰალაციური გზით, პირის ღრუში შესასუნთქად, სპეციალური საინჰალაციო მოწყობილობის გამოყენებით. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ბალონის ენერგიული შენჯღრევა, რათა პრეპარატის თანაბარი განაწილება მოხდეს.

მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში, ბრონქოსპაზმის შეტევის კუპირების მიზნით რეკომენდებულია 100–200 მკგ დოზა (1–2 ინჰალაცია).

პროვოცირებული სპაზმის პრევენციისთვის (ალერგენების ზემოქმედება ან ფიზიკური დატვირთვა) რეკომენდებულია 200 მკგ (2 ინჰალაცია), რომელიც უნდა ჩატარდეს 10–15 წუთით ადრე მაპროვოცირებელ ფაქტორთან კონტაქტამდე. ხანგრძლივი, შემანარჩუნებელი თერაპიისთვის რეკომენდებული დოზაა 200 მკგ-მდე (2 ინჰალაცია) 4-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში დოზირება მსგავსია: ბრონქოსპაზმის კუპირების და პრევენციის შემთხვევაში გამოიყენება 100–200 მკგ (1–2 ინჰალაცია), ხოლო ხანგრძლივი თერაპიისას — მაქსიმუმ 200 მკგ 4-ჯერ დღეში.

გაითვალისწინეთ, სალბუტამოლის საინჰალაციო ფორმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მკგ-ს (8 ინჰალაცია).

სალბუტამოლის ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია

პირველ გამოყენებამდე აუცილებელია ინჰალატორის ფუნქციონირების შემოწმება: მოხსენით მუნდშტუკის თავსახური, შეანჯღრიეთ ბალონი და გამოუშვით ერთი ან რამდენიმე ნაკადი ჰაერში, სანამ დარწმუნდებით, რომ მოწყობილობა გამართულად მოქმედებს (დოზირების ინდიკატორით აღჭურვილი მოდელების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ინდიკატორი აჩვენებს სწორ რაოდენობას).

გამოყენების შემდგომი ეტაპებია:

  1. მოხსენით თავსახური.
  2. დაათვალიერეთ მუნდშტუკი შიგნიდან და გარედან უცხო ნაწილაკების არსებობის შესამოწმებლად.
  3. კვლავ შეანჯღრიეთ ბალონი.
  4. დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად, ცერა თითით ფუძეზე.
  5. ღრმად ამოისუნთქეთ, მოათავსეთ მუნდშტუკი პირში და შემოაჭდეთ ტუჩები.
  6. ჩასუნთქვის დასაწყისში დააჭირეთ ინჰალატორის წვეროს და განაგრძეთ ნელი, ღრმა ჩასუნთქვა.
  7. გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა რამდენადაც შეგიძლიათ.
  8. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა 30 წამის შემდეგ.
  9. პროცედურის დასრულების შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი და გადაღვარეთ.
  10. გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური სწორად, ზედმეტი ძალის დატანების გარეშე.

მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესრულების დროს დაუშვებელია აჩქარება. ეტაპების შესრულებისას — მნიშვნელოვანია ნელი და კონტროლირებადი ჩასუნთქვა. სასურველია პირველ ჯერზე პრაქტიკა სარკესთან გაიაროთ, რათა პრეპარატის ნაწილაკების პირის კიდეებიდან გაჟონვა თავიდან იქნას აცილებული. ამ შემთხვევაში პროცედურის თავიდან განმეორება მოგიწევთ.

სპეციალურ შემთხვევაში, მაგალითად ბავშვებში, ინჰალატორის სწორად გამოყენებაში უნდა ჩაერთოს მშობელი ან მზრუნველი პირი. ბავშვებს დამოუკიდებლად გამოყენება უჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დახმარება, განსაკუთრებით ჩასუნთქვისა და სპრეის გამოფრქვევის კოორდინაციაში.

აქვე დაიმახსოვრეთ, ინჰალატორის ჰიგიენა აუცილებელია და უნდა ჩატარდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ. ბალონი არ უნდა გამოეყოს პლასტმასის ბუდეს. გაწმენდა ხდება მშრალი ჩვრით ან ბამბის ტამპონით როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირის შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული ბალონის წყალში ჩადება.

რაც შეეხება დამატებით მითითებებს, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სპეისერის მეშვეობით, რაც ამარტივებს ინჰალაციის პროცესს ბავშვებსა და იმ პირებში, რომლებსაც უჭირთ ჩასუნთქვასა და სპრეის აქტივაციას შორის სინქრონიზაციის დაცვა.

თუ პაციენტს ექიმმა მისცა განსხვავებული ინსტრუქციები, აუცილებელია სწორედ იმ რეკომენდაციების დაცვა. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სირთულის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

 

სალბუტამოლი საინჰალაციო აეროზოლი

პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

სალბუტამოლის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა, რომელთა გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და დოზაზეა დამოკიდებული.

გვერდით ეფექტებს შორისაა ტაქიკარდია და გულისცემის შეგრძნება, რაც სალბუტამოლის ბეტა-ადრენომიმეტურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს არტერიული ჰიპოტენზია.

ასევე გვერდით მოვლენებს შორის აღწერილია პერიფერიული სისხლძარღვების დროებითი გაფართოება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება ან დიარეა, თუმცა ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროებითია და უმეტესად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ნერვული სისტემის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს გაღიზიანებადობა ან ძილის დარღვევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას. კანის კუთხით მოსალოდნელია გამონაყარი, ქავილი, იშვიათად კი – ანგიონევროზული შეშუპება, რაც წარმოადგენს ალერგიული რეაქციის ერთ-ერთ ფორმას და საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას.

ამგვარი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის დოზის ან გამოყენების რეჟიმის გადახედვა.

7 აგვ 2025