
დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე თანხმდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მენტალური დაავადებები თუ შედარებით მსუბუქი ხასიათის ფსიქიკური პრობლემები მკვეთრად აუარესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს, გვიშლის ხელს ყოველდღიური საქმეების შესრულებაში და ზოგჯერ სომატურ ჩივილებსაც კი იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია არ უგულებელვყოთ ფსიქიკური ხასიათის სიმპტომები და დროულად დავიწყოთ მათი მკურნალობა და მართვა.
მენტალური დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიკამენტურ მკურნალობას. საბედნიეროდ, დღეს ბაზარზე მრავალი ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატია ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ასეთი წამალია სევპრამი, რომელსაც ბლოგში დეტალურად გაგაცნობთ.
რა არის სევპრამი?
სევპრამი ფსიქოტროპულ მედიკამენტს წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილია ფსიქოემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი აქტიური ნივთიერებაა ესციტალოპრამი – ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი (SSRI). ამ კლასის წამლები გამოიყენება დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სევპრამი ტვინში სეროტონინის დონეს არეგულირებს, კონკრეტულად კი, აუმჯობესებს მის გადაცემას ტვინის ნერვულ ქსელში. სეროტონინი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონია, რომელიც უმნიშვნელოვანესია განწყობისთვის, ძილისთვის, მადისთვის მეხსიერებისთვის და, ზოგადად, ემოციური სტაბილურობისთვის. სწორედ ამიტომ, როდესაც ტვინში სეროტონინის დონე ან აქტივობა დაბალია, ადამიანი შეიძლება შეაწუხოს დეპრესიამ ან შფოთვამ.
როდის ინიშნება მედიკამენტი?
სევპრამი ინიშნება შემდეგი ფსიქიკური დაავადებების დროს:
- დიდი დეპრესიული აშლილობა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება მუდმივი დეპრესიული განწყობით, ენერგიის ნაკლებობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, ინტერესისა და სიამოვნების შეგრძნების დაკარგვით და ზოგჯერ სუიციდური აზრებითაც.
სევპრამის რეგულარული მიღება ხელს უწყობს სიმპტომების შემცირებას, პაციენტის სოციალურ და პროფესიულ რეაბილიტაციას და განმეორებითი დეპრესიული ეპიზოდების პრევენციას.
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა – ამ მდგომარეობის დროს ადამიანი განიცდის ქრონიკულ და გადაჭარბებულ შფოთვას ყოველდღიური ცხოვრების ზოგადი საკითხების მიმართ, როგორებიცაა სამსახური, ოჯახი, ფინანსები ან ჯანმრთელობა. ეს შფოთვა, როგორც წესი, არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სტრესორს.
სევპრამი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პრეპარატად გენერალიზებული შფოთვის სამკურნალოდ. იგი ამცირებს დაძაბულობას, შინაგან შფოთვას, მოუსვენრობას და ისეთ ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა ხშირი გულისცემა, ოფლიანობა ან დაჭიმულობა.
- პანიკური აშლილობა – ხასიათდება მოულოდნელი და განმეორებადი პანიკური შეტევებით, რომლებიც ვლინდება ძლიერი შფოთვითა და ისეთი ფიზიკური სიმპტომებით, როგორებიცაა გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, კანკალი, შიშის გრძნობა, გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა. ასეთ დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ გულის შეტევა ემართება ან კვდება.
პანიკური აშლილობის დროს სევპრამი ამცირებს შეტევების სიხშირეს და სიმწვავეს, ასევე აფერხებს მათ განვითარებას.
- სოციალური შფოთვითი აშლილობა – სოციალური შფოთვის დროს ადამიანს აწუხებს ინტენსიური შიში ან დისკომფორტი სოციალურ სიტუაციებში ყოფნისას, იქნება ეს საუბარი უცნობ პირებთან, საჯაროდ გამოსვლა ან სხვების ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სევპრამი ეხმარება შეამცირონ შფოთვა და გადაჭარბებული თვითკრიტიკა, გაზარდონ თავდაჯერებულობა და თავისუფლად ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში.
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ზოგჯერ) – ის მოიცავს შემაწუხებელ, გამუდმებულ ფიქრებს (ობსესიებს) და რიტუალურ ქმედებებს (კომპულსიებს), რომლითაც ადამიანი შფოთვასთან დროებით გამკლავებას ცდილობს. ზოგიერთ ქვეყანაში სევპრამი ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლადაც ინიშნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტს თანმხლები დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა აწუხებს.

როგორია სევპრამის მიღების წესები
სევპრამი ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, როგორც წესი, შემდეგი დოზებით:
- 5 მგ – ხშირად გამოიყენება მკურნალობის დასაწყებად ან დოზის ეტაპობრივი გაზრდისთვის, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმულებში).
- 10 მგ – ყველაზე გავრცელებული საწყისი დოზა.
- 20 მგ – ჩვეულებრივ გამოიყენება, როცა 10 მგ-ით მიღწეული ეფექტი არასაკმარისია.
დოზის შერჩევა ხდება სიმპტომების სიმწვავის, პაციენტის წონის, ასაკისა და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საჭიროა პაციენტის მონიტორინგიც – მისი ფსიქიკური მდგომარეობის და გვერდითი მოვლენების შეფასება.
ტაბლეტები მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე, რადგან საჭმელი არ მოქმედებს მედიკამენტის აბსორბციაზე.
რეკომენდაციები პრეპარატის მიღებისას
- სევპრამის დალევა სასურველია ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მოხდეს. ეს ეხმარება ორგანიზმს სტაბილურ რეჟიმში მუშაობაში და ამცირებს დოზის გამოტოვების რისკს.
- თუ დაგავიწყდათ ერთი დოზა, არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა მომდევნო დღეს. უბრალოდ გააგრძელეთ ჩვეულებრივი გრაფიკით.
- სევპრამის მოქმედება არ იგრძნობა მომენტალურად. მას სჭირდება დრო, რომ შეამციროს შფოთვა და გააუმჯობესოს განწყობა.
რამდენად სწრაფად იწყებს სევპრამი მოქმედებას?
პრეპარატი მიეკუთვნება იმ ფსიქოტროპული მედიკამენტების რიცხვს, რომლებიც მოქმედებენ თანდათანობით. შედეგად, სევპრამი:
- 2-4 კვირაში ამცირებს შედარებით მსუბუქ შფოთვით სიმპტომებს.
- 5-6 კვირის შემდეგ მკვეთრად აუმჯობესებს დეპრესიულ სიმპტომებს.
- 8 კვირის შემდეგ ხსნის განსაკუთრებით მძიმე ან ქრონიკული აშლილობებით გამოწვეულ ჩივილებს.
საგულისხმოა, რომ ზოგი პაციენტი პირველ კვირებშივე ამჩნევს გარკვეულ ცვლილებებს, როგორებიცაა შფოთვის შემცირება, ემოციური ფონის გაუმჯობესება, უკეთესი ძილი, ენერგიის დონის მომატება და სხვა. თუმცა მკურნალობის საწყის ეტაპზე შფოთვა შეიძლება დროებით გაძლიერდეს კიდეც, რაც წამალთან ტვინის ადაპტაციით არის განპირობებული.
რატომ არ უნდა შეწყვიტოთ სევპრამის მიღება თვითნებურად?
პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების დაბრუნება ან გაუარესება. ასევე, ზოგჯერ ვითარდება ე.წ. აღკვეთის სინდრომი, რომლის კლინიკური ნიშნებია თავბრუსხვევა, გაღიზიანება, შფოთვა, ოფლიანობა, ძილის პრობლემები, ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნებები.
თუ მკურნალობის ეფექტს ვერ გრძნობთ ან გაწუხებთ გვერდითი მოვლენები, პრეპარატის თვითნებურად შეწყვეტამდე აუცილებელია, გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.
როგორი შეიძლება იყოს პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა
სევპრამით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. ზოგადად, ითვლება, რომ:
- პირველ ეპიზოდზე მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 6 თვე იმისთვის, რომ თავი არ იჩინოს რეციდივმა.
- ქრონიკული ან განმეორებადი დეპრესიის ან შფოთვის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება 1 წლამდე ან მეტი.
- ზოგჯერ საჭიროა გრძელვადიანი თერაპია, განსაკუთრებით თუ პაციენტს წარსულში უკვე ჰქონდა ფსიქიკური აშლილობის რამდენიმე ეპიზოდი.
როგორი შეიძლება იყოს პრეპარატის გვერდითი მოვლენები
სევპრამის გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის პირველ დღეებში და ხშირ შემთხვევაში დროებითია.
მსუბუქი გვერდითი ეფექტები მოიცავს:
- გულისრევას – განსაკუთრებით წამლის მიღების დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში
- ძილიანობას ან უძილობას – ზოგი პაციენტი გრძნობს დღისით დაღლილობას, ზოგს კი აწუხებს ღამით ძილის პრობლემები
- შფოთვას – როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტი ზოგჯერ მკურნალობის დასაწყისში აძლიერებს შფოთვას
- თავბრუსხვევას
- შეცვლილ მადას ან წონის ცვლილებას
- პირის სიმშრალეს
- სექსუალურ დარღვევებს – როგორებიცაა ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის დაყოვნება ან ერექციული პრობლემები
იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენებია:
- სეროტონინის სინდრომი – ეს არის საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ტვინში სეროტონინის დონე ზედმეტად მატულობს. მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, კუნთების სპაზმები, აღგზნება, ძილიანობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას
- სუიციდური აზრები ან ქცევა – შეიძლება თავი იჩინოს განსაკუთრებით თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში მკურნალობის დაწყების პირველ კვირებში
- კრუნჩხვები – იშვიათია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა
- გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი – გულის რიტმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით საფრთხილოა კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში
მედიკამენტის უკუჩვენებები — რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე
სევპრამს, როგორც ყველა მედიკამენტს, გააჩნია უკუჩვენებები, როცა მისი მიღება აკრძალულია ან საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
სევპრამის მიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია ესციტალოპრამზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე – ამ შემთხვევაში ნებისმიერი კონტაქტი მედიკამენტთან საფრთხის შემცველია
- მკურნალობა MAO ინჰიბიტორებით – მატულობს სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის. სევპრამის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ინჰიბიტორების მოხმარების შეწყვეტა მინიმუმ 14 დღით ადრე
- გულის რიტმის სერიოზული დარღვევები – იზრდება გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის განვითარების რისკი
- კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება
- ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები – საჭიროებს დოზის შემცირებას ან ალტერნატიული მკურნალობის შერჩევას
შემთხვევები, რომელთა დროსაც აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი:
სევპრამის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სევპრამი შესაძლოა ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მედიკამენტებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ექიმს აცნობოთ ყველა იმ წამლის შესახებ, რომლებსაც იღებთ. მათ შორისაა:
- სხვა ანტიდეპრესანტები – განსაკუთრებით MAO ინჰიბიტორები და სხვა SSRI/SNRI
- სისხლის გამათხელებლები – მაგალითად, ასპირინი, ვარფარინი
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
- ანტიფსიქოტიკური მედიკამენტები
- ლითიუმი
დაბოლოს, ნებისმიერი ტიპის რეაქციის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები და თქვენი მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.