აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სელის თესლი - პატარა მარცვლები დიდი სარგებლით

უკან

სელის თესლი - პატარა მარცვლები დიდი სარგებლით

7 ივლ 2025

სელის თესლის სარგებელი

ჯანსაღი კვების სამყაროში ხშირად ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ ყველაზე პატარა პროდუქტებშია მოქცეული - სელის თესლი ამის საუკეთესო მაგალითია. ეს მცენარე ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც საკვები, ასევე სამკურნალოდ, და დღეს ის კვლავ იძენს პოპულარობას, როგორც სამედიცინო საშუალება, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და გამორჩეულია კლინიკურად დადასტურებული სარგებელით ჯანმრთელობისთვის.

სელის თესლი განსაკუთრებით მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (ALA), ბოჭკოთი, მცენარეული ცილებით და ლიგნანებით - ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც ასევე აქვს ფიტოესტროგენული მოქმედება.  ასევე, ბოჭკოების მაღალი შემცველობა საკვებ პროდუქტში, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოძრაობას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, და ხელს უწყობს ჯანსაღ მიკროფლორას ნაწლავებში. 

სელის თესლს მსგავსი პროდუქტებისგან მრავალფეროვანი გამოყენება გამოარჩევს. ის შეიძლება მიირთვათ მთლიანი სახით ან დაფქული - დამატებული სმუზებში, ფაფებში, მაწონში, იოგურტში, სალათებში და ა.შ. დღეში მხოლოდ ერთი-ორი სუფრის კოვზიც კი საკმარისია მნიშვნელოვანი კვებითი ღირებულების მისაღებად. თუმცა, უმჯობესია სელის თესლის დაფქული სახით მიღება მისი სრული ათვისებისთვის.

როგორ მოქმედებს სელის თესლი სასარგებლო თვისებები

როგორც აღინიშნა, სელის თესლის შემადგენლობაში შედის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, წყალი, მონო და დისაქარიდები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; 

ვიტამინები: 

A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ქოლინი; 

მიკრო ელემენტები: 

რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი; 

მაკრო ელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; 

ცხიმოვანი მჟავები: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტები. 

მიუხედავად ამისა, სელის თესლი მაღალკალორიული პროდუქტი არ არის - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება, დაახლოებით, 360 კილოკალორიას შეადგენს, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული რაოდენობა დღე-ღამეში 50 გრამს შეადგენს.

სელის თესლი შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ენტეროკოლიტის, კოლიტის, გასტრიტის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების, ინტოქსიკაციების დროს. მარცვლების მიერ სარმოქმნილი ლორწო ამოეფინება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. 

გარდა ამისა, სელის თესლი შეკრულობის დროსაც გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება. სელის თესლი აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.პროდუქტის გამოყენება სასარგებლოა ნაწლავების ფუნქციური დარღვევების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. 

სელის თესლი გასახდომადაც ეფექტიანი საშუალებაა, რადგან ის ბოჭკოს მაღალი შემადგენლობის დამსახურებით, კარგად და ხანგრძლივად ანაყრებს, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, მცენარეული ცილების სიჭარბე, სელის თესლს სპორტსმენებისთვის იდეალურ საშუალებად აქცევს, რადგან ცილები მონაწილეობას იღებენ კუნთების შენებასა და დაზიანებული უჯრედების აღდგენაში. 

სელის მარცვლები სასარგებლოდ მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც - პროდუქტი ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს. აღსანიშნავია ის დადებითი ეფექტებიც, რომელიც სელის თესლს სახის კანისთვის მოაქვს - ზრდის მის ელასტიკურობას და ანელებს დაბერების პროცესს. 

 

სელის თესლის სასარგებლო თვისებები

როგორ მივიღოთ სელის თესლი 

მიუხედავად იმისა, რამდენად სასარგებლოც არ უნდა იყოს სელის თესლი, კონკრეტული ჩვენების სამკურნალოდ მისი გამოყენების დაწყებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა გამორიცხოთ გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.

რაც შეეხება პროდუქტის ნახარშის მომზადების წესს, ექიმები გვირჩევენ, რომ 1 ჩ.კ ნედლეულს დავამატოთ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დავაფაროთ ჭურჭელს თავი და წამოვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, პერიოდული შენჯღრევით. უმჯობესია, ნახარში მომზადდეს საღამოს და დაყოვნდეს დილამდე შეფუთულ მდგომარეობაში. მიღებული ლორწო გადავწუროთ მარლის ორმაგ ფენაში. მიღებული ნახარში მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირას შეადგენს.

საფაღარათო და შემომგარსველი ეფექტის მიღებისთვის აუცილებელია შემდეგი რეცეპტის გამოყენება: 2 სუფრის კოვზ სელის თესლს უნდა დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყოვნოთ 10 წთ. უნდა მივიღოთ 1/2 ჭიქა ჭამამდე. 

ასეთი გამონაწვლილი ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. საფაღარათო საშუალების სახით მოცემული პრეპარატის გამოყენება მოითხოვს პარალელურად დიდი რაოდენობით სითხის მიღებას. 

გარდა მოცემული მეთოდებისა, სელის თელის გამოყენება შეიძლება მთლიანი ან დაფქული სახითაც. როგორც წესი, მას უმატებენ სალათებში, ფაფებში, რძის პროდუქტებში, ღვეზელში, ან 1:1 თანაფარდობით ურევენ თაფლში ან ჯემში. 

სელის თესლის მიღების უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

არ მიიღოთ სელის თესლი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პროდუქტისადმი. ასევე, თუ აღგენიშნებათ დისპეფსიური მოვლენები, გამოხატული დიარეით ან განიცდით ქოლეცისტიტის გამწვავების ეპიზოდს. 

ასევე, კატეგორიულად უკუნაჩვენებია სელის თესლის მიღება ნაწლავების გაუვალობის დროს. 

სიფრთხილისთვის, ნუ გამოიყენებთ პროდუქტს დღიურ რეკომენდებულ დოზაზე დიდი რაოდენობით, რადგან ასეთ დროს, შეიძლება გამოვლინდეს უსიამოვნო შეგრძნება ღვიძლის არეში. მოარიდეთ სელის თესლის გამოყენებას 12 წლამდე ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ ასთმა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. 

რაც შეეხება, გვერდით მოვლენებს, სელის თესლის მიღებისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.


პროდუქტის გამოყენებამ საფაღარათო საშუალების სახით, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღების გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ილეუსი (ნაწლავთა გაუვალობა). ასევე, გაითვალისწინეთ, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას, სელის თესლი ორგანიზმში მათ შეწოვას აქვეითებს. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სელის თესლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

პროდუქტის შენახვის წესები 

სელის თესლი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. პროდუქტი, როგორც წესი, ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სელის თესლის გამოყენებას უნდა მოერიდოთ. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება შეფუთვაზე აღნიშნული თვის ბოლო დღე. ამ კონკრეტული პროდუქტის შენახვის ვადა 2 წელს შეადგენს. 

გინდა დაიკლო წონაში, გააუმჯობესო მონელება, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა? დაამატე სელის თესლი შენს ყოველდღიურ რაციონს და ამ ყველაფრის მიღწევას მინიმალური რისკებით შეძლებ.

7 ივლ 2025

პროდუქცია