აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სერტოფენი — ეფექტიანი სამკურნალო საშუალება ტკივილის და ანთების წინააღმდეგ

უკან

სერტოფენი — ეფექტიანი სამკურნალო საშუალება ტკივილის და ანთების წინააღმდეგ

7 ივლ 2025

სერტოფენი ამპულა ანოტაცია

სერტოფენი (Sertophen) არის ფართოდ გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერება დექსკეტოპროფენია. ის ინიშნება როგორც ტკივილის, ისე ანთების სამკურნალოდ სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციაში. 

სერტოფენი ხელმისაწვდომია სამ ფორმაში: საინიექციო ხსნარის ამპულა, შემოგარსული ტაბლეტები და გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ყველა მათგანი ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და ფასი თითოეული ვერსიისთვის განსხვავებულია. 

ყოველი მათგანი განკუთვნილია კონკრეტული საჭიროებისთვის და შეირჩევა პაციენტის მდგომარეობის, ტკივილის ინტენსივობისა და პრეპარატის მიღების შესაძლებლობის მიხედვით.

საინიექციო ფორმა — სერტოფენის ამპულა — ეფექტიანია მწვავე ტკივილის შემთხვევაში, განსაკუთრებით პაციენტებისთვის, ვისაც მედიკამენტის პერორალურად მიღება არ შეუძლია. ტაბლეტები განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის, ხოლო სერტოფენის მალამო გამოიყენება ადგილობრივად, მტკივნეულ და ანთებით უბნებზე პირდაპიდი ზემოქმედებისთვის.

როგორია სერტოფენის მიღების წესები და დოზირება?

სერტოფენის მიღების ფორმა და დოზა დამოკიდებულია პრეპარატის ტიპსა და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

  • ამპულა (საინიექციო ხსნარი): ინიშნება მაშინ, როდესაც აუცილებელია ტკივილის სწრაფად შემსუბუქება და პრეპარატის პერორალურად მიღება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სერტოფენი ორგანიზმში ნემსით შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად — დაუყოვნებლივ ამპულიდან ამოღების შემდეგ. ინფუზიისთვის ხსნარი ასეპტიკურ პირობებში უნდა მომზადდეს და დაცული იქნას სინათლის ზემოქმედებისგან.

შერევა დაუშვებელია დოფამინის, პრომეტაზინის, პენტაზოცინის, პეტიდინისა და ჰიდროქსიზინის მცირე მოცულობის ხსნარებთან — ეს იწვევს ნალექს.

შეთავსება შესაძლებელია მცირე მოცულობებში ჰეპარინთან, ლიდოკაინთან, მორფინთან და თეოფილინთან.

ინტრავენური ინფუზიისთვის პრეპარატის ერთი ამპულა (2 მლ) უნდა გაზავდეს 30-100 მლ ფიზიოლოგიურ, გლუკოზის ან რინგერის ლაქტატურ ხსნარში. განზავება უნდა ჩატარდეს სტერილურად, ხოლო ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და ნაწილაკების გარეშე.

100 მილილიტრიან განზავებულ ხსნარში პრეპარატი შეთავსებადია დოფამინთან, ჰეპარინთან, ჰიდროქსიზინთან, ლიდოკაინთან, მორფინთან, პეტიდინთან და თეოფილინთან.

მზა ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის — დარჩენილი მოცულობა უვარგისია.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში შეადგენს 50 მგ-ს ყოველ 8-12 საათში; საჭიროებისამებრ დაშვებულია 6-საათიანი ინტერვალით მიღებაც. გაითვალისწინეთ, რომ დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ-ს. ინიექციური ფორმა განკუთვნილია მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის (არაუმეტეს 2 დღისა), რის შემდეგაც, შესაძლებლობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა გადავიდეს პრეპარატის ტაბლეტების სახით მიღებაზე.

  • სერტოფენის ტაბლეტები: მიიღება პერორალურად, კვების დროს ან მის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. სტანდარტული დოზირებაა 12.5 მგ 1-6-ჯერ დღეში ან 25 მგ 1-3-ჯერ დღეში — დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ-ს. ხანდაზმულებისა და თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს დღეში არაუმეტეს 50 მგ-მდე.

  • სერტოფენი გელი: გამოიყენება მხოლოდ გარეგანად და შეიწოვება კანის მეშვეობით. ის უნდა დაიტანოთ სუფთა, დაუზიანებელ კანზე დღეში 2-3-ჯერ. დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 7.5 გრამს, რაც დაახლოებით 14 სმ გელის ზოლს უთანაბრდება. სერტოფენის გელი კანზე რბილად უნდა შეიზილოთ და გაითვალისწინეთ, რომ ოკლუზიური ნახვევის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მალამოს წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.

სერტოფენი 25

რა უკუჩვენებები ახასიათებს პრეპარატს?

სერტოფენი, როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, არ არის ყველასთვის უსაფრთხო და მისი გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში დაუშვებელია. სერტოფენის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მოხმარება არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  • ალერგია დექსკეტოპროფენზე ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებზე;

  • ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება ან ურტიკარია, რომლებიც წარსულში განვითარდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას;

  • აქტიური ან განმეორებადი კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სხვა ადგილებიდან;

  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;

  • ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

  • გულის მძიმე უკმარისობა.

ამასთან, მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. სერტოფენი ასევე არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ გელის ფორმა არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, დაზიანებულ კანზე ან კანის დიდ ზედაპირებზე.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, სერტოფენი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, მის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს სერტოფენმა?

სერტოფენის მიღებისას გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს პრეპარატის ფორმის, დოზისა და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით.

  • საერთო გვერდითი მოვლენები ტაბლეტისა და ამპულის შემთხვევაში: შედარებით ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკივილი, დისპეპსია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გამონაყარი კანზე, ქავილი, ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც. ძალიან იშვიათად შეიმჩნევა სერიოზული დარღვევები, როგორებიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იშვიათი, დაავადება, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსები და კანი ზიანდება) ან ლაელის სინდრომი (იშვიათი დაავადება, კანის მწვავე რეაქციის ერთ-ერთი ტიპი).

  • გელის შემთხვევაში: გვერდითი ეფექტები ძირითადად ლოკალურ ხასიათს ატარებს. იშვიათად შეიძლება განვითარდეს კანის გაწითლება, ქავილი, შეშუპება ან დერმატიტი. ხშირად ფიქსირდება ფოტოსენსიბილიზაცია, რაც ნიშნავს, რომ გელის გამოყენებისას კანი უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივების მიმართ.

სერტოფენის სისტემური გამოყენებისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა პრეპარატმა შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები, რაც ექიმთან დროული კონსულტაციის აუცილებლობას აჩენს.

7 ივლ 2025