აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სინუსიტი – მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

უკან

სინუსიტი – მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

10 ივნ 2025

სინუსიტი – მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები | PSP ჯანმრთელობის ბლოგი

 

სინუსიტი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი იძენს ქრონიკულ სახეს და აქვს განმეორებადი ხასიათი. 

ბლოგში შევეცდებით, ავხსნათ, რა არის სინუსიტი, რა იწვევს მას და როგორია მისი ამოცნობისა და მკურნალობის გზები.

რა არის სინუსიტი?

სინუსიტის განმარტებამდე, სასურველია, ჯერ წარმოდგენა შევიქმნათ სინუსებზე. ისინი ცხვირის დანამატი, ჰაერით სავსე ღრუებია, რომლებიც თვალებისა და ცხვირის გარშემოა განლაგებული. მათ უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია, მაგალითად, ამსუბუქებს თავის ქალის წონას, რაც კისრის კუნთებს მის ტარებას უადვილებს. გარდა ამისა, სინუსებში არსებული ლორწოვანი გარსი უზრუნველყოფს ჩასუნთქული ჰაერის მტვრისა და მიკრობებისგან გაფილტვრას, მის დატენიანებასა და გათბობას. ეს კი ფილტვებსა და, ზოგადად, რესპირატორულ სისტემას დაზიანებისგან იცავს. გარდა ამისა, სინუსების მეშვებით ჩვენი ხმა უფრო რბილდება და ძლიერდება.

ნორმალურ მდგომარეობაში, სინუსების მიერ გამომუშავებული ლორწო ცხვირის ბუნებრივი არხების მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. მაგრამ როდესაც სინუსების ამომფენი ეპითელიუმი შეშუპებულია, არხები იბლოკება და ლორწოს გამოდევნა ფერხდება. ეს კი იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიების, ვირუსებისა თუ სოკოების გამრავლებისთვის. შედეგად, იწყება ანთებითი პროცესი და ვითარდება სინუსიტი. 

სინუსიტის გამომწვევი მიზეზები და ტიპები

სინუსიტს ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციები იწვევს, თუმცა მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ბაქტერიებმა და სოკოებმაც. შესაბამისად, ცალკე გამოიყოფა ბაქტერიული სინუსიტი და სოკოვანი სინუსიტი. გარდა ამისა, სინუსების არხების ბლოკირება შეიძლება ალერგიული რეაქციების, ცხვირის პოლიპების არსებობისა თუ ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგი იყოს. დაბინძურებულ გარემოში დიდხანს ყოფნა და მწეველობა ასევე უწყობს ხელს სინუსიტის განვითარებას. 

სინუსიტი ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის მიხედვით, შემდეგ ტიპებად იყოფა: 

  • მწვავე სინუსიტი – ხშირად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების შედეგად. ის, როგორც წესი, 7 დღიდან 4 კვირამდე გრძელდება. სიმპტომები თავისით ან მარტივი მკურნალობით მსუბუქდება და ქრება. 
  • ქვემწვავე სინუსიტი – ამ ტიპის სინუსიტი ხშირად ვირუსული ინფექციის ბაქტერიულ ინფექციაში გადაზრდის შედეგად ვითარდება. მისი სიმპტომები მწვავე სინუსიტის მსგავსია, თუმცა უფრო დიდხანს – 4-დან 12 კვირამდე გრძელდება. 
  • ქრონიკული სინუსიტი – ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესი და კლინიკური ნიშები 12 კვირაზე დიდხანს გრძელდება. ის შესაძლოა განვითარდეს როგორც ინფექციების ფონზე, ისე ალერგენების გავლენითაც. ზოგჯერ ქრონიკული სინუსიტი ცხვირში პოლიპების არსებობით არის განპირობებული. 
  • განმეორებადი სინუსიტი – წელიწადში მწვავე სინუსიტის 4 ან მეტი ეპიზოდის შემთხვევაში საქმე განმეორებად სინუსიტთან გვაქვს. 

 

სინუსიტი – შუბლის არეში ტკივილი და ცხვირის ლორწოვანი ანთება

როგორია ამ მდგომარეობის სიმპტომები 

სინუსიტის კლინიკური ნიშნები გარკვეულწილად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისა და სეზონური ალერგიების მსგავსია. მაგრამ ახასიათებს ისეთი სპეციფიკური სიმპტომებიც, რომლებიც მის ამოცნობას გვიადვილებს.

სინუსიტის ძირითად სიმპტომებს განეკუთვნება:

  • თავის ტკივილი
  • თვალების, ყვრიმალების, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება
  • გაჭედილი ცხვირი
  • ყვითელი ან მწვანე შეფერილობის სქელი გამონადენი ცხვირიდან
  • ყნოსვის ან/და გემოს შეგრძნების შესუსტება ან სრულად დაკარგვა
  • ხველა და ყელის გაღიზიანება
  • კბილის ტკივილი
  • მოთენთილობა და დაღლილობის შეგრძნება 
  • მაღალი ტემპერატურა

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქრონიკული სინუსიტის დროს, სიმპტომები უფრო დიდხანს გრძელდება, თუმცა, მწვავე მდგომარეობისგან განსხვავებით, ნიშნები შედარებით უფრო მსუბუქია. 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს 

თუ სინუსიტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს გაგიგრძელდათ ან კლინიკური ნიშნების შემსუბუქების შემდეგ მდგომარეობა ისევ გაუარესდა, სასურველია, სპეციალისტს მიმართოთ. ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია მაშინაც, თუ გაქვთ სახის მწვავე ტკივილი ან შეშუპება და მაღალი ტემპერატურა. გაითვალისწინეთ, რომ გახანგრძლივებული სინუსიტის დროს ინფექციამ შესაძლოა, სინუსების გარდა, მიმდებარე ქსოვილები და ტვინიც კი დააზიანოს.

დიაგნოზის დასასმელად ხშირად სიმპტომების დეტალური გამოკითხვა და ფიზიკური გასინჯვაც კმარა. ზოგიერთ შემთხვევაში კი საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარებაც. ესენია:

  • ცხვირის ენდოსკოპია – კვლევის ამ მეთოდის დროს გამოიყენება წვრილი, მოქნილი მილი, რომელიც სპეციალისტს ცხვირიდან შეჰყავს სინუსების დასათვალიერებლად.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია – მისი დახმარებით შესაძლებელია დეტალურად მოხდეს სინუსების დათვალიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქრონიკული ან გართულებული სინუსიტის დიაგნოსტირებისას. 
  • ტესტი ალერგენებზე – სპეციალისტს ეხმარება განსაზღვროს, არის თუ არა ალერგენები სინუსების ანთების გამომწვევი.

 

ქალი იყენებს ცხვირის სპრეის სინუსიტის ან ცხვირის დაგუბების მოსახსნელად

სინუსიტის მკურნალობა — რისი ცოდნა გვჭირდება

ეფექტიანი მკურნალობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს, რა ტიპისაა სინუსიტი. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მწვავე სინუსიტის შემთხვევაში, კლინიკური ნიშნები 7-10 დღის შემდეგ თავისით ქრება, სპეციფიკური მკურნალობისა და მედიკამენტების გარეშე. პაციენტმა, შესაძლოა, გამოიყენოს შემაწუხებელი სიმპტომების მოსახსნელი საშუალებები, როგორებიცაა ცხვირის გამხსნელი სპრეი, ტკივილგამაყუჩებელი, ინჰალატორი და თბილი კომპრესები. გახანგრძლივებული ბაქტერიული სინუსიტის დროს კი, შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გამოყენება, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 

ქრონიკული სინუსიტის მკურნალობა ასევე მოითხოვს ექიმის ჩართულობას. პირველ რიგში, სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რა არის ანთებისა თუ ინფექციის ქრონიკულობის მიზეზი. თუ დადგინდა, რომ მას ალერგენები იწვევს, მკურნალობის პარალელურად, საჭიროა ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრონიკულ სინუსიტს ზოგჯერ ცხვირში არსებული პოლიპებიც იწვევს, რომელთა ამოსაკვეთად ენდოსკოპიურ ქირურგიას მიმართავენ. 

როგორ ვმართოთ სინუსიტი სახლის პირობებში

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გაქვთ სინუსიტზე და გსურთ სიმპტომებისგან უსაფრთხო მეთოდებით გათავისუფლება ან მისი გამწვავების პრევენცია, მაშინ შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გირჩევთ:

  • დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი – ამ გზით შეძლებთ ლორწოს გათხელებასა და მის გამოდევნას.
  • ჩაიტარეთ ინჰალაცია – ის ლორწოს გათხელების კიდევ ერთი გზაა. გარდა ამისა, ინჰალაცია ხსნის სიმძიმის შეგრძნებას სახის არეში.
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები – ტენიანი ჰაერი დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესზე.
  • უარი თქვით თამბაქოზე და მოერიდეთ გარემოს, სადაც ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია – ამ გზით აირიდებთ სინუსების კიდევ უფრო გაღიზიანებას.
  • გამოიყენეთ ცხვირის დასატენიანებელი სპრეი 
  • მოერიდეთ ალერგენებს – თუ ხართ ალერგიული ან იცით, რომ სინუსიტი ალერგენებითაა გამოწვეული, აუცილებელია მაქსიმალურად მოერიდოთ მათ.



10 ივნ 2025

პროდუქცია