სოლფატამი — პრეპარატი ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად
30 ივნ 2025

სოლფატამი (Solfatam) წარმოადგენს მედიკამენტს, რომლის აქტიური ნივთიერება ქოლეკალციფეროლია, ანუ D ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა — D3. ის ხელმისაწვდომია ორი სახით: წვეთებად და აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტები. პრეპარატის ორივე ვერსია განკუთვნილია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ან ამ სამედიცინო მდგომარეობის პრევენციისთვის.
ვიტამინი D3 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულირებაში, რაც აუცილებელია ჯანსაღი ძვლოვანი სისტემისთვის. ორგანიზმი D ვიტამინს თავადაც გამოიმუშავებს მზის სხივების ზემოქმედებით, თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორი: მზის მცირედი ზემოქმედება, არასრულფასოვანი კვება, ასაკობრივი ცვლილებები, მალაბსორბციის (სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც წვრილ ნაწლავში ერთი ან რამდენიმე ნივთიერების ათვისების პროცესი ქვეითდება) სინდრომები და სხვა. სწორედ ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პრეპარატების მეშვეობით მიღებული დამატებითი D ვიტამინი, რაშიც სოლფატამი აქტიურად გამოიყენება.
წვეთოვანი ფორმა ძირითადად რეკომენდებულია ჩვილებისა და ბავშვებისთვის, ხოლო ტაბლეტები — მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის. თუმცა ორივე ფორმის ფარმაკოლოგიური თვისებები და მექანიზმები ერთმანეთის მსგავსია და მიზნად ისახავს ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი დონის შენარჩუნებას.
სოლფატამის დოზირება და მიღების სქემა მკაცრად უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. წვეთოვანი ფორმა მეტად გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში, განსაკუთრებით ახალშობილებსა და დღენაკლულ ჩვილებში რაქიტის პრევენციისთვის. ტაბლეტები კი მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი, როგორც პროფილაქტიკური, ისე თერაპიული მიზნებისთვის.
წვეთების სახით სოლფატამის მიღება შესაძლებელია სიცოცხლის მეორე კვირიდან. ყველაზე ხშირი პროფილაქტიკური დოზა დღეში შეადგენს 1 წვეთს (500 სე), თუმცა დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდებულია 2 წვეთი (1000 სე). მალაბსორბციის ან მკვეთრი დეფიციტის შემთხვევებში შეიძლება დღიური დოზა 3000-დან 5000 სე-მდე გაიზარდოს (6-10 წვეთი). ოსტეომალაციის, რაქიტის ან ჰიპოპარათირეოზის მკურნალობის დროს დოზები კიდევ უფრო მაღალია და რეგულარულ მონიტორინგს საჭიროებს.
რაც შეეხება ტაბლეტებს, მოზრდილებისთვის, პრევენციული მიზნით, როგორც წესი, საკმარისია 500-1000 სე დღიურად, რაც ნახევარ ან ერთ ტაბლეტს შეადგენს. მკურნალობისას კი დოზები იზრდება 5000-6000 სე-მდე, ანუ 2-3 ტაბლეტამდე. ოსტეოპოროზის შემთხვევაში, კომპლექსური თერაპიის ფარგლებში რეკომენდებულია დღეში 1000 სე-ს მიღება.
აუცილებელია, რომ ხანგრძლივი თერაპიისას — განსაკუთრებით 1000 სე-ზე მეტი დღიური დოზების შემთხვევაში — რეგულარულად მოწმდებოდეს სისხლში კალციუმის, კრეატინინის და D ვიტამინის დონე, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ნივთიერებების ზედმეტი დაგროვება.

მიუხედავად იმისა, რომ სოლფატამი აუცილებელი და ხშირ შემთხვევაში უსაფრთხო პრეპარატია, მასაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები, რომელთა გათვალისწინება მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია.
უპირველეს ყოვლისა, პრეპარატის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია — ანუ კალციუმის გადაჭარბებული დონე სისხლში ან შარდში. ასევე, სოლფატამის მიღება არ არის რეკომენდებული ნეფროლითიაზის (თირკმელებში კენჭების არსებობის), ნეფროკალცინოზის (თირკმლის დაზიანება) ან თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.
არ უნდა დაენიშნოს ფსევდოჰიპოპარათირეოზის (მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ პასუხობს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) ზემოქმედებას, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას) მქონე პაციენტებს იმ პერიოდში, როცა ორგანიზმი ნორმალურად რეაგირებს D ვიტამინზე — ასეთ შემთხვევებში დოზის გადაჭარბების რისკი იზრდება. ალტერნატივად, ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას D ვიტამინის წარმოებულები, რომლებიც უფრო ზუსტად კონტროლდება.
პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომელთა მიღებაც შეიძლება დაუშვებელი იყოს გარკვეული გენეტიკური მეტაბოლური დარღვევების დროს. მაგალითად, საქაროზას შემცველობა მედიკამენტს შეუსაბამოს ხდის ფრუქტოზის აუტანლობის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებისთვის.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზის (ქრონიკული სისტემური დაავადება, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწვევს ანთებითი უჯრედების დაგროვებას სხვადასხვა ორგანოში. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ამ ორგანოებში ეპითელოიდურ-უჯრედოვანი გრანულების წარმოქმნასა და დაგროვებას) მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გააჩნდეთ D ვიტამინის აქტიურ ფორმად სწრაფად გარდაქმნის უნარი, რაც კალციუმის ზედმეტ დაგროვებას იწვევს.
ასევე სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ თიაზიდურ შარდმდენებს, გლუკოკორტიკოიდებს, ან საგულე გლიკოზიდებს, რადგან შესაძლებელია D ვიტამინის და ამ პრეპარატების ურთიერთქმედება, რაც პაციენტის მდგომარეობას გაამწვავებს.
ორსულობის პერიოდში აუცილებელია ექიმის მითითებების ზედმიწევნით გათვალისწინება. დადგენილ დოზას კი შეიძლება განაპირობებდეს როგორც მდგომარეობის სიმძიმე, ისე — ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე.
ამასთან, შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, სოლფატამი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, პრეპარატის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რეკომენდებული დოზების დაცვით სოლფატამის გამოყენება, როგორც წესი, უსაფრთხოა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები ან D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენაა ჰიპერკალციემია — სისხლში კალციუმის დონე ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი. იგი ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიც არის: მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა ან დიარეა, სისუსტე, თავის ტკივილი და ძილიანობა. ქრონიკულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
კანის რეაქციების სახით შესაძლებელია გამოვლინდეს:
შედარებით იშვიათად, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს არტერიული წნევის მომატება ან გულის არითმიებიც.
სოლფატამმა შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი ლაბორატორიულ მაჩვენებელზე — მაგალითად, გამოიწვიოს ამინოტრანსფერაზების მომატება ან სხეულის მასის კლება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვითარდება D ვიტამინის ინტოქსიკაცია, რომლის კლასიკური ნიშნებია:
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია — ნებისმიერი, ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა, გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია, პრეპარატის მოხმარების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან.
30 ივნ 2025