აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტაბექსი – ნაბიჯი სიგარეტის გარეშე ცხოვრებისკენ

უკან

ტაბექსი – ნაბიჯი სიგარეტის გარეშე ცხოვრებისკენ

5 აგვ 2025

ტაბექსი ტაბლეტი

თამბაქოზე დამოკიდებულება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ჩვევაა, რომლისგან გათავისუფლებაც ბევრი ადამიანისთვის რთულ გზად იქცევა. სწორედ ამ გზაზე თანადგომას გვთავაზობს ტაბექსი (Tabex) — პრეპარატი, რომელიც მოწევაზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას მედიკამენტური მხარდაჭერით ეტაპობრივ პროცესად აქცევს.

პრეპარატ ტაბექსის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ციტიზინი — ნივთიერება, რომელიც მოქმედებით ნიკოტინის ანალოგიურია. ორგანიზმში მოხვედრისას ციტიზინი უკავშირდება იმავე რეცეპტორებს, რომლებზეც ნიკოტინი მოქმედებს, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ის არ იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს, მოწევის შეწყვეტისას თავიდან აიცილოს გამაღიზიანებელი სიმპტომები და თანდათანობით მიეჩვიოს ნიკოტინის ნაკლებობას.

ამ პრეპარატის ეფექტიანობა დამტკიცებულია კლინიკური პრაქტიკით, რაც მას აქცევს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მწეველებისთვის, რომლებიც რეალურად არიან მოტივირებულნი, სიგარეტზე უარის თქვან.

ტაბექსი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი პსპ-ს აფთიაქებში და მისი ფასი 94 ლარს შეადგენს. შეფუთვაში მოთავსებულია 100 ტაბლეტი. 

როგორია ტაბექსის მიღების წესები და დოზირება? 

ტაბექსის გამოყენების ინსტრუქციის თანახმად, პრეპარატი მიიღება პერორალურად, წყალთან ერთად. მკურნალობის სქემა მკაცრად განსაზღვრულია და 25 დღის განმავლობაში დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.

1-3 დღე — პაციენტი იღებს 1 ტაბლეტს ყოველ ორ საათში ერთხელ, სულ დღეში 6 ტაბლეტს. სწორედ ამ პერიოდში ხდება მოწეული სიგარეტების რაოდენობის შესამჩნევი შემცირება. თუ ამ ეტაპზე შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, მკურნალობა უნდა შეწყდეს და მისი ხელახლა დაწყება შეიძლება 2-3 თვის შემდეგ.

4-12 დღე — 1 ტაბლეტი ყოველ 2.5 საათში, ანუ დღეში 5 ტაბლეტი.

13-16 დღე — პაციენტი იღებს 1 ტაბლეტს ყოველ 3 საათში, დღეში 4 ტაბლეტს.

17-20 დღე — 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (დღეში 3 ტაბლეტი).

21-25 დღე — ბოლო ეტაპზე დოზა შეადგენს დღეში 1-2 ტაბლეტს.

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მოწევაზე საბოლოო უარი უნდა თქვას მკურნალობის დაწყებიდან მე-5 დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ კი საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რომ თავიდან იქნას აცილებული სიგარეტის მოხმარების ხელახლა დაწყება.

 

ტაბექსი მიღების წესი

რა უკუჩვენებები ახასიათებს მედიკამენტს? 

ერთ-ერთი მთავარი უკუჩვენება არის ციტიზინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა. გარდა ამისა, განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შედიან პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  • ახლახან გადატანილი გულის შეტევა ან ტვინის შერყევა;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • მძიმე ათეროსკლეროზი;
  • გულის რითმის დარღვევები.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ტაბექსის აბების მიღება არ არის ნებადართული, რადგან არსებობს პოტენციური რისკები ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობისთვის.

ტაბექსის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებისთვის და 65 წელზე უფროსი ადამიანებისთვის, მკაფიო საჭიროების და ექიმის ზედამხედველობის გარეშე.

გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ტაბექსი პრეპარატია, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, გარკვეულ შემთხვევებში ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ტაბექსის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ტაბექსმა? 

ისევე როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, გარკვეულ შემთხვევებში, ტაბექსი არასასურველ რეაქციებს იწვევს.

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:

  • კუჭ-ნაწლავის მხრივ: პირის სიმშრალე, გემოს ცვლილება, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა ან დიარეა.
  • ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებულობა.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის რითმის აჩქარება, არტერიული წნევის მსუბუქი მატება.
  • სხვა სიმპტომები: კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება და წონაში კლება.

ეს გვერდითი მოვლენები ხშირად დროებითია და მკურნალობის გაგრძელების პროცესში თანდათან ქრება. თუმცა მათი გაძლიერების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ჭარბი დოზის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევის ძლიერი შეგრძნება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან გუგების გაფართოება — ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.

5 აგვ 2025