აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტამიფლუ – გრიპის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში

უკან

ტამიფლუ – გრიპის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში

9 ივნ 2025

ტამიფლუ ბავშვებში

 

ტამიფლუ ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კაფსულებისა და სუსპენზიისთვის განკუთვნილი ფხვნილის სახით იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება ოსელტამივირის ფოსფატს შეიცავს. თითოეულ კაფსულში 98.5 მგ ოსელტამივირის ფოსფატი შედის, რაც ოსელტამივირის 75 მგ-ს შეესაბამება. წყალში გახსნისას 1.2%-მდე 12 მგ/მლ ოსელტამივირს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის სორბიტოლი და ნატრიუმის ბენზოატი.

PSP-ის აფთიაქებში ტამიფლუ 75 მგ, რომლის ერთ შეკვრაში 10 კაფსულია, ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. რაც შეეხება წამალს ფხვნილის ფორმით, ის ბაზარზე ტამიფლუ 12მგ/მლ-ის დასახელებით არის ხელმისაწვდომი და მისი შემცველობა 30 გრამს შეადგენს.

 

ტამიფლუ გამოყენება

 

რა არის და რისთვის გამოიყენება ტამიფლუ? 


პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის მიღებამდე სასურველია, ტამიფლუს ანოტაციას გულდასმით გაეცნოთ.

ტამიფლუ ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, თუ პაციენტს სიმპტომები აღენიშნება. ცნობისთვის, გრიპი ვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომლის ხშირი სიმპტომებია უეცარი ცხელება (37.8 °C-ზე მაღალი ტემპერატურა), ხველა, სურდო ან ცხვირის დახშობა, თავისა და კუნთების ტკივილს, ასევე ძლიერი დაღლილობა.

გრიპის პრევენციისთვის, მაგალითად თუ დაავადებულ ადამიანთან გქონდათ კონტაქტი, მისი გამოყენება დასაშვებია მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში, მხოლოდ 1 წლის ასაკის შემდეგ.

გამონაკლის გარემოებაში, მათ შორის გრიპის გლობალური ეპიდემიის დროს, თუ სეზონური ვაქცინა დაავადებისგან სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ პრეპარატის პრევენციული მკურნალობისთვის გამოყენება ახალშობილებშიც არის შესაძლებელი, დროულად დაბადებულთა შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ ტამიფლუს აქტიური ნივთიერება ოსელტამივირი ნეირამინიდაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს მიეკუთვნება. ამგვარი მედიკამენტები ორგანიზმის შიგნით გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფს, ამასთან, ხელს უწყობს ვირუსული ინფექციის სიმპტომების შემსუბუქებას.

 

ტამიფლუს ყიდვა

 

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?


ტამიფლუს მიღების წესი მარტივია – ის ორგანიზმში პირის ღრუს გავლით აღწევს, როგორც დასალევი კაფსულების, ისე ფხვნილით გაკეთებული სითხის სახით. კაფსული წყლის მიყოლებით, მთლიანად უნდა გადაყლაპოთ. მისი გატეხა ან დაღეჭვა დაუშვებელია. ტამიფლუს მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას შეიძლება გულისრევის ან ღებინების ალბათობა შემცირდეს.

მათთვის, ვისაც კაფსულების გადაყლაპვა არ შეუძლია, ტამიფლუს სუსპენზიაა ხელმისაწვდომი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია, კაფსულების ან სუსპენზიის ის რაოდენობა მიიღოთ, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია გრიპის სიმპტომების გამოვლენიდან პირველი ან მეორე დღის განმავლობაში. 

რაც შეეხება დოზირებას, ჩვეულებრივ ტამიფლუს რეკომენდებული დოზა მოზრდილებსა და 13 წლის ან მეტი ასაკის მოზარდებში შეადგენს 75 მგ-ს (ერთ კაფსულს) დღეში ორჯერ მისაღებად. მკურნალობა 5 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს, რომელთაც კაფსულების გადაყლაპვა უჭირთ, შეუძლიათ ტამიფლუს სუსპენზია მიიღონ – 75 მგ დღეში ორჯერ, 5 დღის განმავლობაში.

მყარი ფორმით ტამიფლუ ბავშვებში, რომლებიც 40 კგ-ზე მეტს იწონიან და კაფსულის გადაყლაპვა შეუძლიათ, როგორც წესი, ინიშნება 75 მგ დოზით დღეში ორჯერ მისაღებად. ეს ტამიფლუს სუსპენზიის რეკომენდებული დოზის ალტერნატივაა.

1 წილსა და უფროსი ასაკის ბავშვებში ტამიფლუს სუსპენზია წონების მიხედვით ინიშნება შემდეგნაირად:

 

წონა  დოზა (დღეში ორჯერ)
15 კგ ან ნაკლები 30 მგ
15 კგ – 23 კგ 45 მგ
23 კგ – 40 კგ 60 მგ
40 კგ და მეტი 75 მგ


აღსანიშნავია, რომ დოზების სპეციალური გამანაწილებელი 30 მგ, 45 მგ და 60 მგ დანაყოფებით სუსპენზიის შეფუთვას თან ახლავს. რეკომენდებულია, რომ სუსპენზიის მისაღებად ტამიფლუს ფხვნილი პაციენტისათვის ფარმაცევტმა შეაზავოს.

გრიპის პროფილაქტიკისათვის ტამიფლუს რეკომენდებული დოზა, დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტის შემდეგ, შეადგენს 75 მგ-ს დღეში ერთხელ მისაღებად, 10 დღის განმავლობაში. სასურველია, მკურნალობა ახლო კონტაქტიდან ორი დღის ფარგლებში დაიწყოს. გრიპის ეპიდემიისას ტამიფლუს რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზა შეადგენს 75 მგ-ს დღეში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 6 კვირამდე პერიოდშია დადასტურებული.

პროფილაქტიკის მიზნით, მყარი ფორმით ტამიფლუ ბავშვებში, რომლებიც 40 კგ-ზე მეტს იწონიან და კაფსულის გადაყლაპვა შეუძლიათ, როგორც წესი, ინიშნება 75 მგ დოზით დღეში ერთხელ მისაღებად.

1 წილსა და უფროსი ასაკის ბავშვებში კი ტამიფლუს სუსპენზია ამ შემთხვევაშიც წონების მიხედვით ინიშნება შემდეგნაირად:

წონა   დოზა (დღეში ორჯერ)
15 კგ ან ნაკლები

30 მგ

15 კგ – 23 კგ 45 მგ
23 კგ – 40 კგ 60 მგ
40 კგ და მეტი 75 მგ

 


 1 წლამდე ასაკის ჩვილების  (1-დან 12 თვემდე) შემთხვევაში გრიპის პანდემიის დროს ტამიფლუს პრევენციის მიზნით გამოყენება განხილულ უნდა იქნას ექიმის მიერ, პოტენციური რისკისა და სარგებლის ერთმანეთთან შედარებისთვის.

რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი ტამიფლუს მიღების შემდეგ?


მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები ტამიფლუმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან ბევრი შესაძლოა თავად გრიპის შედეგადაც იყოს გამოწვეული.

იშვიათად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები:

  •  ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები: სახის და კანის შეშუპება, ქავილის გამომწვევი გამონაყარი, დაბალი წნევა, სუნთქვის გაძნელება.
  • ღვიძლის დაზიანება: ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა, სიყვითლე.
  • ანგიონევროზული შეშუპება: კანის უეცარი შეშუპება (სახე, თვალები, ენა), სუნთქვის გაძნელება.
  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი: პოტენციურად კანის სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია ბუშტუკებით, აქერცვლით, მაღალი ტემპერატურით დ სისუსტით გამოვლენილი.
  •  სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: სისხლიანი ფაღარათი ან სისხლის ამოხველება.
  • ნეიროფსიქიატრიული დარღვევები: ქვემოთ აღწერილია ცალკე.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ყველაზე ხშირად (ძალიან ხშირად და ხშირად) დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები:

აღნიშნული მოვლენები, როგორც წესი, ჩნდება პირველი დოზის მიღების შემდეგ და მკურნალობის პროცესში თავისით ქრება. გვერდითი მოვლენების სიხშირე მცირდება, თუ ტამიფლუს საკვებთან ერთად მიიღებთ.

იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):

  • კრუნჩხვები, ცნობიერების შეცვლა
  • ბოდვა, ჰალუცინაციები, აჟიტაცია, შფოთვა, კოშმარული სიზმრები

ეს მოვლენები ხშირად ფიქსირდება ბავშვებსა და მოზარდებში, იწყება უეცრად და სწრაფად გადის. იშვიათად დაფიქსირდა თვითდაზიანების შემთხვევებიც. აღნიშნული მოვლენები ზოგჯერ გრიპის მიმდინარეობას უკავშირდება და არა თავად ტამიფლუს მიღებას. აუცილებელია ბავშვებისა და მოზარდების მუდმივი მონიტორინგი ქცევის ცვლილებებზე.

მოზრდილები და 13+ ასაკის მოზარდები

  • ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
      • თავის ტკივილი
      • გულისრევა
  • ხშირი (10-დან 1-მდე ადამიანს):
    • ბრონქიტი, ჰერპესი, ხველა, თავბრუსხვევა, ტკივილი, ტემპერატურა
    • სურდო, ძილის პრობლემები, ყელის ტკივილი
    • მუცლის ტკივილი, კუჭის აშლა, ღებინება
    • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, სისავსის შეგრძნება მუცელში
  •  არცთუ ისე ხშირი (100-დან 1-მდე ადამიანს):
    • ალერგიული რეაქციები, ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვა
    • გულის რითმის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა
    • კანის რეაქციები: ანთება, გამონაყარი, აქერცვლა
  • იშვიათი (1000-დან 1-მდე ადამიანს):
    • თრომბოციტოპენია, მხედველობის დარღვევები

1-დან 12 წლამდე ბავშვები

  • ძალიან ხშირი:
    • ხველა, ცხვირის დახშობა, ღებინება
  •  ხშირი:
    • კონიუნქტივიტი, ყურის ინფექციები, თავის ტკივილი, გულისრევა
    • სურდო, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლა, სისავსის შეგრძნება მუცელში
  •  არცთუ ისე ხშირი:
    • კანის ანთება, დაფის აპკის დაავადებები

0-დან 12 თვის ჩვილები

მათში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ემთხვევა უფროსი ასაკის ბავშვებში გამოვლენილ უკუმოქმედებას. დამატებით აღრიცხულია:

  • ფაღარათი
  •  საფენით გამოწვეული გამონაყარი

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება ან გაჩნდება ახალი, რაც აქ არ არის მითითებული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს:

  • რეგულარულად გიუარესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • ან გრიპის სიმპტომები მწვავდება/გრძელდება.

დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ექიმს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია. 



 

 

 

9 ივნ 2025