აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტკივილთან გამკლავების ეფექტიანი გზა — ტემპალგინი

უკან

ტკივილთან გამკლავების ეფექტიანი გზა — ტემპალგინი

8 აგვ 2025

 ტემპალგინის ეფექტი თავის ტკივილის შემსუბუქებაზე. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტური საშუალება.

 

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია, რომელსაც სხვადასხვა ბუნებისა და ინტენსივობის ფიზიკური ან ნერვული ფაქტორები იწვევს. განსაკუთრებულ დისკომფორტთან თავისა და კბილის ტკივილი ასოცირდება, რაც ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედებს. 

ასეთი სახის ტკივილის სწრაფი და საიმედო შეჩერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტის დასაბრუნებლად, არამედ ზოგადი ფსიქოემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება პრეპარატი ტემპალგინი, როგორც გამოსადეგი თერაპიული არჩევანი.

წარმოგიდგენთ ტემპალგინის ანოტაციას:

რისი წამალია ტემპალგინი 

ტემპალგინი 500 მგ. დოზით არახანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისასაა რეკომენდებული, როდესაც ტკივილის სწრაფი შეჩერებაა საჭირო. იგი ეფექტიანია თავისა ან კბილის ტკივილისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების შემდგომი დისკომფორტის დროს; ასევე, იგი ინიშნება მიალგიების, ნევრალგიებისა და ართრალგიების შემთხვევაშიც, როდესაც ტკივილის ხარისხი სუსტიდან ზომიერად მძიმემდე მერყეობს. ტემპალგინი სპაზმს ხსნის და ტკივილის სიმწვავეს ამცირებს.

ტემპალგინის შედგენილობა კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს ქმნის, რომელშიც ორი აქტიური ნივთიერებაა: ნატრიუმის მეტამიზოლი (500 მგ) და ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი (20 მგ). ტკივილი მათი სინერგიული მოქმედებით მცირდება. 

მეტამიზოლი არანარკოტიკული ანალგეტიკია, რომელიც პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთების შემცირებას უზრუნველყოფს და ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ავლენს. მეორე კომპონენტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი გავლენა აქვს და მოტორულ აგზნებას ამცირებს, რაც მთლიანობაში ტემპალგინის სედატიურ და ანალგეზიურ ეფექტს აძლიერებს.

ტემპალგინის ინსტრუქცია: მიღების წესი და დოზირება  

ტემპალგინი 500 მგ. პერორალურად მიიღება, საკვების შემდეგ, წყლის დაყოლებით. თვითნებური მკურნალობა 3-5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ზრდასრული პაციენტებისათვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 1-3-ჯერ, სიმპტომების ინტენსივობიდან გამომდინარე;  ერთდროულად 1 ტაბლეტზე მეტი არ უნდა დალიოთ, ხოლო დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმალური დოზა 4 აბს არ უნდა აღემატებოდეს;  სტომატოლოგიური ჩარევის წინ ტკივილის პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოთ.

15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში დოზირება დღეში 1 ტაბლეტს მოიცავს, დღე-ღამის მაქსიმალურმა დოზამ კი 2 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს. ხანდაზმულებსა და დასუსტებულ პაციენტებში, ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, დოზის შემცირებაა რეკომენდებული, რადგან მეტამიზოლის მეტაბოლიტების გამოყოფა, შესაძლოა, შენელდეს. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის ხანმოკლე გამოყენება დოზის შეცვლის გარეშეც დასაშვებია, თუმცა განმეორებითი და დიდი დოზებისგან თავის შეკავებაა სასურველი. 

თუ პაციენტმა შემთხვევით ტემპალგინის მეტი დოზა მიიღო, მოსალოდნელია ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა: გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, მუცლის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა ან გულისცემის რიტმის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში ექიმთან დაუყოვნებელი კონსულტაცია და მკურნალობის შეწყვეტაა აუცილებელი.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ. თუ შემდეგი დოზის დრო უკვე მოახლოებულია, ჩვეულებრივი რეჟიმს მიჰყევით და გამოტოვებული აბის კომპენსაციის მიზნით ორმაგი დოზა არ დალიოთ.

 

ტემპალგინის ტაბლეტები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი თავის, კბილის და სხვა სახის ტკივილის დროს.

შეიძლება თუ არა ტემპალგინის მიღება ორსულობის დროს

არსებული მონაცემების სიმცირის გამო, ტემპალგინის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. მეორე ტრიმესტრში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი ან ფარმაცევტი მეტამიზოლთან ასოცირებულ პოტენციურ რისკსა და სარგებელს სათანადოდ შეაფასებს. 

ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ტემპალგინის მიღება არ შეიძლება, რადგან გართულებების რისკი არსებობს როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. მათ შორისაა სისხლდენა და ე.წ. ბოტალის სადინარის ვადაზე ადრე დახურვა (ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ იხურება).

გასათვალისწინებელია, რომ მეტამიზოლის დაშლის შედეგად გამოყოფილი პროდუქტები დედის რძეში გადადის, რაც ახალშობილს პოტენციურ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის განმეორებით გამოყენებას უნდა მოერიდოთ. ერთჯერადი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია რძის შეგროვება და გადაღვრა მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოქმედება

ტემპალგინი წამალია, ანუ ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შეუძლია. ამის ყველაზე ხშირი წყარო ნატრიუმის მეტამიზოლია, რომელიც პრეპარატის შედგენილობაში გვხვდება.

ტემპალგინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

  • გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების სიყვითლე, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი. ეს სიმპტომები, შესაძლოა, ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს;
  • კანის სერიოზული გამონაყარი ბუშტუკებითა და აქერცვლით. შესაძლოა, ამას თან ახლდეს ცხელება და გრიპისმაგვარი მდგომარეობა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
  • გენერალიზებული გამონაყარი ლიმფური კვანძების შეშუპებითა და სიცხით (DRESS სინდრომი);
  • სისხლში სერიოზული დარღვევები: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, აპლაზიური ანემია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია;
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ანთება, შარდში ცილის გამოჩენა, შარდის რაოდენობის ცვლილება;
  • სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა;
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ქავილი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ცირკულატორული შოკი;
  • ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • ღვიძლის ფუნქციის მოშლა: ფერმენტების დონის მომატება, ქოლესტაზი, ჰიპერბილირუბინემია.

ტემპალგინის გამოყენებისას ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და დაუყოვნებლივი კონსულტაცია ექიმთან.

რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ ტემპალგინით მკურნალობისას

ტემპალგინის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს ამ პრეპარატის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება. ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია როგორც ნატრიუმის მეტამიზოლს, ისე ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს ან მედიკამენტში არსებულ სხვა ნივთიერებებს.

ასევე, ტემპალგინი არ უნდა გამოიყენოთ ან სიფრთხილე გამოიჩინოთ:

  • თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პირაზოლონის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე პორფირიის არსებობისას;
  • გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი დეფიციტისას;
  • თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების ფონზე;
  • თუ დაქვეითებულია ძვლის ტვინის ფუნქცია ციტოსტატიკური მკურნალობის შემდეგ ან თუ გაქვთ სისხლის ისეთი დარღვევები, როგორიც აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია ან აპლაზიური ანემიაა;
  • დაბალი არტერიული წნევის (100 მმ ვწყ.სვ. ან ნაკლები) შემთხვევაში;
  • ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
  • თუ პაციენტი არის 15 წლამდე ასაკის ბავშვი.

როგორია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ტემპალგინის მიღების დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების შესახებაც).

ტემპალგინის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს, თუ მასთან ერთად მიიღება:

  • ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი დამამშვიდებელი, ანტიდეპრესანტული, ანტიფსიქოზური ან საძილე საშუალებები;
  • ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული მედიკამენტები;
  • კუმარინული ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარაფარინი), რომლებიც სისხლის შედედებაზე ზემოქმედებს;
  • იმუნოსუპრესიული და ფსიქოტროპული საშუალებები: ქლორპრომაზინი და ციკლოსპორინი;
  • ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი ფართო სპექტრით).

მეტამიზოლი აცეტილსალიცილის მჟავის ანტითრომბოზულ მოქმედებას ამცირებს, ამიტომ ასპირინის დაბალ დოზებზე მყოფი პაციენტებისთვის ტემპალგინის პარალელური გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტემპალგინის კომბინაციას შემდეგ პრეპარატებთან:

  • ბუპროპიონი — დეპრესიისა და მოწევის შეწყვეტის სამკურნალოდ;
  • ეფავირენცი — აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი;
  • მეთადონი — ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ;
  • ვალპროატი — ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;
  • ტაკროლიმუსი — ორგანოს გადანერგვის შემდეგ გამოყენებული იმუნოსუპრესანტი;
  • სერტრალინი — ანტიდეპრესანტი.

ტემპალგინის მიღებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმებთან მუშაობისგან და ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ. პრეპარატი ყურადღების კონცენტრაციის უნარს აქვეითებს და რეფლექსებს ანელებს, რაც ტრავმის მიღების რისკს ზრდის. 

ყურადღება გმართებთ ტემპალგინის შემადგენელი კომპონენტების მიმართაც — მისი მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ხორბლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ. ისე კი პრეპარატში არსებული ხორბლის სახამებელი გლუტენს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს და ცელიაკიის მქონე პირებში, როგორც წესი, პრობლემებს არ იწვევს. 

თითო ტაბლეტში ასევე შედის 32.7 მგ. ნატრიუმი, რაც ამ ელემენტის რეკომენდებული დღიური მაქსიმალური დოზის დაახლოებით 1.6%-ს შეადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ პაციენტებს, რომლებიც ნატრიუმის მიღებას მკაცრად ზღუდავენ.

8 აგვ 2025