ფენკაროლი - პრეპარატი, რომელიც ალერგიული რეაქციების სამართავად გამოიყენება
7 ივლ 2025

ალერგიული დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში და მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ქავილი, გამონაყარი, გამონადენი ცხვირიდან, თვალების წვა და შეშუპება — ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომლებითაც ალერგია თავს იჩენს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა იმ პრეპარატებზე, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ალერგიული სიმპტომები ეფექტიანად და უსაფრთხოდ ვმართოთ. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მედიკამენტია ფენკაროლი (Fenkarol) - ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც მოქმედების უნიკალური მექანიზმით გამოირჩევა.
ფენკაროლის აქტიური ნივთიერებაა ქვიფენადინის ჰიდროქლორიდი. პრეპარატს ახასიათებს პერიფერიულ ქსოვილებში ჰისტამინის H1 რეცეპტორების ბლოკირების თვისება და, ამავდროულად, ჰისტამინის კონცენტრაციის შემცირება ქსოვილში ფერმენტ დიამინოქსიდაზას აქტივაციის გზით. სწორედ ამ ორიგინალური მექანიზმის გამო, ის ხშირად ეფექტიანია იმ პაციენტებისთვისაც კი, რომლებიც რეზისტენტულები არიან სხვა ანტიჰისტამინების მიმართ.
წამალი ფენკაროლი შედარებით სუსტად აღწევს თავის ტვინის ქსოვილებში, რაც ხსნის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი დამთრგუნველი მოქმედების მინიმალურ დონეს. შესაბამისად, ის ნაკლებად იწვევს ძილიანობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აქტიურ რეჟიმში ცხოვრობს ან სატრანსპორტო საშუალებებს მართავს.
ფენკაროლი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. დოზირება განსხვავდება ასაკის, კლინიკური სურათის და პრეპარატის ფორმის მიხედვით.
ფენკაროლი 25 მგ გამოიყენება ძირითადად მოზრდილებში. რეკომენდებულია დღეში 2-4-ჯერ, 25-50 მგ-ის მიღება. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ-ს. 12 წელზე უფროს მოზარდებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად 10-20 დღეს შეადგენს და, საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება განმეორდეს.
ფენკაროლი 10 მგ პრეპარატის საბავშვო ვერსიაა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მედიკამენტი დალიეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ, თუმცა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია, უბრალოდ განრიგს მიჰყევით.

ფენკაროლის მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა ქვიფენადინის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ. ამასთან, ფენკაროლი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ამ დროსაც მიზანშეწონილია პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან ქვიფენადინის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ფენკაროლის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან, ღვიძლთან, თირკმელთან ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული მძიმე დაავადებები. გარდა ამისა, პაციენტები, რომელთა საქმიანობა მოითხოვს სწრაფ რეაქციებს ან მანქანის მართვას, პირველ რიგში უნდა დააკვირდნენ, იწვევს თუ არა პრეპარატი ძილიანობას მათში.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, ფენკაროლის მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა - თვითნებურად. ამასთან, ფენკაროლის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ფენკაროლს, როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმი კარგად იღებს, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდეს, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბებისას. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
სედაცია განსაკუთრებით იშვიათად ვლინდება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატი ძალიან სუსტად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ძილიანობა ან ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, მიზანშეწონილია, დროებით შეწყდეს ავტომანქანის მართვა ან სხვა რთული მექანიზმების გამოყენება.
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომები, როგორებიც არის: თავის ტკივილი, ღებინება, ლორწოვანი გარსების სიმშრალე და მუცლის ტკივილი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევა, სიმპტომური მკურნალობა, გამწმენდი ოყნის გამოყენება, ადსორბენტებისა (გააქტივებული ნახშირი და ა. შ.) და დიდი რაოდენობით წყლის მიღება.
7 ივლ 2025