აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფურაგინი — ყველაფერი, რაც ამ მედიკამენტის შესახებ უნდა იცოდეთ

უკან

ფურაგინი — ყველაფერი, რაც ამ მედიკამენტის შესახებ უნდა იცოდეთ

6 ივლ 2025

მედიკამენტი ფურაგინი

ფურაგინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ მოხმარებადი ანტიბაქტერიული მედიკამენტია, რომელიც ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის, კონკრეტულად კი, შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს გამოიყენება. 

რა არის ფურაგინი და რისგან შედგება ის?

ფურაგინი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს – ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80-სა და სტეარინის მჟავას. მედიკამენტი ანადგურებს მრავალი სახეობის ბაქტერიას და ეფექტიანია როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. პრეპარატი ასევე მოქმედებს სტაფილოკოკებისა და მიკროორგანიზმების სხვა პათოგენურ შტამებზე, რომლებიც, როგორც წესი, რეზისტენტული არიან სულფანილამიდებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. 

ფურაგინის უპირატესობაა ისიც, რომ მის მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნელა ვითარდება და ვერ აღწევს მაღალ ხარისხს.

რისთვის გამოიყენება ფურაგინი — ჩვენებები

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მედიკამენტი ფურაგინი ძირითადად შარდსასქესო სისტემის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ესენია ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი და პიელონეფრიტი. ისინი განსხვავებული მიმდინარეობითა და სიმპტომებით ვლინდება.

  • ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა და შარდსასქესო სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს. მისი ძირითადი სიმპტომებია ხშირი და მტკივნეული შარდვა, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ზოგჯერ ცისტიტის დროს შარდში შეინიშნება სისხლიც. 
  • ურეთრიტი ურეთრის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც ხშირად თან ახლავს ცისტიტს, მაგრამ შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლადაც. ამ დროს პაციენტი უჩივის წვასა და ქავილს შარდვის დროს, ასევე შეშუპებასა და სხვა სახის დისკომფორტს. 
  • პროსტატიტი მამაკაცებში გავრცელებული პროსტატის ჯირკვლის ანთებაა. ის  შესაძლოა განვითარდეს შარდსასქესო სისტემის სხვა ინფექციებიდან, ჭრილობების ან ურეთრიტისა და ცისტიტის გართულების შედეგად. პროსტატიტის ძირითადი ნიშნებია გახშირებული შარდვა, შარდვის დაწყების სირთულე, დაუმთავრებელი შარდვისა და მოშარდვისას წვის შეგრძნება, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე, თეძოს, წელისა და ბარძაყების მიდამოში. 
  • პიელონეფრიტი თირკმელების და საშარდე გზების უფრო რთული ინფექციაა, რომელიც ხშირად ვითარდება ცისტიტის ან ურეთრიტის არასწორი ან არასრული მკურნალობის შემთხვევებში. მისი კლინიკური ნიშნებია ცხელება, ძლიერი ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში ან თეძოს არეში, გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, დაღლილობა, ხშირი და ტკივილიანი შარდვა, შარდის სუნის ან ფერის ცვლილება. 

ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ამ ინფექციებთან ბრძოლაში განსაკუთრებით ეფექტიანია ფურაგინი, რადგან ის არა მხოლოდ ბაქტერიებთან ბრძოლას უზრუნველყოფს, არამედ ამცირებს რეციდივის შემთხვევებსაც. ის სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ბაქტერიოსტატული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 8-12 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. ფურაგინი ზოგჯერ გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნითაც, შარდსასქესო ინფექციების პრევენციისთვის.

როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ფურაგინმა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციები, თუმცა ისინი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ხასიათისაა და მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თავისით ქრება. ფურაგინის ძირითადი გვერდითი მოვლენებია: 

  • ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ქავილი, სიწითლე, გამონაყარი კანის სხვადასხვა ადგილას;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, რაც შეიძლება გამოიხატოს გულისრევის შეგრძნებით, დიარეითა და შებერილობით;
  • იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით არასწორი დოზის მიღებისას;
  • ნეიროპათია;
  • თავბრუსხვევა;
  • ტკივილი კიდურებში (ძალიან იშვიათად).

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდგომი რეკომენდაციებისთვის. 

 

ფურაგინის მიღების წესი

ვისთვის არ არის რეკომენდებული მედიკამენტის გამოყენება? 

ფურაგინი უსაფრთხო ანტიბაქტერიული პრეპარატია, თუმცა მისი გამოყენება იზღუდება გარკვეულ ჯგუფებში ან მოითხოვს დამატებით სიფრთხილის ზომებს. მათ შორის არიან:

  • ორსულები და მეძუძური ქალები – ფურაგინის მიღება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით I და III ტრიმესტრში, არ არის რეკომენდებული, რადგან მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. მეძუძური დედების შემთხვევაში, ფურაგინი შეიძლება გადავიდეს რძეში, რამაც გამოიწვიოს ახალშობილებში არასასურველი რეაქციები. ამიტომ მათ პრეპარატი მხოლოდ მკაცრი სამედიცინო კონტროლის შემთხვევაში ენიშნებათ.
  • თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტები – ფურაგინის გამოდევნა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით ხდება. ამიტომ თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის ორგანიზმში დაგროვების რისკი იზრდება, რაც იწვევს ტოქსიკურ ეფექტს. ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნეიროპათია ან ინტოქსიკაცია. ასეთი პაციენტებისთვის საჭიროა პრეპარატის დოზის მაქსიმალური სიზუსტით შერჩევა ან სხვა ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა.
  • პირები, რომლებსაც აქვთ ალერგია მედიკამენტის შემადგენელ კომპონენტებზე – ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს მსუბუქი (გამონაყარი, ქავილი), მაგრამ ასევე მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში (მაგ. ანაფილაქსია).
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვები – ზოგადად, ფურაგინის გამოყენება ბავშვებში მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მოზარდებში მათი გამოყენება დაშვებულია, თუმცა სათანადო დოზის შერჩევითა და მკურნალობის პროცესის მკაცრი კონტროლით. 

ფურაგინის სწორად მიღება – რა უნდა გაითვალისწინოთ?

ფურაგინის მიღება შესაძლებელია ტაბლეტების ან კაფსულების სახით, დღეში 2-4-ჯერ. დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. 

ფურაგინის მიღებისას აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:

  • ზუსტად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციას – შარდსასქესო სისტემის ინფექციების მკურნალობა საჭიროებს სიზუსტეს და დისციპლინას. აუცილებელია მკურნალობის სქემა, დოზა და ხანგრძლივობა სრულად შეესაბამებოდეს ექიმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას;
  • არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ – ორმაგი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები – გულისრევა, თავბრუსხვევა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები;
  • დააყოლეთ პრეპარატს საკმარისი რაოდენობის წყალი –  საკმარისი წყლის მიღებით დაეხმარებით ორგანიზმს მედიკამენტის უკეთ შეთვისებასა და გამოდევნაში, რაც შეამცირებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს. ამასთან, წყალი შარდსასქესო სისტემას ასუფთავებს ბაქტერიებისგან და ხელს უწყობს ინფექციის სრულად აღმოფხვრას;
  • არ შეაწყვეტინოთ მკურნალობა ნაადრევად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები გაქრა – სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების სრულად განადგურებას. თუ მკურნალობას ადრე შეწყვეტთ, ბაქტერიები შესაძლოა ისევ გაძლიერდეს ან კვლავ გავრცელდეს, რაც გამოიწვევს რეციდივს და უფრო რთულ კლინიკურ სურათს.

გარდა ამისა, აუცილებელია ექიმს გააცნოთ ყველა იმ მედიკამენტის ჩამონათვალი, რომელსაც იღებთ ან იღებდით უახლოეს წარსულში. ფურაგინი რეაქციაში შედის ისეთ პრეპარატებთან, როგორებიცაა ანტიკოაგულანტები, თირკმლის სამკურნალო მედიკამენტები, სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატები.

დაბოლოს, თუ გაწუხებთ შარდსასქესო სისტემის ინფექციის სიმპტომები, როგორებიცაა ხშირი და მტკივნეული შარდვა, წვა შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან თეძოს არეში, ასევე მაღალი ტემპერატურა ან საერთო სისუსტე, აუცილებლად დანიშნეთ ვიზიტი ექიმთან. 

ხშირად, ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც არა მხოლოდ წარუმატებლად სრულდება, არამედ შეიცავს საფრთხესაც. განსაკუთრებით, თუ საქმე ანტიბაქტერიული პრეპარატების მოხმარებას ეხება. გახსოვდეთ, პრობლემის სწრაფად და უსაფრთხოდ აღმოფხვრა მხოლოდ სწორად შერჩეული მედიკამენტითა და მკურნალობის ტაქტიკით არის შესაძლებელი. ასე რომ, იყავით ყურადღებით, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და იმოქმედეთ გონივრულად.

6 ივლ 2025