აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქლორჰექსიდინი — საიმედო ფარი, რომელიც ინფექციებისგან გიცავთ

უკან

ქლორჰექსიდინი — საიმედო ფარი, რომელიც ინფექციებისგან გიცავთ

5 აგვ 2025

ქლორჰექსიდინი სტომატოლოგიაში

 

ყოველ დღე თითოეული ჩვენგანის სხეულს მილიონობით მიკრობთან აქვს კონტაქტი — ზოგი მათგანი უსაფრთხოა, ზოგს კი ძალიან სერიოზული ინფექციების გამოწვევა შეუძლია. 

არ აქვს მნიშვნელობა, რასთან გვაქვს საქმე — გაღიზიანებულ ღრძილებთან თუ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ღია ჭრილობასთან, ჰიგიენის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მედიცინა მუდმივად მუშაობს ეფექტიანი ანტისეპტიკური საშუალებების შექმნაზე. ერთ-ერთი ასეთი საშუალება ქლორჰექსიდინია — პრეპარატი, რომელიც ექიმებისა და პაციენტების ნდობით თანაბრად სარგებლობს.

ქლორჰექსიდინის ხსნარი ანტიმიკრობული აგენტია, რომელსაც ბაქტერიების, სოკოებისა და ზოგი ვირუსის მოკვლის უნარი აქვს. პრეპარატი გამოიყენება როგორც გარეგანი დატანისთვის ისე პირის ღრუს სავლებად (ქლორჰექსილის დასახელებით).  

ქლორჰექსიდინი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • სტომატოლოგიაში, პირის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ;
  • ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს;
  • ჭრილობების დეზინფექციისთვის;
  • ვენერული დაავადებების სამკურნალოდ (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი);
  • ოპერაციის წინ კანის გასაწმენდად;
  • ნოზოკომიური ინფექციების (საავადმყოფოსშიდა ინფექცია) თავიდან ასარიდებლად

ქლორჰექსიდინის ხანგრძლივი მოქმედება და დაბალი სისტემური შეწოვა მას პრევენციული და თერაპიული გამოყენებისთვის იდეალურ საშუალებად აქცევს.

ქლორჰექსიდინი: ზოგადი ინფორმაცია და გამოყენება

როგორც აღინიშნა, ქლორჰექსიდინი ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით ხასიათდება. იგი ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე და ეფექტიანად უმკლავდება ტრეპონემებს, გონოკოკებსა და ტრიქომონადებს. არ ახასიათებს თერაპიული მოქმედება ვირუსების, უმარტივესი სოკოებისა და მიკრობული სპორების წინააღმდეგ.

პრეპარატის აქტიური ნივთიერება ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატია, ხოლო დამხმარე ნივთიერება მხოლოდ გამოხდილი წყალია. მისი მოქმედების მექანიზმი ბაქტერიების ციტოპლაზმური მემბრანის დაშლის უნარს ეფუძნება, რის შედეგადაც ოსმოსური წონასწორობა ირღვევა და, საბოლოო ჯამში, ეს ბაქტერიების უჯრედების სიკვდილს განაპირობებს.

ქლორჰექსიდინი სტომატოლოგიაში აქტიურად გამოიყენება — პარადონტალური ჯიბეებისა და ფისტულების სადეზინფექციოდ, გინგივიტის, პარადონტიტის, ალვეოლიტის, სტომატიტის დროს. აღსანიშნავია, რომ ქლორჰექსიდინისა და ფტორის შემცველი კბილის პასტების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მინანქრის შეფერილობა გამუქდეს, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. გარდა სტომატოლოგიური გამოყენებისა, ქლორჰექსიდინი გამოიყენება გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, დერმატოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და ქირურგიაში.

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, ის ინტაქტურ (ხელუხლებელ, დაუზიანებელ) კანში არ აღწევს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ფაქტობრივად, არ შეიწოვება. 300 მგ შემთხვევით ჩაყლაპვის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 0,206 მკგ/ლ-ს. ძირითადად გამოიყოფა განავლის მასებთან ერთად (90%), 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელების მიერ.

 

ქლორჰექსიდინი გამოყენების წესი

როგორია ქლორჰექსიდინის გამოყენების წესი

ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში ქლორჰექსიდინი გამოიყენება გამოსავლებად 2-3-ჯერ დღეში. ვენერიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი გამოიყენება სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 2 საათისა. აუცილებელია მოხდეს მისი გამოყენება მოშარდვის შემდგომ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოქმედება არაეფექტიანი ხდება. მამაკაცებისათვის პრეპარატი შეიყვანება საშარდე არხში 2-3 მლ, ხოლო ქალებისთვის 1-2 მლ საშარდე არხში და 5-10მლ ვაგინალურ ღრუში.

ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ხდება ურეთრაში ქლორჰექსიდინის 0.05%-იანი ხსნარის შესხურებით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 10 დღეს შეადგენს. პროცედურების წარმოება სასურველია დღეგამოშვებით. 

ქლორჰექსიდინი გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო ინსტრუმენტების სადეზინფექციოდ, შესაძლებელია ქირურგიული ინსტრუმენტები ჩალაგდეს ქლორჰექსიდინის ხსნარში 5 წუთის განმავლობაში. 

რაც შეეხება ქლორჰექსიდინის გამოყენებას კანისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს ის წარმოებს 5-10 მლ-ის ოდენობის ხსნარის დატანით დაზიანებულ უბანზე ან შესხურებით 2-3-ჯერ დღეში.

ქლორჰექსიდინის გადაყლაპვა არ შეიძლება! ინსტრუქციის შესაბამისად მოხმარებისას პრეპარატის ზედოზირება შეუძლებელია. პრეპარატის შიგნით მოხვედრისას აუცილებალია კუჭის ამორეცხვა. ქლორჰექსიდინის ხსნარის ორგანიზმში მოხვედრისას სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები

როგორც ნებისმიერი სამედიცინო საშუალების, ისე ქლორჰექსიდინის გამოყენებისას, ზედმიწევნით უნდა დაიცვათ წესები და უსაფრთხოების ზომები, რათა მაქსიმალურად შეამციროთ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების განვითარების შანსები.

პირველ რიგში, ქლორჰექსიდინის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ბავშვებში.

შესაძლებელია პრეაპარატის გამოყენებისას განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის სიმშრალე, ქავილი, დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, წებოვნება, რომელიც 3-5 წუთის შემდეგ ქრება — ამიტომ, მოერიდეთ ქლორჰექსიდინის გამოყენებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

იშვიათად მოსალოდნელია სტომატოლოგიური გართულებები — კბილის ემალის ფერის შეცვლა, ქვების წარმოქმნა და გემოვნების დარღვევა პირის ღრუში. რაიმე არასასურველი მოვლენის წარმოქმნისას, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და აუცილებლად მიმართოთ ექიმს.

რაც შეეხება სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას, ქლორჰექსიდინის პარალელურად ლევომიცეტინის, ცეფალოსპორინების, კანამიცინის, ნეომიცინის გამოყენებისას შეიმჩნევა ბაქტერიების მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატი შეუთავსებელია დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონურ ჯგუფს, კერძოდ: საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა. ასევე, არ არის რეკომენდებული იოდთან ერთდროული გამოყენება. 

ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას აუცილებელია მოხდეს სწრაფად და გულმოდგინედ ჩამობანვა ცივი წყლის საშუალებით. ასევე, დაუშვებელია ქლორჰექსიდინის გამოყენება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქალა-ტვინის ტრამვა, ზურგის ტვინის დაზიანება და დაფის აპკის პერფორაცია. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება დერმატიტისა და კანის ვირუსული დაავადებების არსებობისას. 

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ქლორჰექსიდინი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის — ეს გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. ნუ დაიმუშავებთ სარძევე ჯირკვლების ზედაპირს კვების წინ. 

 

ქლორჰექსიდინი გამოყენების წესი

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

ქლორჰექსიდინი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ქლორჰექსიდინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ნუ ჩათვლით ქლორჰექსიდინს მხოლოდ სადეზინფექციო საშუალებად — ის ბევრად მეტია, რადგან აქტიურად გიცავთ ბაქტერიული კოლონიზაციისგან და კლინიკებისთვის თუ ცალკეული პაციენტებისთვის ინფექციის კონტროლის საქმეში ხშირად ქვაკუთხედის როლს თამაშობს. 

5 აგვ 2025