| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ამპულა |
| მოქმედი ნივთიერება | sulodexide |
| დოზა | 600სე/2მლ |
ჩვენებები: ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი.
ანგიოფლუქსი 600 ლე/2 მლ საინექციო ხსნარი
სულოდექსიდი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ანგიოფლუქსი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ანგიოფლუქსის მიღებამდე;
3. ანგიოფლუქსის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ანგიოფლუქსის შენახვის წესი;
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ანგიოფლუქსი და მისი გამოყენება
ანგიოფლუქსის აქტიური ნივთიერებაა სულოდექსიდი, რომელიც მიეკუთვნება ჰეპარინის ანტითრომბოზული მედიკამენტების კლასს. სულოდექსიდი (გლუკორონილგლუკოზამინგლიკანის სულფატი) წარმოადგენს 80% დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინის (ანტიკოაგულანტური ნივთიერება) და 20% ჰეპარინის მსგავსი ნივთიერების, ე.წ. დერმატანის სულფატის (ანტიკოაგულანტური ნივთიერება) გაწმენდილ ნარევს.
მედიკამენტს გააჩნია ანტიკოაგულაციური მოქმედება სისხლში, რაც ხელს უშლის ან ამცირებს თრომბოზული დაავადების (სისხლში თრომბების ფორმირების) პროგრესს.
სულოდექსიდი ააქტიურებს სისტემას, რომელიც ახდენს შემადედებელი ფაქტორების ჭარბი წარმოქმნის, ან მათი დალექვის რეგულირებას სისხლის ნაკადში (ცირკულაციური და კედლის ფიბრინოლიზური სისტემა), ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას (ბარიერებისა და თრომბების წარმოქმნას) და აუმჯობესებს სისხლის სიბლანტეს (პლაზმის სიბლანტის პარამეტრებს).
ანგიოფლუქსი ნაჩვენებია ვენური ნახეთქების (ქრონიკული ვენური წყლულების) ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება.
იხილეთ ბლოგი: ანგიოფლუქსი — რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატის ამპულასა და კაფსულებზე
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ანგიოფლუქსის მიღებამდე
დაუშვებელია ანგიოფლუქსის მიღება
• თუ პაციენტი ალერგიულია სულოდექსიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
• თუ პაციენტი ალერგიული ჰეპარინის ან ჰეპარინოიდების მიმართ (ამ მედიკამენტის მსგავსი ანტიკოაგულანტური ნივთიერებები);
• თუ პაციენტს ძლიერი მიდრეკოლება აქვს სისხლდენისადმი (ჰემორაგიული დიათეზი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ანგიოფლუქსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის სწორად მიღების ინსტრუქციის შესახებ.
როგორც ყველა ანტიკოაგულანტური მედიკამენტებით მკურნალობის დროს, მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს სისხლის შედედების პარამეტრებს (სისხლის კოაგულაციას).
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
სხვა მედიკამენტები და ანგიოფლუქსი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თუ პაციენტი იღებს სისხლის სხვა გამათხევადებლებს (ანტიკოაგულანტებს). ანგიოფლუქსის აქტიური ნივთიერება არის ჰეპარინის მსგავსი მოლეკულა და შეიძლება გააძლიეროს თვითონ ჰეპარინის და პერორალური (შიგნით მისაღები) ანტიკოაგულანტების ანტიკოაგულაციური ეფექტები მათი ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ან ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
სიფრთხილის მიზნით, უმჯობესია, არ მოხდეს ანგიოფლუქსის მიღება ფეხმძიმობის დროს.
ანგიოფლუქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან ირიბი საზიანო ეფექტები მდედრის ან მამრის ნაყოფიერებაზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ანგიოფლუქსი არ ახდენს გავლენას, ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ანგიოფლუქსი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ კაფსულაში, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3. ანგიოფლუქსის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა: 1 ფლაკონი დღეში ინტრამუსკულარული (კუნთშიდა) ან ინტრავენური (ვენაში) ინექციის სახით.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ანგიოფლუქსის საინექციო ხსნარით და 15-20 დღის შემდეგ მისი გაგრძელება კაფსულებით 30-40 დღის განმავლობაში.
სრული თერაპიული ციკლი უნდა გამეორდეს სულ მცირე წელიწადში ორჯერ. ექიმის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დოზის რაოდენობა და მიღების სიხშირე შეიძლება განსხვავებული იყოს.
ანგიოფლუქსის დოზის გადაჭარბებისას
ანგიოფლუქსის შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
ანგიოფლუქსის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ანგიოფლუქსით მკურნალობის შეწყვეტისას
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუზველზე)
• ტკივილი, წვა და ჰემატომა (სისხლის ტრომბი) ინექციის ადგილზე.
აღნიშნული გევრდითი ეფექტები ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა. გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის სრულად გათვალისწინება ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან მიმართვა, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების შესახებაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის საშუალებით, შემდეგზე: წწწ.აიფა.გოვ.იტ/ცონტენტ/სეგნალაზიონი-რეაზიონი-ავვერსე. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ,
5. ანგიოფლუქსის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. შენახვის ვადა გულისხმობს, რომ პროდუქტი ინახება დაუზიანებელი შეფუთვით და სათანადო პირობებში.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ანგიოფლუქსი
• აქტიური ნივთიერებაა სულოდექსიდი. ერთი ფლაკონი შეიცავს 600 ლე სულოდექსიდის
• დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ანგიოფლუქსის ფორმა და შეფუთვა
ანგიოფლუქსი საინექციო ხსნარია.
შეფუთვის შემცველობა 2 მლ-იანი 10 ფლაკონი.