აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ანგიოფლუქსი — რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატის ამპულასა და კაფსულებზე

უკან

ანგიოფლუქსი — რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატის ამპულასა და კაფსულებზე

6 აგვ 2025

Angioflux, ამპულა და კაფსულა.

 

ანგიოფლუქსი თანამედროვე თაობის ანტითრომბოზული პრეპარატია, რომელიც ვენური და არტერიული სისხლძარღვების პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება. მის ძირითად აქტიურ ნივთიერება სულოდექსიდს სისხლის შედედების პროცესების მიმართ კომპლექსური მოქმედება გამოარჩევს, რაც მედიკამენტის ეფექტიანობას განაპირობებს როგორც თრომბოზის პრევენციაში, ისე მის მკურნალობაში.

ანგიოფლუქსი ხელმისაწვდომია ორი ფორმით: კაფსული (250 მგ) და ამპულა (600 მგ). ანგიოფლუქსი ტაბლეტის სახით არაა ხელმისაწვდომი.

როგორ მოქმედებს პრეპარატის აქტიური ნივთიერება 

მედიკამენტში შემავალი აქტიური კომპონენტი, სულოდექსიდი, ჰეპარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი გლუკორონილგლუკოზამინგლიკანის სულფატის შემცველი ნაერთია, რომელიც 80% დაბალმოლეკულური ჰეპარინისგან და 20% ე.წ. დერმატანის სულფატისგან შედგება. ორივე მათგანი ბუნებრივად ახერხებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რეგულაციას, რაც ანგიოფლუქსის თერაპიულ ეფექტს განაპირობებს.

სულოდექსიდს ანტიკოაგულანტური და ფიბრინოლიზური ეფექტი აქვს. იგი სისხლის მიმოქცევის სისტემაში არსებულ ფიბრინოლიზურ მექანიზმებს ააქტიურებს, რაც სისხლში ჭარბი შედედების ფაქტორების დალექვას უშლის ხელს. შედეგად, მცირდება თრომბოციტების აგრეგაცია და უმჯობესდება სისხლის სიბლანტე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტით გამოწვეული მიკროცირკულაციის დარღვევების დროს.

როდის გამოიყენება ანგიოფლუქსი 

ანგიოფლუქსი ფართო სამედიცინო ჩვენებებით გამოირჩევა და შემდეგი დაავადებების დროს გამოიყენება:

  • ქრონიკული ვენური წყლულები და ფლებოპათია, როდესაც დაზიანებული ვენური კედლები;
  • ღრმა ვენების თრომბოზი, რაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ვენური პათოლოგიაა;
  • პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი, როდესაც თრომბის წარმოქმნის რეალური რისკი არსებობს;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული ანგიოპათიები: როგორც მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია), ისე მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, დიაბეტური ენცეფალოპათია, კარდიოპათია);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (როგორც პროფილაქტიკის საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ განმეორებითი ეპიზოდები).

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

ანგიოფლუქსით მკურნალობა, როგორც წესი, იწყება ამპულებით და გრძელდება კაფსულებით.

ანგიოფლუქსის ამპულა მიიღება დღეში ერთხელ, ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. ინტრავენური გამოყენებისას ანგიოფლუქსის ამპულები 150-200 მლ. ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება. სტანდარტული კურსი 15-20 დღე გრძელდება.

ანგიოფლუქსი 250 მგ-იანი კაფსულის სახით დღეში ორჯერ მიიღება, ჭამიდან ჭამამდე პერიოდში. ინიექციური თერაპიის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია კაფსულების 30-40-დღიანი კურსი.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში, ანგიოფლუქსის მიღება იწყება ინფარქტის მე-7–მე-10 დღიდან: ინიექციური ფორმით (ანგიოფლუქსი 600 მგ) ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც პაციენტი გადადის პერორალურ თერაპიაზე — 1 კაფსული დღეში 2-ჯერ 12 თვის განმავლობაში.

მკურნალობის სრული კურსი მიზანშეწონილია განმეორდეს მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში, რაც სისხლძარღვთა სისტემის სტაბილურობასა და თრომბოზული გართულებების პრევენციას უწყობს ხელს. დოზირება, შესაძლოა, შეიცვალოს ინდივიდუალური კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მკურნალობამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც სისხლის შედედების დარღვევები ან სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს.

 

ქალის ფეხი ვარიკოზული ვენებით, ვენური დაავადებების სიმპტომი.

როგორია ანგიოფლუქსის უკუჩვენებები და შესაძლო გვერდითი ეფექტები 

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი ანგიოფლუქსი კარგად გადაიტანება, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც მისი მიღება არასასურველი ან აკრძალულია.

მაგალითად, პრეპარატის მიღება დაუშვებელია, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია სულოდექსიდის ან სხვა კომპონენტების მიმართ. ანგიოფლუქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ჰეპარინის ან ჰეპარინოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაშიც, სულოდექსიდთან მათი ქიმიური მსგავსების გამო. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში; მათ შორის იმ პირებში, ვისაც ჰემორაგიული დიათეზი აქვს.

ანგიოფლუქსის მიღებისას გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება, თუმცა გარკვეული დისკომფორტი შესაძლებელია.

ანგიოფლუქსის 250 მგ-იანი კაფსულების მიღებისას ზოგჯერ ვლინდება კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოხატული სიმპტომები, როგორიცაა: ღებინება, ეპიგასტრალგია (მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი) და ზოგადი დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

ინიექციური გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი, წვის შეგრძნება ან ჰემატომა ინიექციის ადგილას. აღნიშნული მოვლენები, როგორც წესი, დროებითია და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

სულოდექსიდს, როგორც ჰეპარინის მსგავს ანტიკოაგულანტურ ნივთიერებას, შეუძლია გააძლიეროს სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტი. განსაკუთრებით ეს მოსალოდნელოა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პარალელურად იღებს ჰეპარინს ან ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარაფარინს).

რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ პრეპარატის გამოყენებამდე 

თუ პაციენტი ფეხმძიმობის პერიოდში იმყოფება ან ორსულობას გეგმავს, ანგიოფლუქსის მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგაა რეკომენდებული. იგივე ეხება მეძუძურ დედებსაც. 

ანგიოფლუქსს, როგორც წესი, ავტომობილის ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე გავლენა არ აქვს. ამის მიუხედავად, თითოეული პაციენტის რეაქცია ინდივიდუალურია და პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას მიზანშეწონილია დროებითი დაკვირვება.

ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების (კოაგულოგრამის) რეგულარული კონტროლი, რაც ხელს უწყობს ანტიკოაგულაციური ეფექტის დოზირებულ და უსაფრთხო მართვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ ანგიოფლუქსით თერაპიას ან იღებენ პარალელურ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს.

ანგიოფლუქსი პსპ-ში ორივე ფორმითაა ხელმისავწვდომი, კერძოდ იტალიური წარმოების პრეპარატების სახით. ამ სააფთიაქო ქსელში ანგიოფლუქსი თურქული გამოშვებით არ გვხვდება. 

ანგიოფლუქსის ფასი მის ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კაფსულების ღირებულება დაახლოებით 54 ლარია, ხოლო ამპულები 40 ლარამდე ღირს. მათზე პერიოდულად ფასდაკლებები მოქმედებს.

6 აგვ 2025