ა-ფერინ ფორტე: კომბინირებული პრეპარატი გრიპისა და გაციების სიმპტომების წინააღმდეგ
30 ივნ 2025

ა-ფერინ ფორტე თურქეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი. ის წარმოადგენს კომბინირებულ მედიკამენტს, რომელიც რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას შეიცავს. თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში შედის 650 მილიგრამი პარაცეტამოლი – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, და 4 მილიგრამი ქლორფენირამინის მალეატი – ანტიჰისტამინური ნივთიერება, რომელიც ალერგიული სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.
პრეპარატი ასევე შეიცავს ტიტანის დიოქსიდსა (E 171) და ქინოლინის ყვითელს (E 104), რომლებიც ტაბლეტს დამახასიათებელ ფერს ანიჭებს.
ა-ფერინ ფორტე პსპ-ში რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა მისი გამოყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული. აფთიაქების ქსელში პრეპარატის 30-ტაბლეტიანი შეფუთვაა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ აფერინი სუსპენზიის ფორმითაც იწარმოება.
ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტებს გაციებისა და გრიპის დროს სიმპტომების შემსუბუქების მიზნით იყენებენ. მისი მიღება რეკომენდებულია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ქავილი ცხვირსა და ყელში, თავის, კუნთებისა და ყელის ტკივილი. მას მიმართავენ ასევე საერთო დაღლილობის, რინიტის, ცრემლდენისა და თვალების ქავილისას, რაც გრიპისა და გაციების ხშირ სიმპტომებს წარმოადგენს.
ჩვენებებზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება უკუჩვენებებს – ა-ფერინ ფორტე არ არის რეკომენდებული პირებისთვის, რომლებსაც პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ. ამან შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ა-ფერინ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი პარაცეტამოლი, როგორც აღვნიშნეთ, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით ხასიათდება. ის გავლენას ახდენს თრომბოციტების აგრეგაციასა და პროთრომბინის აქტივობაზე. აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლი მიღების შემდეგ ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება – ის მოქმედებას დაახლოებით 15-30 წუთში იწყებს.
ქლორფენირამინის მალეატი, რომელიც ასევე შედის პრეპარატში, წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. იგი ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ქავილი ცხვირსა და ყელში, აგრეთვე თვალებიდან ცრემლდენა.

ა-ფერინ ფორტე რეკომენდებულია მოზრდილებისთვის და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. სტანდარტული დოზაა 1 ტაბლეტი ყოველ 4 ან 6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით. მაქსიმალური დღიური დოზა 6 ტაბლეტს არ უნდა აღემატებოდეს.
პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ა-ფერინ ფორტეთი ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ნაყოფზე ზიანის რისკი არ აჩვენა, თუმცა ადამიანებში მსგავსი შედეგების დასადასტურებელი კვლევები არ არსებობს, ან ცხოველებში აღმოჩენილი ზიანი ადამიანებში არ დადასტურებულა.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, პრეპარატის გამოყენება მეძუძურ ქალებში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ექიმი მკაცრად განსაზღვრავს და გააკონტროლებს. აქედან გამომდინარე, თუ აუცილებელი არ არის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ა-ფერინ ფორტეს მიღებას მოერიდეთ, სხვა შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს.
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება გამოხატულ იქნას ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვული აღგზნება, შინაგანი დისკომფორტი, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევები (არითმია).
ამ მდგომარეობაში აუცილებელია დაუყოვნებლივი ჩარევა — კუჭის ამორეცხვა (ლავაჟი) და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.
ორგანიზმში პარაცეტამოლის ჭარბი დოზით მოხვედრის შემთხვევაში ეფექტიანია აქტიური ნახშირის მიღება ან N-აცეტილცისტენის გამოყენება, რაც პირველ 16 საათში უნდა მოხდეს.
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია N-აცეტილცისტენის გამოყენება, და მანამდე უკვე მიღებულია აქტიური ნახშირი, საჭიროა კუჭის ხელახალი ამორეცხვა, ნახშირის მოცილების მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია, რაც ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.
ა-ფერინ ფორტეს გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს კანზე გამონაყარი, მხედველობის დროებითი დაბინდვა, იშვიათად კი, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, თავს იჩენს არასასიამოვნო სიმპტომები, მათ შორის მოდუნება ან გაძლიერებული ძილიანობა, აგრეთვე პირის სიმშრალე.
თუ მკურნალობის პროცესში რაიმე უცნაური ან შემაწუხებელი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
გაითვალისწინეთ, რომ ა-ფერინ ფორტეს ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა ფსიქომოტორული დარღვევები განვითარდეს, რაც გავლენას ახდენს პაციენტის უნარზე, მართოს მანქანა ან იმუშაოს მექანიზმებთან.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატში შემავალმა ანტიჰისტამინებმა შეიძლება ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების მოქმედება გააძლიეროს. MAO-ის ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებამ კი შეიძლება გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს ანტიჰისტამინების სედაციური და ანტიმუსკარინული ეფექტები.
პრეპარატის პარალელურად ანტიეპილეფსიური მედიკამენტების, ბარბიტურატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ალკოჰოლის გამოყენებისას მოსალოდნელია პარაცეტამოლის მეტაბოლიზმზე ზემოქმედება. კერძოდ, მათ შეუძლიათ სისხლში პარაცეტამოლის ნახევარდაშლის პერიოდი გაზარდონ.
ასევე, ხანგრძლივი გამოყენებისას, ანტიკონვულსანტებმა და ჰორმონულმა (სტეროიდულმა) პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შესაძლოა ღვიძლის ფერმენტების აქტივაციის ზრდა გამოიწვიოს, რაც პარაცეტამოლის შეწოვის შემცირებას განაპირობებს.
იმისათვის, რომ გვერდითი მოვლენები თავიდან აიცილოთ და ა-ფერინ ფორტე სიფრთხილის ზომების მაქსიმალური დაცვით მიიღოთ, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
30 ივნ 2025