აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბარალგინი — პრეპარატი ტკივილისა და სპაზმების წინააღმდეგ

უკან

ბარალგინი — პრეპარატი ტკივილისა და სპაზმების წინააღმდეგ

5 აგვ 2025

ბარალგინი ამპულა

 

პრეპარატი ბარალგინი საქართველოში იწარმოება და ტაბლტებისა და საინიექციო ხსნარის ფორმით არის ხელმისაწვდომი. წამლის ტაბლეტების ფრომა შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: ნატრიუმის მეთამიზოლს (500 მგ), პიტოფენონის ჰიდროქლორიდსა (0.5 მგ) და ფენპივერინის ბრომიდს (0.1 მგ), რომლებიც ტკივილის შემსუბუქებასა და კუნთების სპაზმების მოხსნაზე კომბინირებულად მოქმედებენ.

რაც შეეხება საინიექციო ხსნარს, მისი შედგენილობა ასეთია: თითო მილილიტრი ხსნარი შეიცავს 500 მგ ნატრიუმის მეთამიზოლს, 2 მგ პიტოფენონის ჰიდროქლორიდს და 0.02 მგ ფენპივერინის ბრომიდს. ბარალგინის ერთი ამპულა შეიცავს 2.5 გ ნატრიუმის მეთამიზოლს, 0.01 გ პიტოფენონის ჰიდროქლორიდს და 0.0001 გ ფენპივერინის ბრომიდს. გარდა აქტიური კომპონენტებისა, პრეპარატში არის დამხმარე ნივთიერებებიც, მათ შორის ქლორწყალბადმჟავა და საინიექციო წყალი.

პსპ-ს აფთიაქების ქსელში ბარალგინი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა. პრეპარატი ბარალგინ-უნის სავაჭრო დასახელებით იყიდება. მყარი ფორმის შემთხვევაში, ერთ ბლისტერზე 10 ტაბლეტია, მუყაოს ერთ შეფუთვაში კი - 10 ბლისტერი, შესაბამისად, 100 ტაბლეტი. საინიექციო ხსნარის ერთ შეკვრაში ბარალგინის 5 ამპულა შედის, 5 მლ-იანი მოცულობით.

რისი წამალია ბარალგინი?

ბარალგინ-უნი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გამოხატული ანალგეზიური (ტკივილის შემამსუბუქებელი), სპაზმოლიზური (გლუვი კუნთების მოდუნების) და სიცხის დამწევი მოქმედება ახასიათებს. მისი მიოტროპული ეფექტი და ნაწილობრივ ანტიქოლინერგული მოქმედება გლუვი კუნთების მოდუნებას იწვევს, რაც სპაზმური ტკივილების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კუნთში შეყვანისას პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. პლაზმის ცილებს 50–60% უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი დედის რძეში გადადის.

ნატრიუმის მეთამიზოლი ინტენსიურად ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში, წარმოქმნის 4 ძირითად მეტაბოლიტს, რომლებიც ასევე შეინიშნება თავისა და ზურგის ტვინის სითხეში. პრეპარატის აქტიური ნივთიერებები ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლებით გამოიდევნება.

რაც შეეხება ბარალგინ-უნის გამოყენებას, მას მიმართავენ ტკივილის სინდრომისას შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმის დროს, მათ შორის თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავების კოლიკის, დისმენორეისა და ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის დროს.

პრეპარატი ასევე ეფეტიანია ტკივილის ხანმოკლე შემსუბუქებისთვის ნევრალგიის, ართრალგიისა და იშალგიის შემთხვევაში.

დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების შემდეგ ტკივილების შესამსუბუქებლად ბარალგინი ხშირად დამხმარე პრეპარატის სახით გამოიყენება.

 

ბარალგინი მიღება

რა უნდა გაითვალისწინოთ მკურნალობის დაწყებამდე? 

ბარალგინ-უნის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პირაზოლონის, პიტოფენონის, ფენილბუტაზონის ან ფენპივერინის, ასევე მათი სხვა წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.

გარდა ამისა, ეს პრეპარატი არ გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ცნობიერების დაკარგვის, ტაქიარითმიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური სტენოზის შემთხვევაში. პრეპარატის მიცემა დაუშვებელია 3 თვემდე ასაკის ახალშობილებისთვისაც.

ორსულობისას ბარალგინ-უნის მიღება არ არის რეკომენდებული I ტრიმესტრსა და ბოლო 6 კვირის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადგან პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში გადადის.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას აღსანიშნავია, რომ ბარალგინ-უნის ქინაქინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა ანტიქოლინერგული ეფექტები გააძლიეროს. ციკლოსპორინთან ერთდროული დანიშვნისას პლაზმაში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის შემცირებაა მოსალოდნელი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ბარალგინ-უნის ინიექციური ხსნარი შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ შპრიცში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტების მხრიდან, რომელთაც სისტოლური წნევის დაქვეითება (100 მმ ვწ. სვ-ზე ნაკლები) აღენიშნებათ, ასევე არასტაბილური ჰემოდინამიკა ან სისხლმბადი სისტემის დარღვევები. პრეპარატის ხანგრძლივად (1 კვირაზე მეტი) გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.

აგრანულოციტოზის ან თრომბოციტოპენიის ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ატოპიური ბრონქული ასთმისა და პოლინოზის მქონე პაციენტებში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი იზრდება.

2 მლ-ზე მეტი ხსნარის შეყანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან არსებობს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი. დაუშვებელია ბარალგინ-უნის გამოყენება მწვავე აბდომინური ტკივილის დროს, სანამ მისი მიზეზი დადგენილი არ იქნება. ასევე დაიმახსოვრეთ, წამლის პარალელურად ალკოჰოლის მიღება პრეპარატის ტოქსიკურობას ზრდის.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

 

ბარალგინი უკუჩვენება

პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება  

ბარალგინის ტაბლეტები პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. პროცედურის გასამარტივებლად შესაძლია მისთვის წლის მიყოლება. რაც შეეხება საინიექციო ხსნარს, ის კუნთში ან ვენაში ინიშნება.

გამოყენებამდე ბარალგინ-უნის ამპულა ხელში უნდა გაათბოთ. გაითვალისწინეთ, ვენაში სწრაფი შეყვანისას შესაძლოა განვითარდეს არტერიული წნევის სახიფათო დონემდე დაცემა და შოკი, ამიტომ ინიექცია ნელა, მაქსიმუმ 1 მლ წუთში უნდა შესრულდეს. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის, მათ შორის არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირისა და სუნთქვის კონტროლი. ინიექცია რეკომენდებულია მწოლიარე მდგომარეობაში.

მოზრდილები და 15 წელს გადაცილებული მოზარდები: საკონსულტაციო დოზა ერთჯერადად არის 2 მლ ვენაში ან კუნთში. მაქსიმალური ყოველდღიური დოზა — 10 მლ, რაც შეიძლება დაყოფილი იყოს ორ ინიექციად, თითოეული 5 მლ.

ბავშვებში დოზირების რეკომენდაციები ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით:

  • 12–15 წლის ასაკი (სხეულის მასა 50 კგ-მდე):
    ერთჯერადი დოზა — 0.8 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 6.4 მლ (1.6 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 8–11 წლის ასაკი (33 კგ-მდე):
    ერთჯერადი დოზა — 0.5 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 4 მლ (1 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 5–7 წლის ასაკი (24 კგ-მდე):
    ერთჯერადი დოზა — 0.4 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 3.2 მლ (0.8 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 3–4 წლის ასაკი (18 კგ-მდე):
    ერთჯერადი დოზა — 0.2 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 2.4 მლ (0.6 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 1–2 წლის ასაკი (12–14 კგ):
    ერთჯერადი დოზა — 0.2 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 1.6 მლ (0.4 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 6–11 თვის ასაკი (8–10 კგ):
    პრეპარატი ინიშნება მხოლოდ კუნთში;
    ერთჯერადი დოზა — 0.1 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 1.2 მლ (0.3 მლ ოთხჯერ დღეში).
  • 3–5 თვის ასაკი (5.5–7.5 კგ):
    პრეპარატი ინიშნება მხოლოდ კუნთში;
    ერთჯერადი დოზა — 0.1 მლ;
    მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 0.8 მლ (0.2 მლ ოთხჯერ დღეში).

დოზირება და ინექციის სიჩქარე აუცილებელია მკაცრად ექიმის მითითებისამებრ და პაციენტის მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.

ბარალგინ-უნის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა ბარალგინ-უნის გამოყენების შემდეგაც გამოვლინდეს. მათ შორის აღსანიშნავია ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი და, იშვიათ შემთხვევებში, ანაფილაქსიური შოკი და ჭინჭრის ციება. ასევე ზოგ შემთვხევაში მოსალოდნელია ანგიონევროზული შეშუპება.

პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა და არტერიული წნევის დაქვეითება. ზოგჯერ ფიქსირდება ტაქიკარდია, ციანოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი.

ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება. ასევე აღწერილია სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომები.

წამლის გვერდით მოვლენებს შორის არის თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც ვლინდება ოლიგურიით, ანურიით, პროტეინურიით, ინტერსტიციური ნეფრიტით ან შარდის წითლად შეფერვით. ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნება ოფლის გამოყოფის შემცირება და შარდის გამოყოფის გაძნელება.

პრეპარატის კუნთში შეყვანისას შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, მათ შორის ინფილტრატები ინიექციის ადგილას.

5 აგვ 2025