აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბენზილორი — საწუწნი ტაბლეტები ყელის ჯანმრთელობისთვის

უკან

ბენზილორი — საწუწნი ტაბლეტები ყელის ჯანმრთელობისთვის

5 ივლ 2025

ბენზილორი საწუწნი ტაბლეტი

ბენზილორი არის ეფექტიანი კომბინირებული საშუალება, რომელიც პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი ინფექციების სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება. ბენზილორი 5 მგ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ კომპონენტს — ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდსა და ბენზოკაინს. 

ქლორჰექსიდინი არის ანტისეპტიკი, რომელიც აქტიურად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხია კოლი, აკინეტობაქტერი, შიგელა და კლეფსიელა. დაბალი კონცენტრაციით ქლორჰექსიდინი იწვევს ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს, ხოლო მაღალი კონცენტრაციით —  ბაქტერიოციდულს, რაც ხელს უწყობს ინფექციური აგენტების განადგურებას. 

მისი ანტიბაქტერიული მოქმედება ეფუძნება ბაქტერიის უჯრედულ კედელთან მიბმას, რის შედეგადაც ირღვევა უჯრედის მემბრანის სტრუქტურა და იზრდება გამტარობა, რაც ბაქტერიის ფუნქციონირების შეწყვეტას იწვევს.

ბენზილორის ანოტაცია — როგორ მოქმედებს პრეპარატი

ბენზოკაინი, რომელიც ბენზილორის ტაბლეტის შედგენილობაში შედის, ადგილობრივი ანესთეტიკია. იგი ეფექტიანად თრგუნავს ნერვულ ბოჭკოზე სტიმულაციის გავრცელებას და ტკივილის იმპულსებს ბლოკავს. ამ გზით ბენზილორი საწუწნი ტაბლეტის სახით არამხოლოდ ანტიმიკრობულ, არამედ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასაც ითავსებს. ეს თვისება განსაკუთრებით სასარგებლოა ყელის ტკივილის, მისი გაღიზიანების ან ხმის დაკარგვის დროს.

ბენზილორი 5 მგ. საწუწნი ფორმა იდეალურია ლოკალური მოქმედებისთვის, რადგან აქტიური ნივთიერებები ნელ-ნელა გამოიყოფა პირის ღრუში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ანტიმიკრობულ და ანესთეზიურ ეფექტს. ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% შეიწოვება პირის ღრუდან და შემდეგი 24 საათის განმავლობაში თანდათან გამოიყოფა ნერწყვთან ერთად, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას. მცირე რაოდენობა გადადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საიდანაც უმეტესწილად ფეკალური მასების საშუალებით გამოიდევნება.

ბენზოკაინი პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან მხოლოდ მცირედით შეიწოვება. მისი მეტაბოლიზმი ძირითადად პლაზმის ქოლინესთერაზის გავლენით მიმდინარეობს, რაც ორგანიზმიდან ნივთიერების სწრაფ გამოყოფას უზრუნველყოფს. ბენზოკაინის ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება პარაამინო ბენზოის მჟავა (PABA), რომელიც შარდით გამოყოფისას გარდაიქმნება ამინოჰიპურის მჟავად ან უკავშირდება გლიცინს. ორგანიზმში მისი გარდაქმნა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ბენზილორის ტაბლეტი კარგად გადაიტანება და ეფექტიანად უმკლავდება ყელის არეში დისკომფორტის შემცირებას. პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედებს, რაც სისტემური ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროებას ამცირებს. მედიკამენტი განსაკუთრებით გამოსადეგია ვირუსული ინფექციების ფონზე გაჩენილი თანმხლები ბაქტერიული ანთებებისას, რა დროსაც ლოკალური მკურნალობა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისია.

ბენზილორის ინსტრუქცია — მიღების წესი და დოზები

ბენზილორის საწუწნი ტაბლეტები გამოსაყენებლად კომფორტულია, რადგან მათი მიღება წყალს არ საჭიროებს. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მგზავრობისას, სამუშაო სივრცეში ან სასწავლო პროცესში.

ბენზილორი გამოყენებისას რეკომენდებულია გაითვალისწინოთ კომპონენტებისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობა. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ბენზოკაინის მიმართ, საჭიროა სიფრთხილე ალერგიული ფონის მქონე პირებში. ბენზილორი ბავშვებისთვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული, ასევე არც ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

წამალი ბენზილორი განკუთვნილია მოზრდილი პაციენტებისთვის და გამოიყენება ოროფარინგეალურად, ანუ პირდაპირ პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანზე ზემოქმედებით. ის ნელა უნდა ჩაიწუწნოს, რათა აქტიური ნივთიერებები თანდათან, ერთგვაროვნად მოხვდეს ორგანიზმში და მაქსიმალურად იმოქმედოს ლოკალურ ინფექციურ კერაზე. პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს და არც სწრაფად გადაყლაპოს, ვინაიდან ამით მისი მოქმედების ეფექტიანობა მცირდება.

დოზირების რეკომენდაცია მოზრდილებისთვის ასეთია: საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება თითო საწუწნი ტაბლეტი რამდენიმე საათის ინტერვალით მიიღოთ, მაგრამ დღე-ღამეში ამ ოდენობამ 8 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 საათს. ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ აქტიური ნივთიერებების ზედმეტი დაგროვება ორგანიზმში და შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზილორი ტაბლეტები კარგად გადაიტანება და უსაფრთხოდ მიიჩნევა ჩვეულებრივ პირობებში, აუცილებელია ყურადღება მიექცეს სიმპტომების მიმდინარეობას. თუ ყელის ტკივილი ან გაღიზიანება არ იხსნება 2 დღეზე მეტ ხანში ან პირიქით, უარესდება, საჭიროა ექიმის მიერ კლინიკური მდგომარეობის შეფასება. განსაკუთრებით, თუ თავს იჩენს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება. ასეთ შემთხვევებში თვითმკურნალობა სასურველი არაა.

ბენზილორი რეკომენდებული ოდენობით მიღებისას, როგორც წესი, დოზის გადაჭარბებას არ იწვევს. ამის მიუხედავად, ბენზილორი ბავშვებში ზოგჯერ ინტოქსიკაციის სიმპტომების განვითარებას განაპირობებს, ძირითადად ქლორჰექსიდინის კომპონენტის გამო. ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოვლინდეს არეული მეტყველება, ბუტბუტი, ძილიანობა ან არათანაბარი სიარული. ბენზოკაინის ჭარბი სისტემური აბსორბციის შემთხვევაშიც კი, რაც იშვიათია, მოსალოდნელია ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია. შესაძლებელია, აღინიშნოს მხედველობის გაორება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, აგზნებადობა. ამას შეიძლება მოჰყვეს სედატიური მოქმედება, ძილიანობა და კარდიოვასკულარული სისტემის დათრგუნვა (წნევის დაქვეითება, რითმის დარღვევა ან ჭარბი ოფლიანობა).

ქლორჰექსიდინის დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია, რაც გულისხმობს ორგანიზმის ზოგად გაძლიერებასა და შესაძლო გვერდითი რეაქციების კონტროლს. ბენზოკაინის ჭარბი აბსორბციის შემთხვევაში კი, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება ან, მძიმე შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა. ცირკულაციის დარღვევებისას  ვაზოკონსტრიქტორების ან ინტრავენური სითხეების გამოყენებაა რეკომენდებული. ერთ-ერთი იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებაა მეთჰემოგლობინემიის განვითარება: მდგომარეობა, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, სისუსტესა და დაღლილობას. ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, ინიშნება მეთილენის ლურჯი, რომელიც მეთჰემოგლობინის ნორმალურ დონეზე დაბრუნებას უწყობს ხელს.

პრეკლინიკური კვლევების საფუძველზე მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ ბენზილორის ორივე აქტიური კომპონენტი დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა. კვლევებში არ დაფიქსირებულა ადამიანებში ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენურობის ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის რისკები.

ცხოველებზე ჩატარებულმა ხდებმა აჩვენა, რომ ნაყოფზე ზემოქმედება არ აღინიშნება არც ვირთხებსა და არც კურდღლებში (მაშინაც კი, როცა ქლორჰექსიდინის მიღებული დოზა მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანებისთვის განკუთვნილ 2 დღის რაოდენობას). ასევე, ბენზოკაინის შედეგებმაც ნაკლები ტოქსიკურობა აჩვენა.

 

ბენზილორი 5მგ

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღების შემთხვევაში? 

ბენზილორი ზოგადად კარგად გადაიტანება, თუმცა მისი გამოყენებისას, შესაძლოა, არასასურველი ეფექტები გამოვლინდეს. მათი სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ აღწერილია როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ისე მედიკამენტის შემდგომი დაკვირვებისას.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც შეიძლება ბენზილორის ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოყენების ფონზე გამოჩნდეს. ხშირ შემთხვევაში დაფიქსირდა პირის ღრუს პიგმენტაცია როგორც კბილებზე, ისე ენაზე, ბჟენებსა და პროთეზებზე. განსაკუთრებით გამოხატული შეფერვა შეინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც კბილებზე მინანქრის დაზიანება ან კბილის ქვის ჭარბი რაოდენობა აქვთ. 

ეს პიგმენტაცია, როგორც წესი, ბენზილორის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ შეინიშნება. ენის ფერის ცვლილება უმნიშვნელო და დროებითია, ის მკურნალობის შეწყვეტის გარეშე თავისით ქრება. რაც შეეხება კბილების შეფერვას, ის არ არის პერმანენტული და რეგულარულ, სათანადო ორალურ ჰიგიენას ექვემდებარება. ბჟენებზე დაფიქსირებული პიგმენტაცია კი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მუდმივი აღმოჩნდეს. გემოს აღქმის დროებითი დაქვეითება ასევე ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად მოზარდებში (10-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში), დაფიქსირდა ლორწოვანის აქერცლილი და მტკივნეული ზედაპირები,. როგორც წესი, ეს გარდამავალი ხასიათისაა და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს. შესაძლებელია აღინიშნოს ენის წვერის მსუბუქი გაღიზიანებაც, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად ქრება.

ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. კლინიკურად ეს გამოვლინდა ცხვირიდან გამონადენით, ქავილით, კანზე გამონაყრით ან ლოკალური სიმპტომებით (პირის ირგვლივ კანის გაღიზიანებით, ქავილითა და სიწითლით).

დაბალი წონის ან ორგანიზმში ბენზოკაინის სწრაფი შეწოვის შემთხვევაში არსებობს კონტაქტური სენსიბილიზაციის ან ანგიოშეშუპების განვითარების რისკი. ასეთ შემთხვევებში ასევე აღინიშნება პირის ღრუში ან მის გარშემო ჩხვლეტა, შეშუპება ან ქავილი. ეს რეაქციები, როგორც წესი, ინდივიდუალურ აუტანლობას უკავშირდება და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისთანავე ქრება.

ბენზილორი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ჰქონია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ქლორჰექსიდინზე, ბენზოკაინზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ალტერნატიული ადგილობრივი საშუალებების გამოყენება ექიმის კონსულტაციით.

სიფრთხილის ზომები — რა უნდა გავითვალისწინოთ 

ბენზილორის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც აღენიშნებათ ეთერის ტიპის ანესთეტიკების (პარაამინობენზოის მჟავას), პარაბენების ან პარაფენილდიამინის (შეიცავს თმის საღებავები) მიმართ აუტანლობა.

ხანდაზმულებში, განსაკუთრებით თუ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები ან სისუსტე, ბენზილორის გამოყენება უნდა დაიწყოს ექიმის ზედამხედველობით. აღნიშნული პაციენტების ორგანიზმი, შესაძლოა, მეტად მგრძნობიარე იყოს ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკური მოქმედებისადმი და საჭირო გახდეს შემცირებული დოზების მიღება.

ბენზილორის მიღებამდე აუცილებელია სარგებლისა და რისკების ბალანსის შეფასება გარკვეულ კლინიკურ მდგომარეობებში. მაგალითად, თუ არსებობს ნამკურნალები ან ინფიცირებული არე პირის ღრუში (სადაც შეცვლილია PH-მაჩვენებელი), ბენზოკაინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, შესაძლოა, შესუსტდეს. ასევე, თუ ლორწოვანი გარსი დაზიანებულია ან ტრავმირებული, ბენზოკაინის შეწოვისა და სისტემური ტოქსიკურობის რისკი იზრდება.

შესაძლოა ესთეტიკური პრობლემების გაჩენაც. ქლორჰექსიდინს შეუძლია ბჟენების პერმანენტული შეფერვა, პერიოდონტიტის მქონე პაციენტებში კი ქლორჰექსიდინი ხელს უწყობს კალკულოზის (კბილის ქვის) ფორმირებას. ამ დროს რეკომენდებულია ანტიკალკულოზური კბილის პასტის გამოყენება მკურნალობის პერიოდში.

ბენზილორი სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ ქლორჰექსიდინის სიჭარბით გამოწვეული პოტენციური არასასურველი რეაქციები.

ბენზოკაინი გარკვეული ჯგუფის წამლებთან ურთიერთქმედებს და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას ანესთეტიკის მეტაბოლიზმის დაბლოკვა მიმდინარეობს და ამით ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობის რისკი იმატებს. გარდა ამისა, ბენზოკაინის მეტაბოლიტები ანტაგონისტურად მოქმედებს სულფანილამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობაზე, რაც ეფექტიანობას ამცირებს.

დამატებით, ბენზილორი შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს დიაგნოსტიკურ ტესტებზე. კერძოდ, პანკრეასის გამოკვლევისას გამოყენებული ბენტირომიდის ტესტი არ არის სანდო იმ პაციენტებში, რომლებიც ბენზოკაინს იღებენ, რადგან პრეპარატის მეტაბოლიზმი პაბმ-ის რაოდენობას ზრდის. ეს ტესტის შედეგებზე ზემოქმედებს. ამ მიზეზით, ბენზილორის მიღება უნდა შეწყდეს ტესტამდე მინიმუმ სამი დღით ადრე.

ფერტილურობაზე ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მტკიცებულებები არ გვაქვს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ქლორჰექსიდინის შემთხვევაში არ აჩვენა არც ფეტოტოქსიკურობა, არც ფერტილურობის დარღვევა და არც პოსტნატალური ტოქსიკურობა. ბენზოკაინის შემთხვევაშიც არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მისი ტოქსიკურობის ან ნაყოფზე უარყოფითი გავლენის შესახებ.

მიუხედავად ამისა, ბენზილორის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, თუ ექიმის შეფასებით დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ბენზოკაინთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციები არ დაფიქსირებულა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინება და ექიმთან კონსულტაცია.



5 ივლ 2025