აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბიფრენი – სტრესისა და შფოთვის ეფექტიანი მართვისთვის

უკან

ბიფრენი – სტრესისა და შფოთვის ეფექტიანი მართვისთვის

7 აგვ 2025

ბიფრენი 250 მგ პსპ

 

თანამედროვე ცხოვრების რიტმი, გადატვირთული გრაფიკი და ყოველდღიური სირთულეები ხშირად განწყობის დაქვეითების, სტრესისა და შფოთვის მთავარი წყაროა. როცა ეს მდგომარეობები განსაკუთრებით ხშირდება და ინტენსიურდება, საჭირო ხდება ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მედიკამენტებით ხელშეწყობა. 

სწორედ ამ ტიპის სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ ბიფრენი. ის ანქსიოლიტიკური პრეპარატია, რომელიც ხშირად გამოიყენება ფსიქოსომატურ და ნევროლოგიურ დარღვევებთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.

როგორ მოქმედებს ბიფრენი?

ბიფრენს მრავალმხრივი მოქმედება აქვს, რაც მას სხვა დამამშვიდებელი პრეპარატებისგან გამოარჩევს. იგი არა მხოლოდ ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას, არამედ ქმნის დადებით ფსიქოემოციურ ფონს და აუმჯობესებს გონებრივ ფუნქციას. განვიხილოთ მისი მოქმედების მექანიზმები უფრო დეტალურად. 

  • GABA-რეცეპტორების აქტივაცია – ბიფრენის აქტიური ნივთიერებაა ფენიბუტი, რომელიც ფუნქციურად ბუნებრივი დამამშვიდებელი ნეირომედიატორის – GABA მსგავსია. იგი განსაკუთრებით GABA-B რეცეპტორებზე მოქმედებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის რეგულაციაში. ამ რეცეპტორების აქტივაცია განაპირობებს ნერვული იმპულსების გადაცემის შენელებას, ზედმეტი აგზნების დაქვეითებას, ფსიქოემოციური დაძაბულობის შემცირებას, შფოთვისა და შფოთვითი შეტევების მსუბუქ მიმდინარეობას.
  • დოფამინერგულ სისტემაზე მოქმედება – დოფამინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეირომედიატორია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის მოტივაციაზე, განწყობის რეგულაციაზე, სიამოვნების განცდაზე და გონებრივ აქტივობაზე. ფენიბუტი ზრდის დოფამინის დონეს ტვინში, რაც ერთდროულად ამცირებს დეპრესიულ განწყობას, აძლიერებს მოტივაციას, ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ზრდას და აუმჯობესებს განწყობას. სწორედ ეს ეფექტები განასხვავებს ბიფრენს კლასიკური ბენზოდიაზეპინებისგან, რომლებიც, მართალია, ამსუბუქებენ შფოთვას, მაგრამ ხშირად იწვევენ მოდუნებას, ენერგიის დაქვეითებასა და ფსიქიკური აქტივობის დათრგუნვას.
  • გონებრივი აქტივობის გაუმჯობესება – ბიფრენს შეუძლია გააუმჯობესოს მეხსიერება, გაზარდოს კონცენტრაციის უნარი, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე და გააძლიეროს სწავლის პროცესის ეფექტიანობა. ამ მახასიათებლების გამო ბიფრენი ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ შფოთვითი აშლილობების დროს, არამედ გონებრივი გადაღლის ფონზე, გამოცდების პერიოდში, ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი კოგნიტიური დაქვეითება და ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციისას. 

შეიძლება ითქვას, რომ ბიფრენს აქვს, როგორც დამამშვიდებელი, ისე სტიმულატორული მოქმედება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ერთდროულად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებსა და მოტივაციას. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიკამენტი არ იწვევს გამოხატულ ძილიანობას ან აპათიას, რაც ხშირია კლასიკური დამამშვიდებლების მიღებისას. ბიფრენის ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სტრესი და შფოთვა ხელს უშლის სამუშაოს შესრულებაში, სწავლის პროცესში ან სოციალიზაციაში.

 

ბიფრენი 500

რა შემთხვევებში ინიშნება ბიფრენი?

ბიფრენის თვისებებიდან გამომდინარე, მისი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა. ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ მედიკამენტის ჩვენებებს:

  • შფოთვითი აშლილობები და ნევროზული მდგომარეობები – შფოთვითი აშლილობები ხშირად ვლინდება მუდმივი შინაგანი დაძაბულობით, მოუსვენრობით, მომავლის შიშით ან განუწყვეტელი ფიქრით უარყოფით სცენარებზე. 
  • ქრონიკული სტრესი – როდესაც სტრესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ზიანდება ადამიანის არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობაც. ქრონიკული სტერესი იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან იმუნური სისტემის დარღვევებს.
  • ძილის დარღვევები – შფოთვას, დეპრესიას თუ სტრესს ხშირად თან სდევს ძილის პრობლემები, როგორებიცაა ღამით ხშირად გაღვიძება ან ზედაპირული ძილი. ბიფრენი არ არის კლასიკური საძილე საშუალება, მაგრამ მისი ანქსიოლიტური მოქმედება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილის ხარისხს, კონკრეტულად, აადვილებს ჩაძინებას, ხელს უშლის ხშირ გაღვიძებას, აუმჯობესებს ღრმა ძილის ფაზებს.
  • ფსიქოგენური ფაქტორებით განპირობებული სომატური სიმპტომები – ამ დროს ადამიანი შემაწუხებელ ფიზიკურ ნიშნებს განიცდის, თუმცა მისი ანალიზები და კვლევები ნორმაშია. საქმე ისაა, რომ ასეთ სიმპტომებს ზოგჯერ სწორედ ფსიქოემოციური მდგომარეობა იწვევს. ამ ტიპის ჩივილებს მიეკუთვნება გულძმარვა, ტკივილი გულმკერდში, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, სუნთქვის გაძნელება და სხვა. 
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) – ტრავმული გამოცდილების შემდეგ, ბევრ ადამიანს აღენიშნება შფოთვა, „ფლეშბექები“, ძლიერდება ემოციური რეაქციები. პოსტტრავმული მდგომარეობის დროს ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ უკონტროლო სიბრაზის, სევდის ან პანიკის ეპიზოდები. 
  • თვითკონტროლის დაკარგვა, გაღიზიანება, აგრესიის შეტევები – ეს სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ფსიქოგენურ, ისე ორგანულ ნევროლოგიურ მიზეზებთან.
  • ვესტიბულარული დარღვევები – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს წონასწორობას და მოშლილი აქვს სივრცითი ორიენტაცია. მისი სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, გულისრევას მოძრაობისას და ა.შ. 
  • ალკოჰოლური აბსტინენცია – ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შეწყვეტისას ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ ძლიერი შფოთვა, ტკივილები, ძილის დარღვევები და გაღიზიანება.

როგორ უნდა მივიღოთ ეს მედიკამენტი? 

ბიფრენის დოზირება ინდივიდუალურად განისაზღვრება ექიმის მიერ, თუმცა ზოგადი სქემა ასეთია:

  • მოზრდილებისთვის საშუალო ერთჯერადი დოზაა 250-500 მგ, დღიურმა დოზამ შეიძლება მიაღწიოს 500-1500 მგ.-ს.
  • მედიკამენტი მიიღება ჭამის შემდეგ, წყალთან ერთად.
  • მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2-6 კვირას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გახანგრძლივება. 

დოზის შეცვლა ან მკურნალობის კურსის თვითნებურად შეწყვეტა მიზანშეწონილია არ არის, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება ან გვერდითი მოვლენები. 

როგორია ბიფრენის შესაძლო გვერდითი მოვლენები

მიუხედავად იმისა, რომ ბიფრენი უსაფრთხო პრეპარატად მიიჩნევა, მასაც, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შესაძლოა ახლდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. უმეტესად ეს რეაქციები მკურნალობის დაწყების პირველ დღეებში ან დოზის გადაჭარბებისას ვლინდება. 

ყველაზე გავრცელებული და შედარებით მსუბუქი გვერდითი მოვლენებია:

  • ძილიანობა ან ენერგიის დაქვეითება – ეს რეაქცია ხშირია მაშინ, როცა ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში იწყებს პრეპარატის მიღებას და ორგანიზმი გადადის დასვენების ფაზაში.
  • დაღლილობა ან რეაქციის შენელება – ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ ბიფრენის მიღების შემდეგ უჭირს კონცენტრაცია ან აქვს დაღლილობის განცდა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. 
  • თავბრუსხვევა – მედიკამენტის სედატიურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი თავბრუსხვევა, განსაკუთრებით თუ მედიკამენტი მიღებულია ცარიელ კუჭზე ან დოზა არ არის შესაბამისი. რეკომენდებულია მედიკამენტის მიღება საკვების შემდეგ.
  • გულისრევა – ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მსუბუქი დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა გულისრევა ან მუცლის მსუბუქი ტკივილი. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომი რამდენიმე დღეში ქრება.
  • გაღიზიანება ან მოუსვენრობა – პარადოქსულია, მაგრამ ბიფრენმა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბებისას, გამოიწვიოს გაღიზიანება, მოუსვენრობა ან აღგზნების შეგრძნება. ეს ეფექტი დროებითია და უმეტესად ქრება სწორი დოზის შერჩევის შემდეგ.
  • ალერგიული რეაქციები – იშვიათად ვლინდება გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება და სხვა მსგავსი სიმპტომები. თუ შეამჩნევთ მსგავს ნიშნებს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.

ბიფრენი ფასი PSP

რა რისკები არსებობს პრეპარატის გრძელვადიანი და უკონტროლო მიღებისას 

მიუხედავად იმისა, რომ ბიფრენი არ მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს და არ იწვევს ისეთ გამოხატულ დამოკიდებულებას, როგორიც ამ ტიპის მედიკამენტებს ახასიათებს, მისი ხანგრძლივად და უკონტროლოდ მიღება მაინც შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს. ესენია:

  • ტოლერანტობის განვითარება – დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა პრეპარატს და იმავე ეფექტის მისაღებად საჭირო ხდება უფრო მაღალი დოზა.
  • დამოკიდებულების რისკი – ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, როცა პაციენტი გრძნობს, რომ ვეღარ იარსებებს პრეპარატის გარეშე. იშვიათად ვითარდება ფიზიოლოგიური დამოკიდებულებაც.
  • აბსტინენციის სინდრომი – მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მისმა ერთბაშად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების დაბრუნება გაძლიერებული ფორმით ან თავი იჩინოს ახალმა სიმპტომებმა. ამიტომ, სასურველია, მკურნალობის კურსი ექიმის ზედამხედველობით, დოზის თანდათანობით შემცირებით დასრულდეს.

როგორია ბიფრენის უკუჩვენებები — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე 

ბიფრენის გამოყენებას აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობისთვის.

  • ფენიბუტის აუტანლობა – მედიკამენტი არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც აქვთ ალერგია ბიფრენის მთავარ აქტიურ ნივთიერება ფენიბუტზე ან მის სხვა შემადგენელ კომპონენტებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი.
  • ორსულობა და ლაქტაცია – მიუხედავად იმისა, რომ ბიფრენი პირდაპირ არ ახდენს მავნე გავლენას ნაყოფზე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება მაინც არ არის რეკომენდებული.
  • 3 წლამდე ასაკის ბავშვები – მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, ამიტომ მედიკამენტმა მასზე შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში, პედიატრი განსაზღვრავს სპეციალურ დოზას შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის, თუმცა მისი მოხმარება ამ შემთხვევაშიც მითითებების ზედმიწევნით დაცვით უნდა მოხდეს. 
  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა – ბიფრენი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწილობრივ გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომაც, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის კორექტირება და რეგულარული მონიტორინგი.

პრეპარატის გამოშვების ფორმა და შენახვის პიროებები

ბიფრენი ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, რაც მის მიღებას მოსახერხებელს ხდის როგორც სახლში, ისე გარეთ ყოფნისას. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ან 500 მგ ფენიბუტს, რაც საშუალებას აძლევს ექიმს ინდივიდუალურად შეარჩიოს საჭირო დოზა პაციენტის მდგომარეობისა და სიმპტომების სიმწვავის შესაბამისად.

ბიფრენი უნდა ინახებოდეს მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, რომელიც დაცულია პირდაპირი მზის სხივებისა და ტენისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი იყოს შენახული ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაბოლოს, თუ ტაბლეტების შეფუთვა დაზიანებულია ან მედიკამენტს გაუვიდა ვადა, მისი გამოყენება დაუშვებელია.

7 აგვ 2025