გლიცერინის სანთელი – ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის
11 სექ 2025

ყაბზობა ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა და უსიამოვნო მდგომარეობაა, რომელიც როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებშიიჩენს თავს. სწორი ნაწლავის მოქმედების დარღვევა დისკომფორტს, მძიმე შეგრძნებასა და ზოგჯერ ტკივილსაც კი იწვევს. თანამედროვე მედიცინა ყაბზობის პრობლემის მოსაგვარებლად მრავალ საშუალებას გვთავაზობს, ამ სიაში კი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს გლიცერინის სანთელი – სწრაფად მოქმედი პრეპარატი, რომელიც ნაწლავთა მოქმედების სტიმულირებას უზრუნველყოფს.
პსპ-ის აფთიაქებში ხელმისაწვდომია გლიცერინის სანთელი საბავშვო და გლიცერინის სანთელი დიდებისთვის, ორივე მათგანში 5-5 სუპოზიტორია. პრეპარატი ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
გლიცერინის სანთელი გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს ყაბზობა აწუხებს და მსუბუქი, მაგრამ სწრაფი მოქმედების სამკურნალო საშუალებაა საჭირო. პრეპარატი, მისი უსაფრთხოებისა და მსუბუქი მოქმედების გამო, განსაკუთრებით გამოსადეგი ჩვილებსა და ბავშვებშია.
გარდა ამისა, გლიცერინის სანთელი ხშირად გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში იღებდნენ საფაღარათო საშუალებებს და განვითარებული აქვთ მათზე დამოკიდებულება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ეხმარება ნაწლავებს, ხელახლა აღიდგინოს ბუნებრივი მოქმედება და ორგანიზმმა მუდმივი ქიმიური პრეპარატების საჭიროება თავიდან აიცილოს.
სწორედ ამიტომ, გლიცერინის სუპოზიტორიები მიიჩნევა უნივერსალურ და უსაფრთხო საშუალებად, რომელიც შეიძლება პერიოდულად გამოიყენოს როგორც ზრდასრულმა, ისე მცირე ასაკის პაციენტმა. ის ფეკალურ მასებს არბილებს, ხელს უწყობს მათ გაპოხვას, რაც საბოლოოდ ყაბზობას ამცირებს.
ვიდრე გამოიყენებთ, გლიცერინის სანთლის ინსტრუქციას კარგად უნდა გაეცნოთ. იგი ინდივიდუალურად, ასაკის გათვალისწინებით ინიშნება. მოზრდილებისთვის და 12-18 წლის მოზარდებისთვის რეკომენდებულია დღეში ერთხელ ერთი სანთლის გამოყენება, 2-დან 11 წლამდე ბავშვებს ასევე ენიშნებათ დღეში ერთი სუპოზიტორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო და მოზრდილთა ფორმები სხვადასხვა დოზირებითაა ხელმისაწვდომი და არჩევანი ასაკობრივ კატეგორიას უნდა შეესაბამებოდეს.
სანთლის გამოყენებამდე აუცილებელია მისი კონტეინერიდან ამოღება. თუ იგი დარბილებულია, სასურველია რამდენიმე წუთით ცივ წყალში მოთავსება, რათა ფორმა დაუბრუნდეს. სწორ ნაწლავში შეყვანა უფრო მარტივდება, თუ სანთელი წინასწარ ოდნავ დატენიანდება.
12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ოპტიმალურია მისი გამოყენება საკვების მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ან ორი საათით ადრე, რადგან გლიცერინმა შეიძლება საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვაზე გავლენა იქონიოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა ერთ კვირას არ უნდა აღემატებოდეს. პრეპარატის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია საკმარისი სითხის მიღება და ბოჭკოვანი პროდუქტებით მდიდარი კვება, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს ნაწლავთა მუშაობის აღდგენას.

გაითვალისწინეთ, რომ გლიცერინის სანთლის გამოყენება ყველა შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. პირველ რიგში, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ადამიანებში, ვისაც გლიცერინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება, რადგან ასეთ დროს შესაძლოა გაღიზიანება ან სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
ასევე, სუპოზიტორიები არ არის რეკომენდებული ნაწლავთა გაუვალობის დროს, რადგან მსგავსი მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს და საფაღარათო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავოს.
გარდა ამისა, თუ პაციენტს აწუხებს გაურკვეველი, არადიაგნოსტირებული ტკივილი მუცლის არეში, გლიცერინის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან ამ ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადება, რომელიც ზუსტ დიაგნოსტიკას საჭიროებს და არა – სიმპტომურ მკურნალობას.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული აპენდიციტის ან სხვა მწვავე ქირურგიულ შემთხვევაში, რადგან ამ დროს საფაღარათო საშუალებამ შეიძლება დაავადების მიმდინარეობა გაართულოს.
გლიცერინის სანთელი საერთო ჯამში უსაფრთხო და კარგად ატანად პრეპარატად მიიჩნევა, რის გამოც ისინი ფართოდ გამოიყენება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. პრეპარატის მოქმედება ძირითადად ლოკალურია და სისტემურ გვერდით ეფექტებს, როგორც წესი, არ იწვევს.
თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მსუბუქი არასასიამოვნო რეაქციები გამოვლინდეს. ყველაზე ხშირად აღინიშნება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, რაც შეიძლება წვის შეგრძნებით, მსუბუქი ტკივილით ან რექტალურ მიდამოში დისკომფორტით გამოიხატოს.
იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ანთებითი რეაქცია, რომელიც თავისით გაივლის მას შემდეგ, რაც პრეპარატის გამოყენება შეწყდება.
ამგვარი ეფექტები, როგორც წესი, დროებითია და განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა, თუ დისკომფორტი ძლიერია ან მუდმივი ხასიათი მიიღო, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, რათა მისი გამომწვევი სხვა შესაძლო მიზეზები გამოირიცხოს.
11 სექ 2025