დაივიწყეთ სიცხე და ტკივილი — ყველაფერი, რაც ეფერალგანზე უნდა იცოდეთ
5 აგვ 2025

არ აქვს მნიშვნელობა რაზე ვსაუბრობთ, დამღლელი დღის შემდეგ კუნთებისა და თავის ტკივილზე თუ მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც გაციებას ახლავს — ტკივილი და დისკომფორტი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ჩვენი მოვალეობაა, არ მივცეთ ამ გართულებებს საშუალება, ჩვენი ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენონ.
მედიცინა მუდმივად ვითარდება და მუშაობს ისეთი საშუალებების შექმნაზე, რომელიც აღნიშნულ სიმპტომებს ეფექტიანად და სწრაფად მოუხსნის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელს — მცირეწლოვანი ბავშვებით დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დასრულებული.
ეფერალგანი ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია — პარაცეტამოლზე დაფუძნებული ფორმულა, რომელიც მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციებისა და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ექიმების საკმაოდ ხშირი არჩევანია.
აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც ეფერალგანის 150მგ-იანი სანთლები, ისე ხსნარი და შუშხუნა ტაბლეტები.
ნებისმიერი ფორმით მოცემულ ეფერალგანში აქტიური ნივთიერება პარაცეტამოლია, თუმცა დამხმარე ნივთიერებები იცვლება სწორედ ამ ფორმების მიხედვით — ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან შესაძლოა, მიღების მომენტში სწორედ დამხმარე ნივთიერების მიმართ გქონდეთ მომატებული მგრძნობელობა და თქვენდაუნებურად ალერგიული რეაქციის გამოვლენას შეუწყოთ ხელი.
ეფერალგანის სანთლების შედგენილობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებები მხოლოდ ნახევრადსინთეზური გლიცერიდებია. ეფერალგანის ხსნარში პარაცეტამოლის გარდა ვხვდებით, მაკროგოლ 6000-ს, საქაროზას ხსნარს, საქარინს (ნატრიუმის მარილი), სორბინოლის მჟავას, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბანზოატს, კარამელ-ვანილის არომატიზატორსა და წყალს. ხოლო ეფერალგანის შუშხუნა ტაბლეტების შედგენილობა მოიცავს ასკორბინის მჟავას, კალიუმის ბიკარბონატს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, სორბიტოლს, უწყლო ლიმონმჟავას, ნატრიუმის ბენზოატს, ნატრიუმის დოკუზატსა და პოვიდონს.
პარაცეტამოლს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ეფერალგანი ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და ამაღლებს მათ რეზისტენტობას.
რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, პარაცეტამოლი თითქმის სრულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება — პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, საშუალოდ, 30 წუთიდან 2 საათამდე დროა საჭირო. პარაცეტამოლი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება და შარდთან ერთად გამოიყოფა. უცვლელი სახით პრეპარატის, დაახლოებით, 5% გამოდევნება, ნახევარგამოყოფის დრო კი 2-3 საათს შეადგენს ჯანმრთელ ადამიანებში, თუმცა შედარებით ხანგრძლივია ღვიძლის ან თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეფერალგანი უსაფრთხო პრეპარატია, მისი მიღებისას სიფრთხილე მაინც გმართებთ, რათა თავიდან აირიდოთ ზედოზირება ან ნებისმიერი სხვა გართულება, რომელიც ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას შეიძლება ახლდეს თან. ამიტომ, უმჯობესია, ეფერალგანით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.
ეფერალგანი, განსაკუთრებით სუპოზიტორიების (სანთლების) ფორმით, ბავშვებისათვის უსაფრთხო პრეპარატია, ამიტომ ექიმები მშობლებს მათ გამოყენებას ხშირად ურჩევენ.
ეფერალგანის 80მგ-იანი სანთლები (სუპოზიტორიები) საბავშვო გამოყენებისაა და ძირითადად 3-5 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება, რომელთა სხეულის მასაც 6-8 კილოგრამს შეადგენს.
150მგ-იანი სუპოზიტორიები განკუთვნილია 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა სხეულის მასაც 10-14 კილოგრამს აღწევს. არსებობს ეფერალგანის 300მგ-იანი სანთლებიც, რომლებიც 5-დან 10 წლამდე ბავშვებში გამოიყენება, რომელთა მასაც 20-30 კილოგრამს შეადგენს.
ბავშვებში გამოიყენება ეფერალგანის სიროფიც, რომელიც 3 თვიდან 12 წლამდე ბავშვებს ენიშნებათ. რაც შეეხება ეფერალგანის შუშხუნა ტაბლეტებს C ვიტამინით, მათი მიღება 8 წლამდე ბავშვებისათვის დაუშვებელია.
რაც შეეხება დოზებს, ბავშვებში დოზა სხეულის წონის მიხედვით დგინდება: მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15მგ/კგ-ს, ხოლო მაქსიმალური დღეღამური დოზა - 60მგ/კგ-ს. სანთლების გამოყენება უმჯობესია გამწმენდი ოყნის ან ნაწლავის თავისი სურვილით დაცლის შემდეგ.
ეფერალგანის 80მგ სანთლები — ბავშვებში სხეულის მასით 6-8კგ, გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
ეფერალგანის 150მგ სანთლები — ბავშვებში სხეულის მასით 10-14კგ, გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
ეფერალგანის 300მგ სანთლები ბავშვებში სხეულის მასით 20-30კგ, გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით.
ეფერალგანის სიროფი მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად საკვების მიღებიდან 1-2 საათში. მისი ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება საზომი კოვზი, რომელზეც აღნიშნულია დანაყოფები, ერთჯერადი დოზის მაჩვენებელი (15მგ/კგ), ბავშვებისთვის შესაბამისი სხეულის მასით: 4, 8, 12 ან 16კგ. დანაყოფები, რომლებიც არ არის აღნიშნული, შეესაბამება შუალედურ წონას: 6, 10 ან 14კგ. ხსნარი ბავშვმა განზავების გარეშე, რძეში განზავებული ან წყალში განზავებული შეიძლება მიიღოს. ზუსტი დოზირებისათვის, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.
ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული ბავშვებში ეფერალგანით მკურნალობა 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.
ეფერალგანის შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით გამოიყენება მოზრდილებსა და 8 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში:
პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 4 საათს.

მიუხედავად იმისა, რომ ეფერალგანს სხვა პრეპარატებისგან სწორედ კარგი ატანადობა და უსაფრთხოება გამოარჩევს, მაინც უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული მითითებები, რათა ნებისმიერი რისკი გამორიცხოთ.
პირველ რიგში, ნუ მიიღებთ ეფერალგანს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რათა არ გამოიწვიოთ მძიმე ალერგიული რეაქციები.
ეფერალგინის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, როგორც წესი, გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. ხანდახან მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების სახით. ასევე, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანება სანთლების გამოყენების დროს. იშვიათად ვლინდება ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. პრეპარატის მაღალი დოზითა და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დაირღვეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია.
არ შეიძლება ეფერალგანით მკურნალობა, თუ გაქვთ სისხლის სისტემის დაავადებები, ან ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ასევე, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ პარალელურად იღებთ სხვა პრეპარატებს — ეფერალგანის ერთდროული გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ღვიძლის ტოქსიური დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული ეფერალგანისა და ალკოჰოლური სასმელების კომბინაცია.
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში ტკივილი. მძიმე შემთხვევების დროს ვითარდება ღვიძლის უჯრედების, თირკმელების უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა, ამიტომ ზედოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა, აცეტილცისტეინისა და მეთიონინის შეყვანა.
ეფერალგანი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ეფერალგანს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ დააყენებთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ — გამოიყენეთ ეფერალგანი და დაივიწყეთ მაღალი ტემპერატურა და ტკივილი.
5 აგვ 2025