აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დესლოდექსი – თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატი ალერგიის წინააღმდეგ

უკან

დესლოდექსი – თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატი ალერგიის წინააღმდეგ

8 აგვ 2025

დესლოდექსი თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატი ალერგიის წინააღმდეგ

 

ალერგია იმუნური სისტემის გადაჭარბებული პასუხია სხვადასხვა ტიპის ნივთიერებებზე თუ გამღიზიანებლებეზე, როგორებიცაა მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, საკვები, მწერის ნაკბენი თუ მედიკამენტი. ზოგიერთ ადამიანს ის შეიძლება მსუბუქი სიმპტომებით გამოუვლინდეს, სხვებს კი – მწვავედ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში ნიშნებითაც კი. ალერგიის გავრცელებულ ჩივილებს განეკუთვნება ცხვირის გაჭედვა, სურდო, გამონაყარი, კანისა და თვალების ქავილი, ცრემლდენა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ა.შ. 

ალერგიას ზოგჯერ ქრონიკული ხასიათი აქვს, ზოგჯერ კი მისი სიმპტომები რამდენიმე დღისა თუ კვირის განმავლობაში გრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში ის მკვეთრად აუარესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. 

ბლოგში გაგაცნობთ ერთ-ერთ თანამედროვე და განსაკუთრებით ეფექტიან მედიკამენტს – დესლოდექსს, რომელიც სწრაფად ხნის ალერგიის სიმპტომებს და, რაც მთავარია, მინიმალურ გვერდით მოვლენებს იწვევს. 

როგორია დესლოდექსის მოქმედების მექანიზმი 

დესლოდექსი ანტიჰისტამინურ საშუალებას წარმოადგენს, რომლის აქტიური ნივთიერება დესლორატადინია. ის მიზანმიმართულად ბლოკავს ჰისტამინის აქტივობას ორგანიზმში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიული რეაქციების განვითარებაში. საქმე ისაა, რომ ალერგიული რეაქციის დროს ადამიანის იმუნური სისტემა გარკვეულ ნივთიერებას შეცდომით მავნედ აღიქვამს, რის შემდეგაც ორგანიზმი ჰისტამინის გამოყოფას იწყებს. ჰისტამინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ცხვირის ლორწოვანზე, თვალის გარსზე, კანზე, სასუნთქ გზებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებზე მოქმედებს და, შედეგად, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს იწვევს. 

რა უპირატესობა აქვს დესლოდექსს სხვა ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან მიმართებაში? 

დესლოდექსი სხვა ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან შედარებით მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ანტიალერგიული საშუალებაა. ქვემოთ მის უპირატესობებს დეტალურად განვიხილავთ. 

  • არ იწვევს ძილიანობას ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას – დესლორატადინი წარმოადგენს მეორე თაობის ანტიჰისტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. საქმე ისაა, რომ პრეპარატის აქტიური ნივთიერება მინიმალურად ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მისი მიღების შემდეგ არ ქვეითდება ყურადღებისა თუ დროული რეაქციის უნარი. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების აქტიურ სტილს მისდევენ. 
  • საკმარისია მისი დღეში ერთხელ მიღება – პრეპარატის მოქმედება დაახლოებით 24 საათი გრძელდება.
  • სწრაფი მოქმედება – დესლოდექსი მოქმედებას მიღებიდან 30-60 წუთში იწყებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში. 
  • დოზის მარტივად კონტროლი – პრეპარატი წარმოდგენილია როგორც ტაბლეტების, ისე სიროფის ფორმით, რაც მოზრდილებსა და ბავშვებში შესაბამისი დოზის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
  • არ აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას – პრეპარატი არ ზემოქმედებს საჭმლის მონელებაზე და, როგორც წესი, არ იწვევს გულისრევას, ღებინებას ან დისკომფორტს მუცლის არეში. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები შესაძლოა მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილში გამოვლინდეს. 
  • არ იწვევს დამოკიდებულებას – დესლოდექსი უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ასევე, ის არ იწვევს ტოლერანტობის განვითარებას, ანუ დროთა განმავლობაში პრეპარატის ეფექტი არ ქვეითდება და არ საჭიროებს დოზის გაზრდას. 
  • დამატებით აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – გარდა იმისა, რომ დესლორატადინი ბლოკავს ჰისტამინის რეცეპტორებს, ის ასევე აქვეითებს სხვა ალერგიული რეაქციების გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფას, როგორებიცაა ლეიკოტრიენები და ინტერლეიკინები. ამასთან, აჩერებს უჯრედების – მასტოციტების, ბაზოფილების და ეოზინოფილების გააქტიურებას,  რომლებიც ანთებით ალერგიულ პროცესებში მონაწილეობენ. 

დესლოდექსი  სიროფი 2.5მგ/5მლ 150მლ

როდის გამოიყენება ეს პრეპარატი? 

დესლოდექსი ეფექტიანია როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ალერგიების დროს, მათ შორისაა:

  • ალერგიული რინიტი – ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული დაავადებაა, რომელიც ადამიანთა დიდ ნაწილს აწუხებს. ის შეიძლება იყოს სეზონური (თივის ცხელება), რადგან აქტიურდება კონკრეტული სეზონებზე, მაგალითად, გაზაფხულზე, მცენარეების ყვავილობის დროს. ალერგიულ რინიტს აქვს ასევე ქრონიკული ხასიათი. ამ შემთხვევაში ის გამოწვეულია ისეთი ალერგენებით, როგორებიცაა მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა. ალერგიული რინიტის სიმპტომები მოიცავს ცხვირის გაჭედვას, ცემინებას, ცხვირის ქავილს, ლორწოვანის გაღიზიანებას, ხშირად თან ახლავს თავის ტკივილი.
  • ალერგიული კონიუნქტივიტი – ეს ალერგენებზე თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი რეაქციაა, რომელიც ძირითადად ვლინდება თვალების სიწითლით, შეშუპებით, ქავილით, წვის შეგრძნებითა თუ ცრემლდენით. 
  • ქრონიკული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) – ურტიკარია გამოიხატება კანზე წითელი გამონაყარით და ძლიერ ქავილით. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით, სტრესით, მედიკამენტებითა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებით.
  • დერმატიტები – ალერგიული დერმატიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგენთან კონტაქტის შედეგად. მისი ძირითადი სიმპტომებია ქავილი, კანის შეშუპება, წითელი გამონაყარი, კანის სიწითლე და სიმშრალე. 
  • სხვა ალერგიული მდგომარეობები – დესლოდექსი, ასევე, გამოიყენება ისეთი ალერგიული რეაქციების დროს, როგორებიცაა ალერგია საკვებზე ან მწერის ნაკბენზე. ის შესაძლოა დაინიშნოს ბრონქული ასთმის დროსაც, როგორც დამატებითი საშუალება ალერგიული რეაქციების სამართავად. 

როგორია დესლოდექსის მიღების წესი და დოზირება? 

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დესლოდექსი ხელმისაწვდომია ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს და გამიზნულია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის. მისი რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მიღება შესაძლებელია როგორც საჭმელთან ერთად, ისე მის გარეშე. 

დესლოდექსის სიროფი კი განკუთვნილია 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებისთვის, რაც მთავარია, აქვს გემრიელი გემო და ადვილია მისაღებად. პრეპარატის დოზა ასაკისა და წონის მიხედვით განისაზღვრება:

  • 6-11 თვე – 2 მლ დღეში ერთხელ
  • 1-5 წელი – 2,5 მლ დღეში ერთხელ
  • 6-11 წელი – 5 მლ დღეში ერთხელ

პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენები 

დესლოდექსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ახასიათებს სედატიური ანუ დამამშვიდებელი მოქმედება, რაც ხშირია მის წინამორბედ, პირველი თაობის ანტიჰისტამინებში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში დესლოდექსის გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს. ისინი უმეტესად დროებითი და მსუბუქი ხასიათისაა. 

პრეპარატის გვერდითი მოვლენებია:

  • დაღლილობის შეგრძნება – ზოგიერთი ადამიანი უჩივის ენერგიის დაქვეითებას ან მოთენთილობას. ამ სიმპტომმა შესაძლოა თავი იჩინოს მკურნალობის საწყის ეტაპზე, რაც მოგვიანებით, როგორც წესი, ქრება.
  • თავის ტკივილი – ეს ერთ-ერთი შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენაა და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას.
  • პირის სიმშრალე – ზოგადად, ანტიჰისტამინების დამახასიათებელი თვისება ლორწოვანი გარსის გამოშრობაა. დესლოდექსის მოხმარების დროსაც ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გაუჩნდეს პირის სიმშრალის შეგრძნება. 
  • გულისრევა ან დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში – იშვიათად შეიძლება პაციენტს აღენიშნოს მსუბუქი გულისრევა, მუცლის შებერილობა ან კუჭ-ნაწლავის დროებითი გაღიზიანება. 
  • ძილის დარღვევა ან განწყობის ცვლილება – ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს უძილობა ან მარტივად გაღიზიანებადობა. ეს სიმპტომები უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პრეპარატების მიმართ. 

გვერდითი მოვლენები ბავშვებში 

ბავშვებში დესლოდექსით გამოწვეული გვერდითი მოვლენები შესაძლოა მცირედით განსხვავებული იყოს, ესენია: 

  • გაღიზიანებადობა ან მოუსვენრობა – ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა გახდეს მეტად აქტიური, მოუსვენარი ან გამოავლინოს განწყობის ცვალებადობა. 
  • ტემპერატურის მცირე მატება – იშვიათად, თუმცა შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, რაც უმეტესად დროებითი ხასიათისაა და არ საჭიროებს ინტერვენციას.

როდის მივმართოთ ექიმს?

არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი კონსულტაცია. მაგალითად, თუ გვერდითი ეფექტები ძლიერდება ან გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, თუ ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება და შეშუპება, განსაკუთრებით სახის, ტუჩების ან ენის მიდამოში. ეს შეიძლება მიუთითებდეს იშვიათ, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქციის – ანაფილაქსიის განვითარების საფრთხეზე. 

 

დესლოდექსი  ტაბლეტები 5მგ 20

ვინ არ უნდა მიიღოს დესლოდექსი? – პრეპარატის უკუჩვენებები 

პრეპარატის მიღება შეზღუდული ან უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერმგრძნობელობა – დესლოდექსის მიღება არ შეიძლება თუ პაციენტს მანამდე გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია პრეპარატის აქტიურ ნივთიერება დესლორატადინზე ან სხვა დამხმარე ინგრედიენტებზე. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და ანაფილაქსიური შოკი.
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა – დესლოდექსის მეტაბოლიზმი, დაშლა და გამოყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად თირკმელების საშუალებით ხორციელდება. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, პრეპარატი შესაძლოა ორგანიზმში დაგროვდეს. თირკმელების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პრობლემების დროს დესლოდექსის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით. 
  • ორსულობა და ლაქტაცია – დესლოდექსის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბოლომდე დადასტურებული არ არის, ამიტომ ფეხმძიმე ქალების მიერ მისი მიღება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ალერგია განსაკუთრებით მწვავეა და არ არსებობს მკურნალობის სხვა ალტერნატივა. რაც შეეხება ლაქტაციას, დესლორატადინი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ მისი მიღებისას, ასევე, აუცილებელია ექიმის დანიშნულება და ზედამხედველობა.
  • ბავშვები – მართალია, დესლოდექსი განკუთვნილია მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზების მკაცრად კონტროლი. 
  • ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები – ამ შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა საჭიროა ექიმის ზედამხედველობა და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექტირება. 
  • მედიკამენტური თერაპია – თუ პაციენტი იტარებს მკურნალობას სხვა მედიკამენტებით, აუცილებელია, მან ამის შესახებ ექიმს წინასწარ აცნობოს. სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს შესაძლო ურთიერთქმედებები დესლოდექსსა და სხვა პრეპარატებს შორის.

დამატებითი/ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც პრეპარატის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ 

დაბოლოს, გთხოვთ გაითვალისწინოთ ზოგადი რეკომენდაციები დესლოდექსის მოხმარებისას:

  • არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას – მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დესლოდექსის ეფექტი დოზის გაზრდით არ ძლიერდება, თუმცა იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. გადაჭარბებული დოზა, ასევე, იწვევს ზედმეტ დატვირთვას თირკმელებსა და ღვიძლზე. 
  • არ მიიღოთ ორმაგი დოზა – არ დალიოთ ორი ტაბლეტი ერთად გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ, რადგან ეს ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს.
  • არ შეუცვალოთ ბავშვებს დოზა თვითნებურად – როგორც აღვნიშნეთ, სიროფის დოზა ასაკისა და წონის მიხედვით განისაზღვრება და მისი დადგენა ექიმის მიერ ხდება. დოზის თვითნებურად შეცვლამ შეიძლება ბავშვს მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს. ყოველთვის გამოიყენეთ დოზირების გამოსათვლელი შპრიცი ან საზომი კოვზი, რომელიც თან მოჰყვება პრეპარატს. 

აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე, იმკურნალეთ გართულებების გარეშე და გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი ახალი თაობის ანტიჰისტამინის დახმარებით.

8 აგვ 2025