აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დიმედროლი — მედიკამენტი, რომელიც ალერგიულ და ნევროლოგიურ სიმპტომებს ამსუბუქებს

უკან

დიმედროლი — მედიკამენტი, რომელიც ალერგიულ და ნევროლოგიურ სიმპტომებს ამსუბუქებს

30 ივნ 2025

დიმედროლი ტაბლეტი

დიმედროლი (Dimedrol) წარმოადგენს ანტიჰისტამინური მოქმედების მედიკამენტს, რომელიც სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობის მართვისთვის გამოიყენება. ის რამდენიმე ფორმით არის ხელმისაწვდომი, დღეს კი ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ტაბლეტებზე, ამპულებსა და მალამოზე. 

პრეპარატის თითოეული ვარიანტი შეიცავს დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს — ნივთიერებას, რომელიც პირველი თაობის H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს წარმოადგენს. სწორედ ამ მექანიზმით ახდენს დიმედროლი ალერგიული რეაქციების შეკავებას — ამცირებს შეშუპებას, ქავილს, კანის სიწითლესა და ჰისტამინის ზემოქმედებით გამოწვეულ სხვა სიმპტომებს.

დიმედროლი ფართოდ გამოიყენება ალერგიული რეაქციების, ქავილის, თივის ცხელების, ანგიონევროზული შეშუპების, კონიუნქტივიტის, ალერგიული დერმატიტის, ქავილით მიმდინარე კანის დაზიანებებისა და ჭინჭრის ციების სამკურნალოდ. პრეპარატს ასევე იყენებენ პარკინსონის დაავადებისა და ქორეის დროს, ნერვული სიმპტომების შესამსუბუქებლად. მისი სედატიური მოქმედება დიმედროლს ეფექტიანს ხდის უძილობის დროს, ხოლო ღებინების საწინააღმდეგო თვისებები ამართლებს მის გამოყენებას ორსულობის ან მგზავრობის დროს განვითარებული გულისრევისას. 

გელის სახით დიმედროლი ხელს უწყობს კანის ქავილის, მწერის ნაკბენების, მსუბუქი დამწვრობისა და ჩუტყვავილას შედეგად გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას. მედიკამენტი ასევე გამოიყენება სხივური დაავადების, კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და ზოგჯერ — პრემედიკაციის (ოპერაციამდე ავადმყოფის მომზადება) მიზნით, რაც მისი მრავალმხრივი თერაპიული გამოყენების საფუძველია.

 

დიმედროლი ალერგია

როგორია დიმედროლის მიღების წესები და დოზირება? 

დიმედროლის მიღების სქემა დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზზე და გამოშვების ფორმაზე.

აბები და საინიექციო ფორმა 

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 30-50 მგ, დღეში 1-3-ჯერ. როგორც წესი, მკურნალობის კურსი 10-15 დღის განმავლობაში გრძელდება. მაქსიმალური დოზა მოზრდილებში ერთჯერადად 100მგ-ს შეადგენს, ხოლო დღეღამეში — 250მგ-ს. უძილობის შემთხვევაში კი საჭიროა 50 მგ-ის მიღება დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე.

თუ პაციენტი პარკინსონიზმით არის დაავადებული, მისი მკურნალობა იწყება 25მგ-იანი დოზით დღეში სამჯერ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ-მდე, დღეში ოთხჯერ.

ღებინებისა და მოძრაობისადმი მგრძნობელობის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 25-50მგ-ს ყოველ 6-8 საათში. 2-დან 6 წლამდე ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა 75მგ-ია, ხოლო 6-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — 150მგ.

კუნთში შეყვანისას მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 50მგ-ს შეადგენს, ხოლო სადღეღამისო — 150მგ-ს. ვენაში წვეთოვანად შეყვანისას კი რეკომენდებული დოზა 20-50მგ-ია. 

საგულისხმოა, რომ დიმედროლის მიღება შესაძლებელია რექტალურადაც, სანთლის ფორმით, დოზირება კი დამოკიდებულია ასაკზე: მაგალითად, 3 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 5 მგ; 8-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის კი — 20 მგ.

გარდა ამისა, შესაძლებელია დიმედროლის წვეთების ჩაწვეთება თვალებში და ცხვირში.

დიმედროლის გელი 

დიმედროლის გელი გამოიყენება ადგილობრივად. საჭიროა, პრობლემურ არეალზე თხელი ფენის დატანა და მისი რბილად შეზელა. მალამოთი მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

გელის გამოყენება შესაძლებელია 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ჩუტყვავილათი დაავადებულებში — მხოლოდ ექიმის მითითებით.

 

დიმედროლი ქავილისთვის

როდის არ უნდა მიიღოთ დიმედროლი — უკუჩვენებები

დიმედროლი, როგორც აქტიური ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე პრეპარატი, რამდენიმე მნიშვნელოვანი უკუჩვენებით ხასიათდება.

ტაბლეტური და ინიექციური ფორმისთვის უკუჩვენებად ითვლება:

  • ინდივიდუალური მგრძნობელობა დიფენჰიდრამინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • ტვინის გარკვეული დაზიანებები, როგორიცაა ეპილეფსია — ამ დროს პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება;
  • ჰიპოტონია, რადგან დიმედროლს შეუძლია არტერიული წნევის კიდევ უფრო დაქვეითება;
  • ალკოჰოლის მოხმარება მკურნალობის პერიოდში.

გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული:

  • თვალის ქავილის შემთხვევაში;
  • პაციენტებისთვის, რომლებიც იტანჯებიან პორფირიით (მეტაბოლური დარღვევა);
  • აქტიური ნივთიერებისა და დამხმარე კომპონენტების მიმართ ალერგიის არსებობისას.

ასევე, უკუჩვენება შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის გადაჭარბებული გამოყენებისას, რისი შედეგიც შეიძლება იყოს არასასურველი რეაქციები.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, დიმედროლი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, პრეპარატის მოხმარებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 

დიმედროლი მიღების წესი

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატმა?

დიმედროლს ახასიათებს სხვადასხვა ტიპის გვერდითი მოვლენები, რომელთა სიმძიმე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზაზე, გამოყენების გზაზე და პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

ტაბლეტური ფორმის შემთხვევაში გვერდითი ეფექტებია:

  • პირის სიმშრალე და დაბუჟება;
  • თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა;
  • გულისრევა, თავის ტკივილი;
  • ფსიქომოტორული აქტივობის შემცირება;
  • მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ფოტოსენსიტიურობა);
  • ზოგიერთ ბავშვში აღინიშნება პარადოქსული რეაქციები — აგზნება, უძილობა და ეიფორია.

გელის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოიხატოს კანის გაღიზიანებით ან ალერგიული რეაქციებით — სიწითლე, ქავილი, ანთება ან კანზე ზედმეტი მგრძნობელობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გელის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა ან აგზნება, განსაკუთრებით ბავშვებში. შესაძლებელია გუგების გაფართოება, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის პარეზი. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მკურნალობა გულისხმობს კუჭის გამორეცხვას, ჟანგბადის მიწოდებას და სიმპტომატურ თერაპიას, თუმცა სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.



30 ივნ 2025