აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ეპილეფსია — რეალობა ამ ნევროლოგიური დაავადების შესახებ

უკან

ეპილეფსია — რეალობა ამ ნევროლოგიური დაავადების შესახებ

10 ივნ 2025

ეპილფსია

 

 

ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, მისი დიაგნოზით გლობალურად დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასიდან ერთ ადამიანს კი პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც გამოუცდია. 

მიუხედავად მისი ფართო გავრცელებისა, ეპილეფსიას მაინც მრავალი მითი და სტიგმა უკავშირდება. ამიტომ შევეცდებით, დაავადებაზე უფრო დეტალურად მოგიყვეთ და გაგაცნოთ მისი გამომწვევი მიზეზები, კლინიკური ნიშნები და მკურნალობის გზები. 

რა არის ეპილეფსია და რა იწვევს მას

ეპილეფსია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევითაა განპირობებული. მას ახასიათებს ეპილეფსიური შეტევები, გულყრა, რაც გამოწვეულია ტვინის ნერვული უჯრედების ანომალიური, მაღალი ელექტრონული აქტივობით. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეპილეფსია თანაბრად არის გავრცელებული ქალებსა და კაცებში. ის, ასევე, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. 

როგორც აღვნიშნეთ, ეპილეფსია გამოწვეულია ტვინში არანორმალური ელექტრონული აქტივობით, თუმცა ამ აქტივობის პროვოცირებას შესაძლოა განსხვავებული ფაქტორები ახდენდნენ. ესენია:

  • ტვინის დაზიანებები – ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტრავმით, ინსულტით, ტვინში არსებული სიმსივნით და სხვა. ასევე, ისეთი ინფექციებით, როგორებიცაა მენინგიტი და ენცეფალიტი. 
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა – თუკი ოჯახურ ანამნეზში ფიქსირდება ეპილეფსიის შემთხვევები, არსებობს ალბათობა, რომ დაავადება მემკვიდრეობით ბავშვსაც გადაეცეს. 
  • მეტაბოლური ან იმუნური სისტემის დარღვევები – ეპილეფსია შეიძლება სისხლში შაქრის, ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დისბალანსით იყოს გამოწვეული. 
  • ტვინის დეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა ალცჰაიმერი ან დემენციის სხვა ფორმები.
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება – ზოგიერთი ნივთიერება ტვინისთვის განსაკუთრებით ტოქსიკურია და მათ შეიძლება შეტევის პროვოცირება მოახდინონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეპილეფსია ბავშვებში და მოზარდებში ხშირად უმიზეზოდ ვითარდება ან რთულია მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების განსაზღვრა. ზოგჯერ დაავადების მიზეზის დადგენა ვერც ზრდასრულ ადამიანებში ხერხდება. 

 

 ეპილეფსიის სიმპტომები

როგორია ეპილეფსიის სიმპტომები — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება 

ეპილეფსიის მთავარი ნიშანი გულყრაა, თუმცა იმის მიხედვით, თუ ტვინის რა ნაწილშია დაზიანება, შესაძლოა შეტევის გამოვლინება განსხვავებული იყოს. შესაბამისად, გამოყოფენ დაავადების ორ ძირითად ტიპს, ესენია: ფოკალური ეპილეფსია და გენერალიზებული ეპილეფსია. 

პირველი ფორმის შემთხვევაში, როგორც წესი, ცნობიერება შენარჩუნებულია, თუმცა პაციენტს უჩნდება უცნაური სუნისა და გემოს შეგრძნება, ესმის ხმები, ერღვევა ვიზუალიზაცია. შეიძლება ამ ნიშნებს დაერთოს კრუნჩხვა და შიშის განცდაც.

ფოკალური შეტევის დროს ხდება გონების ნაწილობრივი დაკარგვაც, რა დროსაც პაციენტი არ გამოდის კონტაქტზე, აშტერდება ერთ ადგილს, იმეორებს ერთი და იმავე მოძრაობას, როგორებიცაა ხელების სრესა და ტუჩების ცმაცუნი. 

გენერალიზებული შეტევის დროს ცნობიერება იკარგება, რასაც წინ შეიძლება უძღოდეს პაციენტის უცნაური ქცევა, გაღიზიანება და დაძაბულობა. ასეთი გულყრის დროს, სხეული ჯერ დაჭიმულ მდგომარეობაშია, შემდეგ კი იწყება რიტმული კრუნჩხვა. 

ეპილეფსიის შეტევა შეიძლება განვითარდეს ძილშიც. დაავადების ამ ფორმას ღამის ეპილეფსია ეწოდება. როგორც წესი, გულყრა თავს იჩენს ძილის საწყის ეტაპზე ან გაღვიძებისას. ამ დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნოს კანკალი და მოესმას უჩვეულო ხმები, გამოფხიზლების შემდეგ კი ჰქონდეს დაბნეულობისა და დაღლილობის შეგრძნება.

 

 შეძენილი ეპილეფსია

პირველადი დახმარება ეპილეფსიის დროს 

ხშირად ადამიანები, რომლებიც ეპილეფსიის შეტევის მომსწრენი ხდებიან, პაციენტის დახმარებას არასწორი გზებით ცდილობენ, რის გამოც ის კიდევ უფრო ზიანდება. ამიტომ აუცილებელია, კარგად ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ შეტევის დროს. 

თუკი გულყრის შემთხვევას შეესწარით, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე,  პაციენტი დააწვინეთ მარჯვენა გვერდზე, თავის ქვეშ კი ბალიში ან რაიმე რბილი ქსოვილი ამოუდეთ. თუ დახურულ სივრცეში ხართ, გახსენით ფანჯრები და შემოუშვით ჰაერი. ასევე, გაათავისუფლეთ პაციენტი ზედმეტი ტანსაცმლისგან, გაუხსენით საყელო, მოხსენით ქამარი, ჰალსტუხი და ყველაფერი, რაც მას შეიძლება სუნთქვაში უშლიდეს ხელს. 

კრუნჩხვების დროს, არ სცადოთ პაციენტის ძალისმიერი შეკავება ან მისი პირის ძალით გაღება „ენის დაჭერის“ მიზნით. მხოლოდ დაელოდეთ, კრუნჩხვა რამდენიმე წამში ან წუთში თავისით გაივლის. 

 

 ეპილეფსია განმარტება

შესაძლებელია თუ არა ეპილეფსიის მკურნალობა? 

სასურველია, ექიმს პირველი ეპილეფსიური შეტევისთანავე მიმართოთ. არ გადადოთ ვიზიტი იმ შემთხვევაში, თუ გულყრა 5 წუთზე მეტხანს გრძელდება და აქვს ხშირი ხასიათი.

ხშირად ისმის კითხვა – იკურნება თუ არა ეპილეფსია? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ეპილეფსიასთან გვაქვს საქმე და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები. თუკი შეტევების მაპროვოცირებელი ტვინზე არსებული სიმსივნე ან სხვა ისეთი დაზიანებებია, რომელთა აღკვეთაც ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელია, მაშინ წარმატებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტს გულყრები აღარ უმეორდება. 

არსებობს ეპილეფსიის ისეთი ფორმებიც, რომლებიც მხოლოდ ბავშვობაში ვლინდება, მოზრდილ ასაკში კი – ქრება. სხვა შემთხვევებში, ეპილეფსიის ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე, მისი სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა სწორი მიდგომის დახმარებით, შეტევებისგან პაციენტები წლობით ან მთელი ცხოვრების განმავლობაში თავისუფლდებიან. 

ეპილეფსიის სამკურნალოდ ძირითადად ანტიკონვულსანტები გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს კომბინირებული თერაპიაც. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობები, რომლებიც ახდენენ ტვინში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, გააქტიურებული ელექტრონული აქტივობის ბლოკირებასა და, შესაბამისად, შეტევების პრევენციას.

ეპილეფსიით გამოწვეული გულყრების შესამცირებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რადგან უხარისხო ან არასაკმარისი ძილის შეტევების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია. გარდა ამისა, სასურველია, შეძლებისდაგვარად მართოთ სტრესი, შეამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და მოერიდოთ მოციმციმე ან ინტენსიურ განათებას.



10 ივნ 2025