აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დულსევია – პრეპარატი დეპრესიის, შფოთვისა და ნეიროპათიური ტკივილის წინააღმდეგ

უკან

დულსევია – პრეპარატი დეპრესიის, შფოთვისა და ნეიროპათიური ტკივილის წინააღმდეგ

12 სექ 2025

პრეპარატი დულსევია

 

სტრესი, დაღლილობა და შფოთვა თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყოველდღიური თანამგზავრია. როცა ამ მდგომარეობას ემატება ინტერესის დაკარგვა, მოტივაციის დაქვეითება და დეპრესიული ფიქრები, პრობლემა უფრო სერიოზული ხდება. ეს არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზეც აისახება.

დღეს მედიცინა გვთავაზობს საშუალებებს, რომლებიც ნერვული სისტემის ბალანსის აღდგენას და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია დულსევია, რომელიც დეპრესიის, ისე შფოთვითი აშლილობების მართვაში გვეხმარება და ცხოვრების რუტინაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

პსპ-ის აფთიაქებში ხელმისაწვდომია დულსევია 30 მგ და დულსევია 60 მგ დოზირებით, რომელიც მკვრივი გასტრორეზისტენტული კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. მსგავსი ფორმა კუჭის მჟავე გარემოსგან პრეპარატის აქტიური ნივთიერების დაცვას და მის ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

რა არის დულსევია და როდის გამოიყენება იგი? 

დულსევია არის პრეპარატი, რომლის აქტიური კომპონენტია დულოქსეტინი. იგი ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს, ამაღლებს სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეს, რაც ემოციური მდგომარეობისა და ტკივილის კონტროლის მნიშვნელოვანია.

დულსევიას ზრდასრულებში ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების სამკურნალოდ იყენებენ:

  • დეპრესია;
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ნევროზი ან ქრონიკული შფოთვა);
  • დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილი, რომელსაც ახასიათებს წვა, ჩხვლეტა, სიცივის ან სითბოს მიმართ მგრძნობელობა, ასევე ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნებები.

პაციენტების უმრავლესობაში, რომლებიც დულსევიას დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის მკურნალობისთვის იღებენ, ეფექტი დაახლოებით 2 კვირაშია შესამჩნევი, თუმცა მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებას შესაძლოა 2-4 კვირა დასჭირდეს. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ პროგრესი არ შეინიშნება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. იგივე ეხება დიაბეტური ნეიროპათიის მქონე პაციენტებს, რომელთა შემთხვევაში შედეგის მიღება ზოგჯერ რამდენიმე კვირასაც კი საჭიროებს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის მიღებამდე? 

დულსევიას გამოყენებამდე მნიშვნელოვანია უკუჩვენებებსა და უსაფრთხოების წესებს ყურადღებით გაეცნოთ.

პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ დულოქსეტინის ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ალერგია აღგენიშნებათ, ასევე თავის შეკავებაა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში.

დულსევიას მიღება მკაცრად არის აკრძალული იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAO-ბლოკატორებს), რადგან ასეთმა კომბინაციამ შესაძლოა სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

ასევე არ არის რეკომენდებული დულსევიას ერთდროული გამოყენება ფლუვოქსამინთან, ციპროფლოქსამინთან, ენოქსაცინთან ან დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებთან.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა ან გულის დაავადებები აღენიშნებათ. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი მიიღებს.

დულსევიას მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

  • იღებთ სხვა ანტიდეპრესანტებს ან კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველ მცენარეულ პრეპარატებს;
  • გაქვთ თირკმლის დაავადება, გულყრები (ეპილეფსია), მანია ან ბიპოლარული აშლილობა;
  • გაწუხებთ თვალის დაავადებები, მათ შორის გლაუკომა;
  • გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება;
  • არსებობს სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების რისკი (მაგალითად, დიურეზული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში);
  • იმყოფებით მკურნალობის კურსზე ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ღვიძლს აზიანებენ.

შესაძლოა აღინიშნოს ისეთი გვერდითი მოვლენებიც, როგორიცაა მოუსვენრობა ან ერთ პოზიციაში დიდხანს გაჩერების უუნარობა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გაითვალისწინეთ, რომ დულსევიასა და მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია, რომელიც რიგ შემთხვევაში მკურნალობის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.

 

დეპრესიის წამალი დულსევია

დულსევიას მიღების წესი და დოზირება 

დულსევიათი მკურნალობა რეკომენდებულია ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. პრეპარატი პერორალურად მიიღება – კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, საჭირო რაოდენობის წყლის დაყოლებით.

რეკომენდებული დოზები:

  • დეპრესია და დიაბეტური ნეიროპათიით გამოწვეული ტკივილი: ჩვეულებრივ ინიშნება 60 მგ დღეში ერთხელ, თუმცა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის საჭირო სხვა დოზა.
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: საწყისი დოზა ხშირად შეადგენს 30 მგ-ს დღეში ერთხელ, შემდგომ უმეტესად ინიშნება 60 მგ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მითითებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ ექიმის მიერ. პრეპარატის მიღება სასურველია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა დოზა არ გამოგრჩეთ.

თუ შემთხვევით დულსევიას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: ძილიანობა, ღებინება, გულისცემის გახშირება, კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი, მძიმე შემთხვევაში კი კომა.

გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე მიიღეთ, მაგრამ თუ უკვე მოახლოვებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეთ. დაიმახსოვრეთ, დულსევიას ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

დულსევიის მიღების უეცრად შეწყვეტა დაუშვებელია. ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათან შეამცირებს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. უეცარი შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, უძილობა ან უცნაური სიზმრები, მოუსვენრობა, გულისრევა, თავისა და კუნთების ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა ან კანკალი. სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია და რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ ძლიერი დისკომფორტისას ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.

 

დულსევია შფოთვის წამალი

 

რა შეიძლება იყოს პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენები 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება დულსევიას მიღების შემდეგაც აღინიშნოს, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები მსუბუქია და მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ქრება.

ძალიან ხშირი (10-დან 1-ზე მეტში):

  • თავის ტკივილი, უძილობა
  • გულისრევა, პირის სიმშრალე

ხშირი (10-დან 1-ზე ნაკლებში):

  • მადის დაქვეითება
  • შფოთვა, უძილობა ან უჩვეულო სიზმრები, ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური ფუნქციის დარღვევები
  • თავბრუსხვევა, კანკალი, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება
  • მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში
  • გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, გულძმარვა, კუჭის ტკივილი
  • ჭარბი ოფლიანობა, გამონაყარი, ქავილი
  • კუნთების ტკივილი ან სპაზმები
  • ხშირი შარდვა ან შარდვის გაძნელება
  • ერექციისა და ეაკულაციის პრობლემები
  • დაღლილობა, წონის კლება

არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებში):

  • სუიციდური აზრები, შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა, ჰალუცინაციები
  • კოორდინაციის დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი
  • მხედველობის გაუარესება, თვალის გუგების გაფართოვება
  • არტერიული წნევის ან გულისცემის არარეგულარული მატება
  • ღვიძლის ანთება (სიმპტომებით: მუცლის ძლიერი ტკივილი, კანის ან თვალების სიყვითლე)
  • ჭინჭრის ციება, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები

იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებში):

  • ძლიერი ალერგიული რეაქციები (სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება)
  • სეროტონინის სინდრომი (ცხელება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა)
  • კრუნჩხვები, მანია, აგრესიის ეპიზოდები
  • ღვიძლის სერიოზული დარღვევები, სიყვითლე
  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე დაზიანება)

ძალიან იშვიათი:

  • კანის სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მათ შორის ისეთების შემთხვევაში, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

12 სექ 2025