აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ერმუცინი სასუნთქი გზების ინფექციების წინააღმდეგ — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატზე

უკან

ერმუცინი სასუნთქი გზების ინფექციების წინააღმდეგ — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატზე

10 ივნ 2025

წამალი ერმუცინი ფასი პსპ-ში

ერმუცინი მუკოლიზური, ამოსახველებელი და ბრონქების დამცავი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება როგორც მწვავე, ისე ქრონიკული რესპირატორული პათოლოგიების სამკურნალოდ. იგი ხელმისაწვდომია ჟელატინის მყარ კაფსულებში, რომელთა ერთი მხარე ყვითელია, მეორე კი მწვანე შეფერილობისაა. ერმუცინის კაფსული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილითაა სავსე. 

ერმუცინი 300 მგ. დოზით აქტიურ კომპონენტ ერდოსტეინს შეიცავს, რაც წამლის ეფექტიანობას უზრუნველყოფს. კაფსულის არარეაქტიულ შედგენილობაში გვხვდება მიკროკრისტალურ ცელულოზა, პოვიდონ K30 და მაგნიუმის სტეარატი. გარსი კი შედგება ჟელატინის, ტიტანის დიოქსიდის(E171), რკინის ოქსიდისა (E172) და ინდიგოკარმინისგან (E132). ამ კომპონენტების შეხამება პროდუქტის სტაბილურობასა და დოზის ზუსტ მიწოდებას განაპირობებს.

რა შემთხვევებში გამოიყენება ერმუცინი

ერმუცინი რეკომენდებულია როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. პირველ რიგში, პრეპარატი სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი მდგომარეობებისას გამოიყენება, როგორიცაა რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი და მწვავე ბრონქიტი. ამ დაავადებების დროს, როდესაც ლორწოს რაოდენობა იზრდება და მისი გამოდევნა რთულდება, ერდოსტეინის მოქმედება მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. ის ლორწოს სიბლანტეს ამცირებს და ამოხველებას აადვილებს.

გარდა ამისა, ერმუცინი ეფექტიანია სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავებისასაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მუკოზური სეკრეციის მოცულობა მომატებულია. ასეთი მდგომარეობებია ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ჰიპერსეკრეციული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება და თამბაქოს მოწევით გამოწვეული ქრონიკული ბრონქიტი. უკანასკნელი ხშირად მწვავდება სეზონურად, ცივი ან ნესტიანი კლიმატის დროს, და სწორედ ასეთ პერიოდებში ერდოსტეინის მოქმედება სიმპტომების შემსუბუქებაში გვეხმარება.

ერმუცინი ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება ბაქტერიული წარმოშობის ბრონქიტის დროს, კომპლექსურ თერაპიაში. ის პრეპარატი ბრონქიალურ სეკრეტში ანტიბიოტიკების შეღწევადობას აუმჯობესებს, რაც ინფექციისას სწრაფ თერაპიულ შედეგს იძლევა. 

აღსანიშნავია ერმუცინის როლი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკაში. ოპერაცის შემდგომ სასუნთქ გზებში სეკრეტის დაგროვება ხშირია, რაც ბაქტერიული ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს. ფილტვის ნაწილმა შეიძლება ატელექტაზიც განიცადოს. ასეთ შემთხვევებში ერდოსტეინი მუკოცილიარული კლირენსის აღდგენას განაპირობებს, რაც პოსტოპერაციული გართულებების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია.

 

ერმუცინი სიროფი, ერმუცინი ტაბლეტი და ერმუცინი 300მგ ანოტაცია

როგორ მოქმედებს წამალი ერმუცინი — ანოტაცია 

ერმუცინის ანოტაცია ასეთია: ის სწრაფად შეიწოვება და ღვიძლში გადამუშავდება. მას შემდეგ, რაც პრეპარატი შთაინთქმება, იგი მინიმუმ სამ აქტიურ მეტაბოლიტად გარდაიქმნება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი N-თიოდიგლიკოლ-ჰომოცისტეინია, იგივე M1. პრეპარატის ძირითად თერაპიულ მოქმედებას სწორედ ეს მეტაბოლიტი უზრუნველყოფს. სისხლში M1-ის მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 3.46 მგ/მლ-ს შეადგენს და იგი ამ მაჩვენებელს მიღებიდან დაახლოებით 1.5 საათში აღწევს. პრეპარატის დაახლოებით 64.5% პლაზმის ცილებს უკავშირდება, რაც მის სტაბილურ განაწილებაზე მიუთითებს.

მეტაბოლიზმის შედეგად მიღებული ნაერთები ძირითადად შარდით გამოიდევნება, უმეტესწილად არაორგანული სულფატების სახით, მცირე ნაწილი კი — განავლით. ერდოსტეინისა და მისი მეტაბოლიტების ნახევარდაშლის პერიოდი 5 საათზე მეტია. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის განმეორებით მიღებასა და კვებას მის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე გავლენა არ აქვს. ორგანიზმში არც მისი დაგროვება აღინიშნება და არც ფერმენტული ინდუქცია ვითარდება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება გაიზარდოს როგორც პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია, ისე AUC-ის მაჩვენებელი. ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლოა, ნახევარდაშლის პერიოდი გახანგრძლივდეს. თირკმელების მწვავე უკმარისობისას კი არსებობს ერდოსტეინის მეტაბოლიტების დაგროვების რისკი, რაც სიფრთხილეს საჭიროებს.

ერმუცინი 300მგ-ის ანოტაცია ფარმაკოდინამიკასაც ითვალისწინებს: პრეპარატის მეტაბოლიტებში არსებული თიოლის ჯგუფები მუკოზის გლიკოპროტეინულ სტრუქტურაში დისულფიდური ბმების რღვევას იწვევს. შედეგად, ლორწო უფრო ნაკლებად წებოვანი და ელასტიკური ხდება, რაც მის ამოსახველებას აადვილებს.

ეს პროცესი აძლიერებს მუკოცილიარული აპარატის მუშაობას როგორც ზედა, ისე ქვედა სასუნთქ გზებში, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ ლორწოვანი, არამედ ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის გაწმენდასაც. დამატებით, ერდოსტეინი ეპითელიუმის ზედაპირზე ბაქტერიების (მათ შორის გრამდადებითი და გრამუარყოფითი ფორმების) ადჰეზიურ უნარს ამცირებს.

მნიშვნელოვანია მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება. ერდოსტეინი ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ამცირებს და პეროქსიდული ლიპიდური ჟანგვის მარკერებს ასუსტებს. ამგვარი თვისებები დიდ როლს ასრულებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში, რაც გარკვეული ციტოკინების (მაგალითად, IL-6 და IL-8) დონის შემცირებით მიიღწევა.

პრეპარატს ასევე გააჩნია უნარი, სასუნთქი გზების ქსოვილები თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. გარდა ამისა, ერდოსტეინი სასუნთქი გზებში იმუნოგლობულინ A-ს (IgA) რაოდენობას ზრდის იმ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები აქვთ. პრეპარატი ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას ზრდის, ანუ მათი ერთდროული გამოყენებისას ეფექტი უმჯობესდება. ერდოსტეინი თავისუფალ SH ჯგუფებს არ შეიცავს, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მის გავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

როგორია ერმუცინის მიღების წესი და გვერდითი მოვლენები

ერმუცინის ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების პირობებს მკაფიოდ განსაზღვრავს, რათა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწეს. პრეპარატი კაფსულის ფორმით მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. იგი პერორალურად მიიღება, კვების მიუხედავად, რაც მკურნალობის პროცესს უფრო მოქნილს ხდის.

ერმუცინის დოზირება დაავადების ხასიათსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 1 კაფსული (300 მგ) დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 7-დან 10 დღემდე მერყეობს, რაც უმეტეს შემთხვევებში სუნთქვის სისტემის დაავადებების დასაძლევად საკმარისია. ქრონიკული დაავადებების დროს, გარკვეული სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე, შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებაც. დოზის გადაჭარბებისას სიმპტომურ თერაპიას უნდა მიმართოთ. 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ისინი, როგორც წესი, იშვიათად ვლინდება, უმეტესად მსუბუქი ფორმით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულძმარვა, გულისრევა ან დიარეა. ალერგიული რეაქციებიდან — კანის სიწითლე ან ჭინჭრის ციება. მკურნალობის დასაწყისში ძალიან იშვიათად შეიძლება დაფიქსირდეს გემოს შეცვლა ან მისი დროებითი დაკარგვა (აგევზია ან დისგევზია), თუმცა ეს სიმპტომები სწრაფად გაივლის, ამიტომ მკურნალობის შეწყვეტას, ჩვეულებრივ, არ საჭიროებს.

 

ერმუცინის ტაბლეტი და მისი დოზირება

ერმუცინის უკუჩვენებები და განსაკუთრებული მითითებები

მიუხედავად იმისა, რომ ერმუცინის მიღება უმეტეს პაციენტებში უსაფრთხოა, მისი გამოყენება გარკვეული მდგომარეობების დროს აკრძალულია. პირველ რიგში, პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომელთაც დადასტურებული აქვთ ჰიპერმგრძნობელობა როგორც თავად ერდოსტეინის, ისე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს იმ ნივთიერებების შემთხვევებში, რომლებიც თავისუფალ SH რადიკალებს შეიცავს.

სიფრთხილე გვმართებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევისასაც, მათ შორის ტუტე ფოსფატაზისა და ტრანსამინაზების დონის მატების დროს. ასევე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <25 მლ/წთ) დროს. ერმუცინის დანიშვნა არ შეიძლება ჰომოცისტეინურიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ის ჰომოცისტეინის წყაროა და შესაძლებელია, ამინომჟავათა მეტაბოლიზმის დარღვევა გამოიწვიოს. უკუჩვენებად მიიჩნევა აქტიური პეპტიური წყლულიც.

რესპირატორული დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებებთან (თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეტოპრიმი) ერმუცინის ერთდროული გამოყენება არასასურველ ეფექტებს არ იწვევს. მეტიც, ერდოსტეინი ზოგიერთი ანტიბიოტიკის მოქმედებას აძლიერებს/ დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული მოქმედება ბუდესონიდთან და სალბუტამოლთანაც.

მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გარდა ამისა, ხველების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად  ერმუცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება ბრონქებში სეკრეტის დაგროვება გამოიწვიოს. ეს სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის რისკს ზრდის.

პრეკლინიკურმა კვლევებმა მედიკამენტის ტერატოგენული ეფექტები არ აჩვენა, თუმცა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება საკმარისად შესწავლილი არაა. განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ სარგებელი პოტენციურ რისკს აშკარად აღემატება. რაც შეეხება ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიცაა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა, ერმუცინი ამ მხრივ უსაფრთხოა.

ერმუცინი ტაბლეტის სახით არაა ხელმისაწვდომი. სააფთიაქო ქსელებში ეს მედიკამენტი ძირითადად კაფსულების სახითი იყიდება, რომელთა შენახვის ვადა 5 წელია. ამის მიუხედავად, არსებობს ერმუცინის სუსპენზია, რომელიც ნახველის ამოღებას ამარტივებს და ბავშვებშიც გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ ერმუცინი სიროფის ფორმითაც არ იწარმოება და სუსპენზია მასში არ უნდა შეგვეშალოს.



10 ივნ 2025