ესციტალოპრამ ნორმონი — ეფექტიანი პრეპარატი დეპრესიული და შფოთვითი აშლილობების წინააღმდეგ
12 სექ 2025

დეპრესიული და შფოთვითი აშლილობები დღევანდელ მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურობაზე, სოციალურ აქტივობასა და ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ პრობლემების მართვა ხშირად მედიკამენტურ ჩარევას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმპტომების შემცირება და გრძელვადიანი ფსიქო-ემოციური სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს.
ამ მიზნით შეიქმნა ესციტალოპრამი ნორმონი, რომელიც სელექციურ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორს (SSRI) წარმოადგენს. იგი დეპრესიული ეპიზოდებისა და პანიკური აშლილობების მკურნალობის დროს გამოიყენება.
პსპ-ის აფთიაქებში ეს ანტიდეპრესანტი ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა. პრეპარატის ერთ შეფუთვაში 28 ტაბლეტია. ხელმისაწვდომია ესციტალოპრამი 10 მგ და ესციტალოპრამი 20 მგ დოზირებით.
ესციტალოპრამ ნორმონის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ნეირომედიატორის, სეროტონინის, კონცენტრაციის ზრდას სინაფსურ ნაპრალში, რაც ნერვული გადაცემის ხარისხს აუმჯობესებს და სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ ესციტალოპრამი თითქმის არ უკავშირდება სხვა რეცეპტორებს (მაგალითად, დოფამინის, ადრენორეცეპტორებს, ჰისტამინისა და მუსკარინულ ქოლინორეცეპტორებს), რაც ამცირებს არასასურველი გვერდითი ეფექტების რისკს.
შეწოვა და განაწილება:
პრეპარატი ორგანიზმში კარგად შეიწოვება და მისი ეფექტიანობა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 80%-ს შეადგენს. სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია საშუალოდ 4 საათში მიიღწევა. იგი ნაწილობრივ პლაზმის ცილებს უკავშირდება, მაგრამ ეს მაჩვენებელი 80%-ზე ნაკლებია, რაც აქტიური ნივთიერების თავისუფალ ცირკულაციას უზრუნველყოფს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
ესციტალოპრამი ღვიძლში მეტაბოლიზდება და აქტიურ მეტაბოლიტებად გარდაიქმნება. პრეპარატის გადამუშავებაში მონაწილეობს ციტოქრომის სისტემა (ძირითადად P4502C19, ასევე – P4503A4 და P4502D6). ამის გამო, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ P4502C19-ის სუსტი აქტივობა, სისხლში პრეპარატის დონე შეიძლება დაახლოებით ორჯერ მაღალი იყოს, რაც ინდივიდუალურ დოზირებას საჭიროებს.
გამოიყოფა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმელების მეშვეობით, ძირითადად შარდთან ერთად, მეტაბოლიტების სახით.
მოქმედების ხანგრძლივობა:
პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათია, რაც მისი მხოლოდ დღეში ერთხელ მიღების საშუალებას იძლევა. წონასწორული კონცენტრაცია, რეგულარული გამოყენების შემდეგ, სისხლში დაახლოებით 1 კვირაში მიიღწევა.
განსხვავდება თუ არა პრეპარატის მოქმედება ხანდაზმულებში?
65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში პრეპარატის დაშლა და გამოყოფა უფრო ნელა მიმდინარეობს. ამიტომ მათ შემთხვევაში ესციტალოპრამი უნდა დაინიშნოს დაბალი საწყისი დოზით და განსაკუთრებული სიფრთხილით.

ესციტალოპრამი ნორმონი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ და მისი მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშეა შესაძლებელი.
დეპრესიული ეპიზოდების დროს საწყისი დოზა, როგორც წესი, დღეში 10 მგ-ს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში მაქსიმუმ 20 მგ-მდე. ანტიდეპრესიული ეფექტი, ჩვეულებრივ, 2-4 კვირაში ვლინდება. სიმპტომების სრულად მოხსნის შემდეგ, თერაპიის გაგრძელება მინიმუმ 6 თვეა რეკომენდებული, რათა მიღებული შედეგი გამყარდეს.
პანიკური აშლილობისას (აგორაფობიით ან მის გარეშე) პირველ კვირაში რეკომენდებულია დღეში 5 მგ. შემდეგ დოზა იზრდება 10 მგ-მდე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღიური დოზის მაქსიმუმ 20 მგ-მდე გაზრდა. მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, 3 თვის განმავლობაშია შესამჩნევი. თერაპია ხშირად რამდენიმე თვეს გრძელდება.
ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ) საჭიროა შემცირებული დოზები: ჩვეულებრივ ინიშნება დღეში 5 მგ, ხოლო მაქსიმალური დასაშვები დღიური დოზა 10 მგ-ს შეადგენს.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას – მსუბუქი და საშუალო უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.
ციტოქრომ P4502C19-ის სუსტი აქტივობისას მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება დღეში 5 მგ, ხოლო 2 კვირის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღიური დოზის 10 მგ-მდე გაზრდა.
გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან. რეკომენდებულია დოზა 1-2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდეს, რათა მოხსნის სინდრომი თავიდან იქნას აცილებული.
ესციტალოპრამ ნორმონით მკურნალობისას არასასურველი რეაქციები უმეტესად თერაპიის პირველ 1-2 კვირას აღინიშნება. დროთა განმავლობაში მათი ინტენსივობა იკლებს და ხანგრძლივი მკურნალობისას ისინი უფრო იშვიათად ვლინდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, მადის დაქვეითება, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა (ფაღარათი ან ყაბზობა), უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ოფლიანობის გაძლიერება, ჰიპერთერმია, სინუსიტის ნიშნები, ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია (იმპოტენცია, ეაკულაციის შეფერხება, ანორგაზმია ქალებში).
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გემოს შეგრძნებების დაქვეითება და უძილობა.
ასევე შესაძლებელია ისეთი რეაქციების განვითარება, როგორიცაა: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია, მხედველობის დარღვევები, პირღებინება, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია), ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლების ცვლილება, ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვები, ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სეროტონინული სინდრომი, ფსიქიკური ცვლილებები (ჰალუცინაციები, მანიური ეპიზოდები, ცნობიერების დაბინდვა, აგზნება, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, გაღიზიანებადობის მატება).
გარდა ამისა, ზოგჯერ აღინიშნება შარდის შეკავება, გალაქტორეა, კანის გამონაყარი, ქავილი, ეკიმოზი, პურპურა და ანგიონევროზული შეშუპება.
გრძელვადიანი მკურნალობისას მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი, რომელიც ხშირად თავბრუსხვევით, თავის ტკივილითა და პირღებინებით ვლინდება. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები მსუბუქი და ხანმოკლე ხასიათისაა.
რაც შეეხება უკუჩვებებს, ესციტალოპრამ ნორმონი არ ინიშნება:
თუ პრეპარატით მკურნალობისას ზემოთ ჩამოთვლილი ან რომელიმე სხვა საეჭვო გვერდითი ეფექტი შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
12 სექ 2025