ზეფექსალი — ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი მოზრდილებისა და ბავშვებისთვის
5 აგვ 2025

ზეფექსალი თურქეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის არასედაციურ ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება და აქტიური ნივთიერების სახით ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს შეიცავს, რომლის შემცველობაც თითოეულ ტაბლეტში 120 მგ-ს ან 180 მგ-ს შეადგენს. დამხმარე ნივთიერებების სახით მედიკამენტში ასევე შედის: სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ოპადრი და მაგნიუმის სტეარატი.
პსპ-ს აფთიაქებში პრეპარატი ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებით ზეფექსალი 120 მგ და ზეფექსალი 180 მგ. იგი ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს მიეკუთვნება და ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
როგორც აღვნიშნეთ, ზეფექსალი წარმოადგენს არასედაციურ ანტიჰისტამინურ პრეპარატს, რომელიც ალერგიის დროს გამოიყენება. კონკრეტულად კი, 120 მგ-იანი ტაბლეტები ინიშნება სეზონური და არასეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში. 180 მგ-იანი ტაბლეტები კი განკუთვნილია ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობისთვის, იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პერიფერიულ H1 ტიპის ჰისტამინის რეცეპტორების სელექციურ ბლოკირებას. იგი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებას მიღებიდან დაახლოებით 2.5 საათში იწყებს. მისი მოქმედება არ იწვევს ტოლერანტობის განვითარებას — ეფექტიანობა უცვლელად შენარჩუნებულია გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაშიც.
პრეპარატი ორგანიზმიდან შარდისა და განავლის მეშვეობით გამოიყოფა, ნახევრადგამოყოფის პერიოდი კი დაახლოებით 11–15 საათს შეადგენს.
ზეფექსალის გამოყენება დაშვებულია მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში. რეკომედებულია პრეპარატის ერთი ტაბლეტის, დღეში ერთხელ მიღება. მედიკამენტი ორგანიზმში პერორალური გზით აღწევს. წამლის დალევის გასამარტივებლად შეგიძლიათ, მას მცირე რაოდენობის წყალი მიაყოლოთ.
ფექსოფენადინის ქლორიდის ჭარბი დოზით მიღება იშვიათად აღრიცხულა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და ძილიანობა.
მკურნალობა მოიცავს სტანდარტულ ზომებს არააბსორბირებული პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გამოსაყოფად. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის სისხლიდან გამოყოფისთვის ჰემოდიალიზი არაეფექტიანია.

პირველ რიგში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ზეფექსალის ან მისი ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება.
ორსულებში ფექსოფენადინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. ეს კი პაციენტის ექიმმა უნდა შეაფასოს.
საყურადღებოა, რომ ლაქტაციის პერიოდში ფექსოფენადინი აღმოჩენილ იქნა დედის რძეში, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის განხილვა.
ფექსოფენადინის, მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდების ერთდროულმა მიღებამ, თუნდაც 15-წუთიანი შუალედით, შესაძლოა ფექსოფენადინის ბიოშეღწევადობის შემცირება გამოიწვიოს.
ფექსოფენადინის გამოყენება ხანშიშესულ პაციენტებში, ასევე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, როგორც წესი, დოზის კორექციას არ მოითხოვს. თუმცა, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებით მკურნალობისას, ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შესაძლოა, ზეფექსალის გამოყენების შემდეგაც გამოვლინდეს. კლინიკური კვლევების შედეგად ამ მედიკამენტის ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია:
როგორც ცნობილია, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად მსუბუქი და დროებითი იყო. თუ ზეფექსალის გამოყენების შემდეგ რომელიმე სიმპტომი მძიმე ფორმით გამოგივლინდებათ ან ჩამოთვლილის გარდა სხვა, მოულოდნელი ეფექტიც იჩენს თავს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
5 აგვ 2025