აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ზირტეკი — ალერგიასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება

უკან

ზირტეკი — ალერგიასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება

7 ივლ 2025

ზირტეკი.png - ზირტეკი ფასი

ზირტეკის 10 მგ-იანი ტაბლეტები ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელშიც ცეტირიზინის აქტიური კომპონენტი გვხვდება. კერძოდ, პრეპარატი 10 მგ. ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს შეიცავს და წარმოდგენილია თეთრი, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული აბების სახით. 

ზირტეკი თურქული და შვეიცარიული წარმოებითაა ხელმისაწვდომი. მის შედგენილობაში შედის როგორც აქტიური, ისე დამხმარე ნივთიერებები, მათ შორის: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი და სხვა კომპონენტები.

ზირტეკის აბები H1 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს მიეკუთვნება და სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების შესამცირებლად ან სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.

ზირტეკის ანოტაცია — ჩვენებები და მოქმედების მექანიზმი 

ზირტეკის ტაბლეტი ეფექტიანია როგორც სეზონური, ისე წლის ნებისმიერ დროს მიმდინარე ალერგიული რინიტისა და კონიუნქტივიტის დროს. ის ისეთ გამოხატულ ნიშნებს ამსუბუქებს, როგორიცაა ცემინება, ქავილი, რინორეა, თვალების წვა და ცრემლდენა. ზირტეკი თვალის კონიუნქტივის სიწითლესაც ამცირებს.

წამალი ციებ-ცხელების, ჭინჭრის ციებისა (მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ფორმის) და კვინკეს შეშუპების დროს გამოიყენება. აგრეთვე ნაჩვენებია ატოპიური დერმატიტისა და სხვა ალერგიული დერმატოზების შემთხვევაში, როდესაც პაციენტს ქავილი და გამონაყარი აწუხებს.

ზირტეკის აქტიური ნივთიერება ცეტირიზინი ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტია, რომელიც H1 ტიპის ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტია. მისი ძირითადი მექანიზმი ჰისტამინზე დამოკიდებული ალერგიული პროცესების შეჩერებისკენაა მიმართული. პრეპარატი ანთების მედიატორების გამოყოფას ზღუდავს, სისხლძარღვების კაპილარების განვლადობას ამცირებს და ქსოვილებში შეშუპების განვითარებას უშლის ხელს.

ცეტირიზინი ალერგიული რეაქციის გვიანი სტადიის დროსაც მოქმედებს. ის ანთებით უჯრედთა (ეოზინოფილები, ბაზოფილები, ნეიტროფილები) მიგრაციას ამცირებს და მემბრანების სტაბილიზაციას განაპირობებს. ის წარმატებით ხსნის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია როგორც ალერგენებით, ასევე სიცივით (განსაკუთრებით ჭინჭრის ციების შემთხვევაში).

ზირტეკის ტაბლეტი თერაპიული დოზების ფარგლებში სედაციას არ იწვევს. ცეტირიზინის 10 მგ. დოზის მიღებიდან მოქმედება დაახლოებით 20-60 წუთში იწყება და 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ეფექტი სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგაც შენარჩუნებულია, 72 საათამდე.

როგორია ზირტეკის დოზირება და მიღების წესი

აბები განკუთვნილია პერორალურად მისაღებად, 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. ზირტეკი ბავშვებში 6 წლის ასაკიდან გამოიყენება. მათში და მოზრდილებში სტანდარტული სადღეღამისო დოზა 10 მგ-ს შეადგენს, რაც ერთი ტაბლეტის ეკვივალენტურია. იმ პაციენტებში, რომლებშიც სრული დოზით მკურნალობა არ არის საჭირო, შეიძლება საწყისად ნახევარი ტაბლეტი (5 მგ) დაინიშნოს, დღეში ერთხელ.

უფრო მცირეწლოვან პაციენტებში ზირტეკი საბავშვო ფორმით ინიშნება. ესაა ზირტეკის წვეთები, რომლებიც ასევე შიგნით მიიღება და პატარებში უფრო მარტივად გამოსაყენებელია.

ზირტეკი ძირითადად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება აუცილებელია. ამ ორგანოს ფუნქციის შეფასება (კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი) პრეპარატის მიღების სიხშირესა და რაოდენობას განსაზღვრავს.

დოზირების სქემა ასეთია: თირკმლის ფუნქციის ნორმალური მაჩვენებლის მქონე პირები ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ-ს დღეში ერთხელ; მსუბუქი უკმარისობის (კლირენსი 50-დან 79 მლ/წთ-მდე) შემთხვევაშიც 10 მგ. დოზის გამოყენებაა შესაძლებელი; საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობისას (კლირენსი 30-49 მლ/წთ) რეკომენდებულია ზირტეკის მიღება 5 მგ. დოზით, დღეში ერთხელ; მძიმე უკმარისობის დროს, როდესაც კლირენსი 30 მლ/წთ-ზე დაბალია, პრეპარატი 5 მგ დოზით ყოველ მეორე დღეს ინიშნება. ხოლო თუ კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია და პაციენტი დიალიზზეა, ზირტეკის გამოყენება არ შეიძლება.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ცალკე დოზის კორექტირება აუცილებელი არაა. თუ მისი და თირკმლის კომბინირებული უკმარისობა ფიქსირდება, მაშინ დოზა თირკმლის ფუნქციაზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს. ბავშვებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნებათ, დოზირება მორგებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, სხეულის მასისა და კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

ზირტეკის ერთჯერადი ჭარბი დოზის (მაგალითად, 50 მგ) მიღების შემდეგ შესაძლოა, გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, დაღლილობა, დაბნეულობა, თავის ტკივილი, შარდის შეკავება, ქავილი, ძილიანობა, ტაქიკარდია და ნერვული სისტემის ზოგადი დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა კუჭის ამორეცხვას ან ღებინების პროვოცირებას მოიცავს. რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური, სტაბილიზაციისკენ მიმართული თერაპია.

 

ზირტეკი სიროფი

გვერდითი ეფექტები, უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

ზირტეკი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს:

  • ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, დეპრესია, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, უძილობა, ტიკი;
  • მხედველობა: არამკაფიო ხედვა, აკომოდაციის დარღვევა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია;
  • სასუნთქი სისტემა: რინიტი, ფარინგიტი;
  • კუჭ-ნაწლავი: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა;
  • ღვიძლი და შარდმდენი სისტემა: ღვიძლის ფერმენტების მატება, შარდის შეკავება ან ენურეზი;
  • კანი და იმუნური სისტემა: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსია;
  • სხვა: სისუსტე, დაღლილობა, შეშუპება, სხეულის წონის მომატება.

ზოგ შემთხვევაში ზირტეკი არ გამოიყენება, ანუ უკუნაჩვენებია. მათ შორის:

  • ცეტირიზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ალერგიის დროს;
  • თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში (კლირენსი <10 მლ/წთ);
  • გალაქტოზის შეუთავსებლობის, ლაქტაზის დეფიციტისა ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის დროს;
  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებში (აბების ფორმით);
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის კორექტირება საჭიროა თირკმლის ქრონიკული უკმარისობისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. ასევე ხანდაზმულებში, რადგან მათში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკი არსებობს.

ცეტირიზინი უსაფრთხოა პსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან ერთად მიღებისას. თეოფილინის შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს ცეტირიზინის ელიმინაცია. ალკოჰოლთან კი სიფრთხილეა საჭირო, რათა სედაცია აიცილოთ თავიდან.

7 ივლ 2025