აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კარბამაზეპინი – რა უნდა ვიცოდეთ ამ მედიკამენტის შესახებ

უკან

კარბამაზეპინი – რა უნდა ვიცოდეთ ამ მედიკამენტის შესახებ

30 ივნ 2025

კარბამაზეპინი 200 მგ ტაბლეტები PSP-სგან. "კარბამაზეპინი - რა უნდა ვიცოდეთ ამ მედიკამენტის შესახებ.

 

კარბამაზეპინი ნერვულ სისტემაში ელექტრული იმპულსების რეგულირებას უზრუნველყოფს და ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიური და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ. მას უმეტესად ეპილეფსიის პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრების დროს ნიშნავენ კრუნჩხვების პრევენციისა და კონტროლისთვის. 

კარბამაზეპინი ასევე ეფექტიანი საშუალებაა ისეთი ჩვენებების დროს, როგორებიცაა:

  • ნეირონული გენეზის ტკივილის სინდრომი; სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს;
  • ესენციური გლოსო-ფარინგეალური ნევრალგია;
  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • უშაქრო დიაბეტი (კომბინირებული თერაპიის სახით);
  • კრუნჩხვების პროფილაქტიკა, ჰიპერაგზნებადობა და ძილის დარღვევა ალკოჰოლური აბსტინენციის დროს;
  • აფექტური და შიზო-აფექტური ფსიქოზები (როგორც პროფილაქტიკური საშუალება) – ამ მდგომარეობისას კარბამაზეპინი ხელს უწყობს განწყობის მერყეობის დაბალანსებას, განსაკუთრებით მანიაკალური ფაზის შემცირებას.

რისგან შედგება კარბამაზეპინი და როგორია მისი მოქმედება?

კარბამაზეპინის ერთი აბი შეიცავს 200 მგ. კარბამაზეპინს. დამხმარე ნივთიერების სახით კი ლაქტოზას, სახამებელს, პოლივინილპიროლიდონს და მაგნიუმის სტეარატს.

კარბამაზეპინს, რომელსაც გამალეფსინის სახელითაც მოიხსენიებენ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ის ანელებს ნერვული იმპულსების გადაცემას და ამით ამცირებს ზედმეტად გააქტიურებულ ტვინის უჯრედთა აქტივობას.  

კარბამაზეპინი წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს ბავშვთა კეთილთვისებიანი როლანდის ეპილეფსიის დროს. აღსანიშნავია, რომ ყველა სხვა ანტიეპილეპტურ საშუალებასთან შედარებით ის ყველაზე ნაკლებად არღვევს კოგნიტიურ ფუნქციას. 

 

კარბამაზეპინი 200 მგ ტაბლეტები PSP-სგან. "კარბამაზეპინი - რა უნდა ვიცოდეთ ამ მედიკამენტის შესახებ.

როგორ მიიღება პრეპარატი — რა უნდა ვიცოდეთ 

მნიშვნელოვანია, რომ კარბამაზეპინის დოზა და მიღების სიხშირე ექიმის მიერ განისაზღვროს. მედიკამენტის თვითნებური მოხმარება დაუშვებელია.

ეპილეფსიის მკურნალობის საწყის ეტაპზე რეკომენდებული დოზაა 100-200 მგ., 1-2-ჯერ დღეში. მოზრდილების შემთხვევაში დოზა თანდათანობით შეიძლება გაიზარდოს 800-1200 მგ.-მდე დღეში, ბავშვების შემთხვევაში – 400-800 მგ.-მდე, ხოლო მოზარდების შემთხვევაში – 600-1000 მგ.-მდე. 

სამწვერა ნერვის ნევრლაგიის დროს კარბამაზეპინის დღიური საწყისი დოზა 200-400 მგ.-ია, რომელიც ტკივილების ინტენსივობის შესაბამისად 600-800 მგ.-მდე იზრდება. ხანდაზმულებისთვის შესაძლოა მისი უფრო მცირე დოზები იყოს მიზანშეწონილი. 

მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობების დროს, სასურველია, პაციენტმა მიიღოს 400-600 მგ. კარბამაზეპინი დღეში, როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური მიზნით. 

 

მკურნალობის კონსულტაცია

როგორია კარბამაზეპინის შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერი მედიკამენტი, კარბამაზეპინმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • თავბრუსხვევა, ძილიანობა;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • ღებინება ან გულისრევა;
  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე;
  • ფოტოსენსიტიურობა. 

 

თუმცა, როგორც წესი, კარბამაზეპინით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება ან აღინიშნება მკურნალობის საწყის ეტაპზე და რამდენიმე დღის შემდეგ ქრება. 

გაითვალისწინეთ, რომ კარბამაზეპინის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ორსულებს. გარდა ამისა, არ შეიძლება მისი გამოყენება გარკვეული ტიპის მედიკამენტებთან კომბინაციაში. ამიტომ პრეპარატის მოხმარებამდე გაიარეთ დეტალური კონსულტაცია სპეციალისტთან



30 ივნ 2025