აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კარსილი – ჯანმრთელი ღვიძლის გარანტი

უკან

კარსილი – ჯანმრთელი ღვიძლის გარანტი

6 ივლ 2025

მედიკამენტი კარსილი

ღვიძლის მთავარი ფუნქცია ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა, ნივთიერებათა ცვლისა და სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესის რეგულირებაა. ის ამუშავებს საკვებიდან მიღებულ ნივთიერებებს, შლის ტოქსინებს, ალკოჰოლსა და მედიკამენტებს, წარმოქმნის ცილებსა და ფერმენტებს, რომლებიც საჭმლის მონელებასა და სისხლის შედედებაში მონაწილეობს. 

ღვიძლი უზრუნველყოფს გლუკოზის შენახვას გლიკოგენის სახით, საჭიროების შემთხვევაში კი მას ენერგიად გარდაქმნის. შესაბამისად, ის უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ზოგად ჯანმრთელობასა და იმაზე, თუ რამდენად ფუნქციურები ვიქნებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

მედიკამენტებისა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების, სწრაფი კვებისა თუ სტრესის პირობებში, ღვიძლი ხშირად იტვირთება, ზიანდება მისი უჯრედები და ფერხდება ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესი. ეს კი ქრონიკული დაღლილობით, კანის გაუარესებით, საჭმლის მონელების პრობლემებითა და სხვა სიმპტომებით ვლინდება. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის გაჯანსაღებაზე ზრუნვა, რაშიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ჰეპატოპროტექტორი, კარსილი დაგეხმარებათ. 

რა არის კარსილი?

კარსილი წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ჰეპატოპროტექტორს, რომელიც დამზადებულია სამკურნალო მცენარის Silybum marianum-ის ექსტრაქტის ბაზაზე. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებაა სილიმარინი (silymarin), რომელიც:

    • ბუნებრივი ანტიოქსიდანტია – ის იცავს ღვიძლის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან;
    • გამოირჩევა უჯრედების დამცავი მოქმედებით – აძლიერებს ღვიძლის უჯრედების მემბრანას და აფერხებს ტოქსინების შეღწევას;
    • ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს – ასტიმულირებს დაზიანებული უჯრედების აღდგენას;
    • დამამშვიდებლად მოქმედებს ანთებით პროცესებზე.

კარსილი არ განეკუთვნება სინთეზურ პრეპარატებს და არ შეიცავს ქიმიურად მიღებულ ნივთიერებებს, შესაბამისად, მას მარტივად ითვისებს ორგანიზმი. ამასთან, უვნებელია ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაშიც კი. 

როდის გამოიყენება მედიკამენტი?

კარსილი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს – ცხიმოვანი ჰეპატოზი ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჭარბად დაგროვებით არის განპირობებული. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარებით ან ზედმეტი წონით, დიაბეტით და არაჯანსაღი კვებით. სილიმარინი, რომელიც კარსილის ძირითადი კომპონენტია, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჩანართების შემცირებას ღვიძლის ქსოვილში და აუმჯობესებს ღვიძლის მეტაბოლურ ფუნქციებს.
  • ქრონიკული ჰეპატიტის დროს – ის შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციებით (მაგ. ჰეპატიტი B ან C), ავტოიმუნური ფაქტორებით ან სხვა მიზეზებით. ამ შემთხვევაში კარსილი ამცირებს უჯრედების დაზიანებას და აჩქარებს მათ რეგენერაციას, რაც უზრუნველყოფს დაავადების პროგრესის შენელებას.
  • მედიკამენტებით ან ტოქსინებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების დროს – როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ღვიძლი მონაწილეობს ორგანიზმში მედიკამენტების და ქიმიური ნივთიერებების დაშლისა და გამოდევნის პროცესში. თუმცა ზოგიერთი ძლიერმოქმედი მედიკამენტი ან პრეპარატების ხანგრძლივად თუ არასწორად მოხმარება უარყოფით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. კარსილი კი უზრუნველყოფს უჯრედების ამ ნივთიერებების ტოქსიკური ზემოქმედებისგან დაცვას.
  • ღვიძლზე მოქმედი პრეპარატების მოხმარებისას – დიაბეტის, ტუბერკულოზის, ფსორიაზის, ონკოლოგიური თუ სხვა ტიპის დაავადებების დროს ხშირად პაციენტები იძულებული არიან რეგულარულად მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს ღვიძლზე. ასეთ შემთხვევებში ექიმები ხშირად ნიშნავენ კარსილს პროფილაქტიკის მიზნით, ღვიძლის დაზიანების რისკის შესამცირებლად. 

კარსილის მიღების წესი

კარსილი, კარსილ ფორტე და მაქსი

კარსილი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, რომელთა შორისაც განსხვავება მედიკამენტის მთავარი ინგრედიენტის – სილიმარინის დოზებშია. კარსილი დრაჟე აქტიურ ნივთიერებას ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს, ამიტომ, როგორც წესი, ინიშნება ღვიძლის მსუბუქი დაზიანების დროს ან პროფილაქტიკის მიზნით. კარსილი ფორტე, რომელშიც სილიმარინის შემცველობა შედარებით გაზრდილია, განკუთვნილია საშუალო სიმძიმის შემთხვევებისთვის. კარსილი მაქსი კი სილიმარინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს და ინიშნება მძიმე დაზიანების ან ინტენსიური თერაპიების დროს. 

როგორია მედიკამენტის შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარსილი ბუნებრივი წარმოშობის მედიკამენტია, ამიტომ ის, ჩვეულებრივ, არ იწვევს გვერდით მოვლენებს. მის უსაფრთხოებას ადასტურებს მედიცინაში კარსილის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკაც. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

    • ალერგიული რეაქციები – გამონაყარი, კანის ქავილი, სიწითლე, გამონაკლის შემთხვევაში, სახის ან ტუჩების შესიება. ასეთი რეაქციები უმეტესად ვითარდება მათში, ვისაც აქვთ სილიმარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
    • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები – გამოიხატება მსუბუქი დისკომფორტით მუცლის არეში, დიარეით ან გულისრევით, რაც ძირითადად ვლინდება მედიკამენტის მაღალი დოზის ან ცარიელ კუჭზე მიღებისას;
    • თავბრუსხვევა ან გემოს შეცვლა – ამ ტიპის გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია. 

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, რათა მიიღოთ დამატებითი რეკომენდაციები დოზის ცვლილების ან მედიკამენტის ჩანაცვლების შესახებ. 

6 ივლ 2025