კეტამო — ეფექტიანი საშუალება ტკივილთან გასამკლავებლად
30 ივნ 2025

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და უნივერსალური ადამიანური გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, როდის და რა ხარისხით განვიცდით ტკივილს, დამღლელი დღის, ტრავმის მიღების, ავადმყოფობის თუ ოპერაციის შემდეგ, ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას — ძილზე, შრომისუნარიანობაზე, ხასიათსა და ურთიერთობებზეც კი. ტკივილის გარდა ამ დროს გრძნობთ დაღლილობასა და გაღიზიანებასაც, შესაბამისად ეფექტიანი და სწრაფად მოქმედი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ აქ შემოდის თქვენს ცხოვრებაში ტკივილგამაყუჩებელი კეტამო (საერთაშორისო დასახელებით კეტოროლაკი) — ძლიერმოქმედი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ექიმი და პაციენტი ენდობა.
როგორც აღინიშნა, კეტამო წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას და შეედრება მორფინის ანალგეზიურ აქტივობას. პრეპარატის მოქმედების მექანიზმს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირება და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა განაპირობებს.
აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც კეტამოს ამპულა, ისე პრეპარატი ტაბლეტის ფორმით. პრეპარატის აქტიური ნივთიერება კეტოროლაკია, ხოლო დამხმარე ნივთიერებები განსხვავდება მედიკამენტის ფორმის მიხედვით — საინექციო ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, დინატრიუმის ედეტატს, ნატრიუმის უწყლო სულფიტს, ბენზილის სპირტს, პოვიდონს, პროპილენგლიკოლს, 0.5 M ტრომეთამინის ხსნარსა და საინექციო წყალს. ტაბლეტი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კროსპოვიდონს, მაგნიუმის სტეარატს.
პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, არ ახდენს სედატიურ და ანქსიოლიზურ მოქმედებას, არ გააჩნია წამლისმიერი დამოკიდებულება და არ ახასიათებს მოხსნის სინდრომი. კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, რის გამოც, შესაძლოა, სისხლდენის დრო გაიზარდოს.
პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, როგორც წესი, მისი მიღებიდან 30 წთ-ის შემდეგ აქტიურდება. მაქსიმალური ეფექტი კი მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ ვლინდება — ჯამში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივობა 4-6 სთ-ს შეადგენს.
კეტამო ინიშნება სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის, მათ შორის პოსტოპერაციულ, პოსტტრავმულ პერიოდში. ასევე, პრეპარატი ენიშნებათ ონკოლოგიურ პაციენტებსა და ძვალ-სახსროვანი პრობლემების (რადიკულიტი, ართროზი, ოსტეოართრიტი, ოსტეოქონდროზი) მქონე პაციენტებს. კეტამოს მიღება შესაძლებელია მენსტრუალური, თავის, ყურის და კბილის ტკივილის დროსაც — შესაბამისად, აღნიშნული პრეპარატი ძალიან მრავალმხრივი და ეფექტიანია.

კეტამო ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელია, ამიტომ მოერიდეთ მის დამოუკიდებლად მიღებას — პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით.
ტაბლეტების ფორმით მიღებისას მოზრდილებში კეტამოს სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს, (რაც 1 ტაბლეტს უდრის) — 4-6 სთ-ში ერთხელ. ძლიერი ტკივილის დროს შესაძლებელია დოზის მომატება 20 მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მგ.
65 წლის ზევით, ან 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
რაც შეეხება საინექციო ხსნარს, ინტრამუსკულარულად პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტიანი დოზით. 65 წლამდე პაციენტებში ინტრამუსკულარულად შეყავთ 10-30 მგ ერთჯერადად ან ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით — ყოველ 8-12 სთ-ში.
პაციენტებში 65 წლის ასაკის ზევით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეყავთ 10-15 მგ, საჭიროებისას — ყოველ 4-6 სთ-ში.ინტრამუსკულარული შეყვანისას კეტამოს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90 მგ-ს, 65 წლის ასაკის ზევით, 50 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას — 60 მგ-ს. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
16 წლამდე მოზარდებსა და ბავშვებში კეტამოს მიღება არ არის დაშვებული!
კეტამო ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელია, ამიტომ მისი მოხმარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ნუ მიიღებთ პრეპარატს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რათა სახიფათო გვერდითი მოვლენების რისკი მინიმუმამდე შეამციროთ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შეიძლება გამოვლინდეს პეპტიური წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულისრევა, ღებინება, ეზოფაგიტი, დისპეფსია, ანორექსია, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, მელენა, ტკივილი მუცლის ზედა მიდამოში, პირის სიმშრალე, წყლულოვანი სტომატიტი, პანკრეატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადებების გამწვავება, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, ჰეპატიტი.
ნერვული სისტემის მხრივ, აღნიშნულია სისუსტე, ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, პარესთეზიები, დეპრესია, ეიფორია, შფოთვა, კრუნჩხვა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ — მხოლოდ მიალგია;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ — შარდვის გახშირება ან შეკავება, ოლიგურია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპონატრემია, ჰიპერკალემია, ჰემატურია, პროტეინურია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ტკივილი წელის არეში;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ — ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰიპერემია, სიფერმკრთალე, ტკივილი მკერდის არეში;
სისხლმბადი სისტემის მხრივ — პურპურა, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემატომები, სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ — გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება; არსებობს დერმატოლოგიური რეაქციების რისკიც — შეიძლება გამოვლინდეს ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი;
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს!
მოერიდეთ კეტამოს მიღებას იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ. ასევე, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში, გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა გენეზის სისხლდენა/სისხლჩაქცევა, ჰემოფილი, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ცხვირის პოლიპებ, გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დაშვებული არ არის.
კეტამოს ზედოზირების შემთხვევაში, შესაძლოა სახიფათო გვერდითი ეფექტები განვითარდეს და რეაქცია გამოიხატოს თავის ტკივილით, გულისრევით, ღკივილებით, სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, არტერიული ჰიპერტენზიით, გონების დაკარგვით, კრუნჩხვებით, იშვიათ შემთხვევაში კი სუნთქვის დათრგუნვითა და კომით. ასეთ შემთხვევაში, ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომური მკურნალობაა საჭირო, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
პრეპარატის მოხმარების პარალელურად, ერიდეთ ავტოტრანსპორტის მართვას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების მოდუნება და ფსიქომოტორული რეაქციის შენელება.

პირველ რიგში, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ კეტამოს პარალელურად სხვა მედიკამენტებსაც იღებთ, რადგან კონკრეტული, თუნდაც ძალიან ეფექტიანი საშუალებები ზოგჯერ ერთმანეთთან ცუდად ურთიერთქმედებენ — ასე თავსაც დაიზღვევთ და მკურნალობაც უფრო ეფექტიანი იქნება.
კეტამო არ გამოიყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში, რადგან შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება და სისხლდენა. ერთდროული გამოყენება არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან, ანტიაგრეგანტებთან, პენტოქსიფილინთან ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. ერთდროული გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან, პრობენეციდთან, მიფეპრისტონთან, ტაკროლიმუსთან, ზიდოვუდინთან ზრდის ტოქსიკურობას. კეტამო აქვეითებს ჰიპოტენზიური და დიურეზული საშუალებების ეფექტსაც. პრეპარატის კომბინაცია ქინოლონებთან ზრდის კრუნჩხვის განვითარების რისკს. ერთდროული გამოყენება პარაცეტამოლთან, ციკლოსპორინთან, მეტოტრექსატთან ზრდის ნეფროტოქსიკურობას.
კეტამო აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ კეტამოს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში კი ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნუ მისცემთ ტკივილს უფლებას, აგირიოთ გეგმები და დაგტანჯოთ — კეტამო მის არსებობას უმოკლეს ვადაში დაგავიწყებთ.
30 ივნ 2025