აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კორდარონი — პრეპარატი, რომელიც გულის რიტმის რეგულირებაში დაგეხმარებათ

უკან

კორდარონი — პრეპარატი, რომელიც გულის რიტმის რეგულირებაში დაგეხმარებათ

5 აგვ 2025

კორადორინის მიღების წესები

 

ადამიანის გული იდეალურად გამართული მექანიზმივით მუშაობს — მისი ფუნქციონირება შეკუმშვა-გაფართოების ციკლის იდეალურ რიტმულობაზეა დამოკიდებული, რათა სისხლმა ორგანიზმში მაქსიმალური ეფექტიანობით იმოძრაოს. ეს ბუნებრივი რიტმი ზოგჯერ არითმიით ირღვევა — კონდიციით, როცა გული ზედმეტად სწრაფად, მეტისმეტად ნელა, ან უბრალოდ არეული რიტმით იკუმშება. არითმია საშიში ფენომენია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის უკმარისობა, გონების დაკარგვა და მძიმე შემთხვევებში — ინფარქტი. 

როცა არითმია მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია, მარტივი ჩარევა საკმარისი შეიძლება არ იყოს — სწორედ აქ შემოდის ბრძოლაში კორდარონი (საერთაშორისო დასახელებით ამიოდარონი) — მძლავრი ანტიარითმიული საშუალება, რომელიც გულისცემას მწყობრში აბრუნებს.

კორდარონი გულის ელექტრული ციკლის რეპოლარიზაციის გახანგრძლივების მექანიზმს ეყრდნობა და რიტმს ასტაბილურებს. მისი ფართო არითმიისსაწინააღმდეგო სპექტრის წყალობით, კორდარონს ხშირად იყენებენ მაშინ, როცა სხვა პრეპარატები პრობლემას ეფექტიანად ვერ პასუხობენ.

როგორ მოქმედებს კორდარონი — ანოტაცია

კორდარონის 200 მგ ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერება ამიოდარონის ჰიდროქლორიდს და მიეკუთვნება ანტიარითმული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს.  დამხმარე ნივთიერებათა შორის კი ვხვდებით ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, პოლივიდონ K90F-ს, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდსა და მაგნიუმის სტეარატს. 

ამიოდარონი ბლოკავს კალიუმის, სწრაფ ნატრიუმის და კალციუმის არხებს. ასევე, არაკონკურენტულად ეწინააღმდეგება ალფა- და ბეტა-ადრენორეცეპტორების აქტივობას. ამიოდარონის ფარმაკოლოგიური თვისებები ანტიარითმიულ და ანტიიშემიურ ეფექტებამდე დაიყვანება.

რაც შეეხება ფარმაკოკინეტიკას, ამიოდარონის საშუალო ბიოშეღწევადობა 40-50%-ს შეადგენს. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო 2-დან 10 საათამდე მერყეობს. ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში მაქსიმალური კონცენტრაცია ნელა მიიღწევა. ამიოდარონის მეტაბოლიზმი ხორციელდება, ძირითადად, ღვიძლსა და წვრილ ნაწლავში (ნაწლავის ლორწოვან გარსში). ძირითადი მეტაბოლური გზა არის დეზეთილირება (ღვიძლში) და N-დეალკილირება (ნაწლავში). 

პრეპარატი გამოიყოფა ნაღველით და თირკმელებით. ვინაიდან ამიოდარონი მეტაბოლიზდება თითქმის მთლიანად, ამიტომ განავალსა და შარდში აღინიშნება ძალიან მცირე რაოდენობით. ვინაიდან გამოყოფა შარდში უმნიშვნელოა, დოზის კორექტირება  თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ არის საჭირო. 

კორდარონი გამოიყენება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის: 

  • რიტმის საშიში პარკუჭოვანი დარღვევების (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია) პროფილაქტიკა; 
  • ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით გამოწვეული რიტმის დარღვევების (ტაქიარითმიის) პროფილაქტიკა; 
  • რიტმის სხვა დარღვევების (წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია) პროფილაქტიკა, თუ სხვა პრეპარატებს არ აქვს სათანადო მოქმედება ან მათი გამოყენება უკუნაჩვენებია. 

კორდარონის მიღება რეკომენდებულია მაღალი ხარისხის რისკის მქონე პაციენტებში რიტმის დარღვევების შედეგად სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. 

 

კორადორინის მიღების წესები

როგორია კორდარონის მიღების წესი

ვინაიდან კორდარონი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ის უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დოზირების და მიღების დროის მკაცრად დაცვით. დოზირებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, რეკომენდებული დამტვირთავი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ერთ ტაბლეტს სამჯერ დღეში — 8-10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ მკურნალი ექიმი ნიშნავს შემანარჩუნებელ დოზას — დღეშო ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე. 

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე კორდარონს მათ ნუ მიაღებინებთ. თქვენი ბავშვისთვის შესაბამისი დოზა მხოლოდ პროფესიონალმა უნდა განსაზღვროს.

პრეპარატის ზედოზირების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, რადგან შეიძლება სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. ზედოზირების ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია გულისცემის შენელება, რიტმის დარღვევები, ღვიძლის დაზიანება.  თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ გამოტოვებული დოზა მაშინ როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად, რადგან ამ შემთხვევაში ადგილი ექნება ზედოზირების.

კორდარონის უკუჩვენებები, გვერდითი ეფექტები და სიფრთხილის ზომები 

კორდარონის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გაქვთ ალერგია იოდის, ამიოდარონის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; 
  • თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები (გულის პათოლოგიურად ნელი ფუნქციონირება, გულის გამტარობის ზოგიერთი დარღვევა) და არ გაქვთ ჩადგმული მუდმივი კარდიოსტიმულატორი (რიტმის მარეგულირებელი მოწყობილობა); 
  • თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ;
  • თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გავლენა იქონიონ გულის მოქმედებაზე;
  • თუ ხართ ორსულად (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

კორდარონით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს თუ, წარსულში გქონდათ ფილტვების ნებისმიერი დაავადება ან ასთმა, გულისა და ღვიძლის დაავადებები, დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ანესთეზია დასჭირდება, ან თუ გაქვთ მხედველობასთან დაკავშირებული რაიმე პრომლება (კერძოდ, მხედველობის ნერვის ნევრიტი). მკურნალობის პერიოდში და მკურნალობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში თავი უნდა დაიცვათ მზის სხივებისგან.

პრეპარატის გამოყენების დროს პერიოდულად უნდა გაიაროთ ექიმის მიერ დანიშნული ზოგიერთი საკონტროლო კვლევა, კერძოდ კარდიოლოგიური შემოწმება, ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულ-მკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. 

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ კორდარონის პარალელურად იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებსაც, რადგან დაუშვებელია კორდარონის გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: 

  • გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო ცალკეული სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ქინიდინის რიგის პრეპარატები, სოტალოლი, ბეპრიდილი; 
  • ფსიქოზების (შიზოფრენიის) სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი;
  • სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორებიცაა ვინკამინი, ციზაპრიდი, ინტრევანური ერითრომიცინი, საინექციო პენტამიდინი, რადგან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რიტმის პოტენციურად ლეტალური დარღვევები.

ასევე, რეკომენდებული არ არის კორდარონის ერთდროული გამოყენება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:  

  • ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები;
  • დილთიაზემი, ვერაპამილი — იზრდება გულისცემის შენელებისა და გულის გამტარობის დარღვევების რისკი, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის; 
  • ბეტა-ბლოკერები; 
  • ფტორქინოლონური ანტიბიოტიკები;
  • C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები; 

როგორც ნებისმიერი პრეპარატის, ისე კორდარონის მიღებისას, არასასურველი გვერდითი რეაქციების გამოვლენა გამორიცხული არ არის, თუმცა ვრცელი სიის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით გათვალისწინების შემთხვევაში, ამის შანსები მინიმუმამდე მცირდება.   

შედარებით ხშირია მხედველობის დროებითი დარღვევები (არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ფერადი რგოლების დანახვა მზის სინათლის გარშემო),    დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (შეკრულობა, გულისრევა, გემოს შეგრძნებების დარღვევები), ბრადიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევები, ძილის დარღვევები (ტრემორი, კოშმარები), კანზე გამონაყარი, სუნთქვის დარღვევები, ხველა, ქოშინი, კანის მონაცრისფრო ან მოცისფერო პიგმენტაცია მაღალი დღიური დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას.

იშვიათია ნევრალგია ან მიალგია, სიმშრალე პირის ღრუში, სხვადასხა ტიპის ანემია, თრომბოციტების რიცხვის შემცირება, დაღლილობა, მნიშვნელოვნად შენელებული გულისცემა (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), თავის ტკივილი, კეთილთვისებიანი ქალაშიდა ჰიპერტენზია, მოძრაობის დარღვევა, თმის ცვენა, ექსფოლიაციური დერმატიტი.

რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მოცემული ჩამონათვალში.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. როგორც წესი, კორდარონი გავლენას ახდენს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, ამიტომ ორსულობის დროს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ ინიშნება. რაც შეეხება ძუძუთი კვებას, ამიოდარონი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.

ამიოდარონის მიღების შედეგად მხედველობის დარღვევების განვითარების შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარი, ამიტომ ამ მიმართულებით სიფრთხილე გმართებთ. 

 

კორადორინის ფასი პსპ-ში

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

კორდარონი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა (გადაუდებელი დახმარების გარდა). მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ კორდარონს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

კორდარონი მძლავრ და ეფექტიან გამოსავალს გთავაზობთ გულისცემის რიტმის დარღვევების აღმოსაფხვრელად, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა — გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ენდეთ პრეპარატს, რომელიც სწრაფ და ხანგრძლივ გამოსავალს გთავაზობთ.

5 აგვ 2025