აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კო-ამლესა — მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი

უკან

კო-ამლესა — მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატი

12 სექ 2025

Ko Amlesa წნევის წამალი

 

არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად მიიჩნევა. ეს მდგომარეობა სისხლის წნევის მატებით ხასიათდება, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს ისეთი გართულებების განვითარების რისკს ზრდის, როგორიც ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული დაზიანება ან გულის უკმარისობაა. 

დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც პაციენტების ნაწილი მხოლოდ მაშინ მიმართავს ექიმს, როდესაც სერიოზული გართულებები უკვე გამოვლენილია. სწორედ ამიტომ, წნევის დროული კონტროლი და ეფექტიანი თერაპიის შერჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება კომბინირებული მიდგომა, რომელიც სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატებს აერთიანებს. ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ეფექტიანობით გამოირჩევა, კო-ამლესაა.

კო-ამლესას ანოტაცია — როგორ ებრძვის პრეპარატი მაღალ წნევას

წამალი კო-ამლესა (CoAmlessa) კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ერთ ტაბლეტში სამ აქტიურ ნივთიერებას აერთიანებს: პერინდოპრილს, ინდაპამიდსა და ამლოდიპინს. მისი გამოყენება მიზნად არტერიული ჰიპერტენზიის ეფექტიან მართვას ისახავს, განსაკუთრებით კი იმ პაციენტებში, რომლებიც ამ კომპონენტებს ცალ-ცალკე იღებდნენ. ამ შემთხვევაში კო-ამლესას გამოყენება მოსახერხებელია, რადგან სამივე კომპონენტი ერთიანადაა წარმოდგენილი: ეს ტაბლეტების რაოდენობას ამცირებს, მკურნალობის წესების მიყოლას ამარტივებს და ძლიერ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას უზრუნველყოფს.

პერინდოპრილი ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას და მათ ტონუსს ამცირებს; ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინული კალციუმის არხების ბლოკატორია და პერიფერიული არტერიებს ამშვიდებს, გულზე დატვირთვას კი ამსუბუქებს; ინდაპამიდი, როგორც შარდმდენი საშუალება, სითხისა და მარილების გამოყოფას ააქტიურებს, რითაც სისხლის წნევის შემდგომ დაქვეითებას განაპირობებს. 

პსპ-ს სააფთიაქო ქსელში პრეპარატი რამდენიმე დოზითაა ხელმისაწვდომი:

რა უნდა იცოდეთ კო-ამლესას მიღების წესსა და დოზირებაზე

კო-ამლესას მიღება აუცილებელია მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად, რადგან დოზა და მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად განისაზღვრება. როგორც წესი, დღეში ერთი ტაბლეტი მიიღება, სასურველია კვებამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. პრეპარატის ზოგიერთი ფორმა, მაგალითად კო-ამლესა 4/10/1.25 მგ. ან 8/10/2.5 მგ,  საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ორ თანაბარ ნაწილად გაიყოს.

CoAmlessa-ს ჭარბი დოზირების შემთხვევა ყურადღებას საჭიროებს: თუ პაციენტმა მედიკამენტის დიდი რაოდენობა მიიღო, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან კლინიკას. ჭარბი დოზის დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე ან გულისრევა. ასეთ დროს რეკომენდებულია, რომ პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოათავსონ და ფეხები ოდნავ მაღლა აუწიონ, რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს.

თუ დოზა გამოტოვეთ, ტაბლეტის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ ორმაგი დოზის დალევა დაუშვებელია. კო-ამლესას ეფექტიანობა მხოლოდ რეგულარული მიღებით მიიღწევა, ამიტომ მკურნალობა ყოველ დღეზე თანაბრად გადანაწილებული ტაბლეტებით უნდა გაგრძელდეს.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო თერაპია უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივი და ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჭირო პროცესი ხდება. შესაბამისად, თუ პაციენტს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ან სქემის შეცვლა სურს, აუცილებელია, ამის შესახებ ექიმთან წინასწარ კონსულტაცია გაიაროს.

 

კოამლესა მიღების წესები და ანოტაცია

როდის არაა სასურველი კო-ამლესას გამოყენება

კო-ამლესას გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია მის რომელიმე აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პერინდოპრილისა და სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიმართ მგრძნობელობას, ინდაპამიდისა და ამლოდიპინის ბესილატის მიმართ ალერგიას, ასევე დიჰიდროპერიდინების ჯგუფის მედიკამენტების აუტანლობას. თუ წარსულში ასეთ პრეპარატებთან დაკავშირებულმა მკურნალობამ სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ინტენსიური ქავილი ან კანის ძლიერი გამონაყარი გამოიწვია, პრეპარატის მიღება არ შეიძლება. ეს კვინკეს შეშუპების ნიშნებია და, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.

კო-ამლესას გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს. განსაკუთრებით საშიშია მდგომარეობა, რომელსაც ღვიძლის ენცეფალოპათია ეწოდება, რადგან იგი ტვინის ფუნქციას აზიანებს და მედიკამენტის მიღებამ, შესაძლოა, მდგომარეობა დაამძიმოს. ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა თირკმელების სერიოზული ან საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებში, მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც დიალიზის კურსს გადიან. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება წამლის მოქმედება მნიშვნელოვნად შეცვალოს და პაციენტისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

სისხლში ელექტროლიტების დონის მკვეთრი ცვლილებები  კო-ამლესას გამოყენებას ასევე გამორიცხავს. თუ პაციენტს კალიუმის დონის მკვეთრი დაქვეითება ან მომატება აღენიშნება, პრეპარატის მიღება საფრთხილოა. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტს გულის დეკომპენსირებული უკმარისობა აწუხებს. ეს მდგომარეობა სითხის შეკავებით, შეშუპებითა და სუნთქვის სირთულით ხასიათდება, ამიტომ მედიკამენტის გავლენით ორგანიზმში დამატებითი ზეწოლის წარმოქმნა არასასურველია.

გულის მწვავე და რთული დარღვევების დროს კო-ამლესას გამოყენება დაუშვებელია. მათ შორისაა კარდიოგენული შოკი, როცა გული ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდებას ვერ ახერხებს. ასევე, უკუნაჩვნებია აორტის სტენოზი, რომელიც გულის მთავარ სისხლძარღვს ავიწროებს. არასტაბილური სტენოკარდიისა და რთული არტერიული ჰიპოტენზიის დროს მედიკამენტის მიღებამ, შესაძლოა, სერიოზული რისკის წინაშე დაგაყენოთ. უკუჩვენებაა გულის მწვავე შეტევის შემდგომი მდგომარეობაც, თუ მას თან სდევს გულის უკმარისობა, რომელიც სუნთქვის გართულებითა და კიდურების შეშუპებით ვლინდება. ასეთ შემთხვევებში კო-ამლესას მიღება პაციენტის მდგომარეობას საგრძნობლად დაამძიმებს.

თუ ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია კო-ამლესათი მკურნალობის დაწყებამდე. პრეპარატი ორსულობის ადრეულ ეტაპზეც არ არის რეკომენდებული, ხოლო მესამე თვიდან უკვე აკრძალულია ნაყოფზე ზიანის რისკის გამო; ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება ასევე არ არის მიზანშეწონილი. 

წნევის დაქვეითების შედეგად კო-ამლესამ შეიძლება სისუსტე და თავბრუსხვევა გამოიწვიოს, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და მექანიზმების მართვისას.

 

კო-ამლესა 8/5/2,5 ანოტაცია

რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხო მკურნალობისთვის 

კო-ამლესას მიღებამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და არსებული დაავადებები, რადგან პრეპარატი შეიძლება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებდეს. თუ პაციენტს ახლახან განუვითარდა გულის შეტევა, აღენიშნება გულის უკმარისობა, გულის კუნთის დაავადება, აორტის ან თირკმლის არტერიის შევიწროება, თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მკაცრი სამედიცინო კონტროლითაა რეკომენდებული; ასევე მნიშვნელოვანია, თუ პაციენტს აქვს ძალიან მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა, კოლაგენოზი, შაქრიანი დიაბეტი ან პოდაგრა; სიფრთხილეა საჭირო მათთვისაც, ვინც უმარილო დიეტას იცავს ან კალიუმის შემცველ დანამატებს იღებს.

პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, რომ კო-ამლესას ტაბლეტებს იღებს, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია: ქირურგიული ოპერაცია ან ანესთეზია, დიალიზი, LDL-აფერეზა, ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის მიმართ დესენსიბილიზაციის თერაპია ან იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებებით გამოკვლევა; სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ინდაპამიდის არსებობის გამო შესაძლებელია, რომ დოპინგის ტესტზე ცრუ დადებითი პასუხი დაფიქსირდეს.

კო-ამლეზა არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან მათი ასაკობრივი ჯგუფისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა სრულად დადგენილი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. კო-ამლესას გამოყენება დაუშვებელია ლითიუმთან, კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ან კალიუმის მარილებთან ერთად. გარდა ამისა, მრავალი სხვა პრეპარატი შეიძლება ახდენდეს გავლენას კო-ამლესას მოქმედებაზე ან პირიქით, მათ ეფექტიანობას თავად ცვლიდეს. ასეთებია მაღალი წნევის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტები და არარეგულარული გულისცემის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პროკაინამიდი). ასევე, პოდაგრის, ალერგიის, ასთმის, რევმატოიდული ართრიტის, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციების. აივინფექციის, კიბოს, მალარიის და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალებები. სიფრთხილეა საჭირო იმუნოდეპრესანტების, კორტიკოსტეროიდების, ანესთეზიურების, დიგოქსინისა და სხვა საგულე გლიკოზიდების, სიმვასტატინის, კალციუმის დანამატების, ინსულინისა და მეტფორმინის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სხვა მედიკამენტების მიღებისას.

როგორია კო-ამლესას შესაძლო გვერდითი ეფექტები

კო-ამლესას მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც სხვადასხვა ინტენსივობით და სიხშირით იჩენს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასევე, შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან გულის არარეგულარული რიტმი, რაც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.

ხშირად აღინიშნება შედარებით მსუბუქი, მაგრამ შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის გაორება, ხველა, შუილი ყურებში, სახეზე სიმხურვალის შეგრძნება და სისხლის წნევის ვარდნით გამოწვეული გულყრა. კუჭ-ნაწლავის მხრივ შეიძლება თავი იჩინოს გულისრევამ, ღებინებამ, მუცლის ტკივილმა, შებერილობამ, ფაღარათმა ან ყაბზობამ. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება კიდურების შეშუპება, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე.

შესაძლოა, იშვიათად განვითარდეს უფრო სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა: ხასიათისა და ძილის დარღვევა, დეპრესია, კანკალი, გონების დროებითი დაკარგვა, ბრონქული სპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ცხელება ან კანის სხვა გამონაყარი. ასევე, შესაძლებელია თმისცვენა, ჭარბი ოფლიანობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თირკმელებისა და შარდვის დარღვევები, იმპოტენცია ან მკერდის არეში ტკივილი.

ძალიან იშვიათად კო-ამლესას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა სისხლში შაქრის მაღალი დონე, გულის შეტევა, სტენოკარდია, ნეიროლოგიური დარღვევები, კანის რთული დაავადებები, ფოტომგრძნობელობის მომატება ან ღვიძლის ენცეფალოპათია. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში გულისცემის რიტმის დარღვევები. თუ პაციენტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა აწუხებს, მათ შორის ისეთი, რომელიც კო-ამლესას ანოტაციაში აღწერილი არ არის, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

12 სექ 2025