მედიკამენტი ამიტრიპტილინი — ეფექტიანი ანტიდეპრესანტული საშუალება
10 ივნ 2025

ამიტრიპტილინი არის პრეპარატი, რომელიც ტრიციკლური ანტიდეპრესანტული საშუალების ჯგუფში შედის. მას სედატიური მოქმედება ახასიათებს და თიმოანალეფსიური მოქმედება გააჩნია. ასეთ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იმგვარი კატექოლამინების დათრგუნვა განსაზღვრავს, როგორიცაა დოფამინი, სეროტონინი და ნორადრენალინი. მედიკამენტს ანტიადრენერგული და ანტიჰისტამინური თვისებები არ აქვს.
ამიტრიპტილინი ორი დოზითაა ხელმისაწვდომი: 10 მგ. და 25 მგ. მათ შედგენილობაში სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის ოქსიდია. ორივე მხარეს ამოზნექილი ტაბლეტები კარნაუბის ცვილითაა დაფარული. დოზების განსხვავება ფერებითაცაა შესაძლებელი, რადგან 10 მგ. აბები ლურჯი შეფერილობისაა, 25 მგ. კი — ყვითელი.

წამალი ამიტრიპტილინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. პაციენტები ამ პრეპარატს მაშინ საჭიროებენ, როცა მათ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დეპრესია, ფობიური შიში, ემოციური ან ქცევითი აშლილობები, ბულიმიური ნევროზი, ფსიქოგენური ანორექსია, შაკიკი ან ნევროგენული ხასიათის ქრონიკული ტკივილის სინდრომი აღენიშნებათ. ბავშვებში ამიტრიპტილინი ენურეზისას, ანუ უნებლიე შარდვისას, ინიშნება, თუმცა თუ ეს ორგანო ჰიპოტონიურია, ამ მედიკამენტის მიღება რეკომენდებული არაა.
ამიტრიპტილინის შეღწევადობა 33-62%-ს უდრის და პეროლარული მიღების შემდეგ პლაზმაში მისი კონცენტრაცია პიკს 4-8 საათში აღწევს (კუნთში შეყვანისას ეს უფრო სწრაფად ხდება და კონცენტრაციაც მაღალია). შესაძლოა, პრეპარატის შეღწევა შენელდეს, რადგან ის კუჭ-ნაწლავში საჭმლის გადაადგილების დროს აყოვნებს. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეფექტი ჭარბი დოზირებისასაა შესამჩნევი.
თავად პლაზმაში ამიტრიპტილინის დონე უფრო დაბალია, ვიდრე ქსოვილებში, რადგან იქ მისი 92% ცილებითაა შებოჭილი. სისხლში პრეპარატისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის, ნორტრიპტილინის, კონცენტრაცია საშუალოდ 120-240 ნგ/მლ-ია. პლაზმიდან ნახევარგამოყოფას ის 16-80 საათს ანდომებს, ამიტრიპტოლინი კი — 10-28 საათს. წამალი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზებას და, როგორც წესი, 7 დღის განმავლობაში შარდთან ერთად გამოიყოფა.

ამიტრიპტილინის მიღების წესი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონკრეტულ დიაგნოზზე. პრეპარატი მიიღება პერორალურად, ჩვეულებრივ, ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს. საწყის ეტაპზე დოზა არის შედარებით მცირე და ეტაპობრივად იზრდება ექიმის ზედამხედველობით, რათა ოპტიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწეს.
როგორც წესი, მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 50-75 მილიგრამით, რაც შესაძლებელია დაიყოს ორ ან სამ მიღებად (მაგალითად, ამიტრიპტილინი 25 მგ. დოზით). საჭიროების შემთხვევაში დოზა 25-50 მილიგრამით რამდენიმე დღის ინტერვალით იზრდება. თერაპიის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მაშინ, როცა პაციენტი დღეში 150-200 მილიგრამს იღებს. დოზის დიდი ნაწილი ხშირად საღამოს საათებში ინიშნება, რათა ძილის ხარისხიც გაუმჯობესდეს.
მძიმე დეპრესიის ან მკურნალობის მიმართ რეზისტენტული მდგომარეობების შემთხვევაში ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება დოზის გაზრდა 300 მილიგრამამდე და უფრო მეტამდე. ეს პრაქტიკა მხოლოდ სტაციონარულ პირობებში გამოიყენება, მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. ასეთ დროს ხშირად პრეპარატის შეყვანა ინიექციური გზით იწყება — კუნთში ან ვენაში, რაც საშუალებას იძლევა, საჭირო კონცენტრაციას სწრაფად მიაღწიონ და სიმპტომებზე ეფექტიანად იმოქმედონ.
მკურნალობის დადებითი შედეგის მიღწევის შემდეგ, დაახლოებით 2-4 კვირაში, დოზა თანდათან მცირდება. ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მკვეთრი შემცირება. შესაძლოა, მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ზოგჯერ, როცა დოზის შემცირებისას დეპრესიის ნიშნები ვლინდება, ექიმი პაციენტს საწყის დოზირებაზე აბრუნებს.
ამიტრიპტილინი 10 მგ. დოზით ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში გამოიყენება, მსუბუქი სიმპტომების დროს. ასევე — როგორც საწყისი დოზა მკურნალობის დასაწყისში. ამიტრიპტილინი 25 მგ. დოზით კი უფრო გავრცელებული და სტანდარტულია ზრდასრულებში. კონკრეტული დოზის შერჩევა ყოველთვის ექიმის მითითებითაა რეკომენდებული და არა თვითნებურად.
განსხვავებული დოზები გამოიყენება ასაკისა და დიაგნოზის მიხედვითაც. მაგალითად, 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში ღამის ენურეზის დროს ძილის წინ 12.5-დან 25 მილიგრამამდე ამიტრიპტილინი ინიშნება. ამასთან, დოზამ თითოეულ კილოგრამზე 2.5 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. შაკიკის პროფილაქტიკის ან ქრონიკული ტკივილების სამკურნალოდ დოზა, როგორც წესი, 12.5-დან 100 მგ-მდე მერყეობს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომი — დაწყებული ძილიანობითა და დეზორიენტაციით, დამთავრებული მძიმე მდგომარეობებით, როგორიცაა კრუნჩხვები, კომა ან გულ-სისხლძარღვთა დარღვევები. ამიტრიპტილინის გადაჭარბებული დოზა შეიძლება პაციენტის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს, რის გამოც აუცილებელია დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევა. ასეთ მკურნალობაში გამოიყენება კუჭის გამორეცხვა, ფიზოსტიგმინის ინიექცია და სიმპტომური თერაპია. პაციენტს გულის მოქმედების (ეკგ) მეშვეობით ხუთი დღის განმავლობაში აკვირდებიან, რადგან გართულების რისკი 48 საათის შემდეგაც არსებობს.
შესაბამისად, ამიტრიპტილინის მიღების წესი და დოზირება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ექიმის მითითებით. თვითმკურნალობა დაუშვებელია. პრეპარატს ძლიერი მოქმედება აქვს და სხვადასხვა ორგანოზე შეიძლება იმოქმედოს. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ის პაციენტები, რომლებსაც სომატური დაავადებები აქვთ ან სხვა მედიკამენტური მკურნალობა უტარდებათ.

ამიტრიპტილინის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში დაუშვებელია, ვინაიდან, შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. მისი მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც გულის ისეთი დაავადებებით იტანჯებიან, როგორიცაა დეკომპენსირებული მანკები ან მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე და აღდგენითი ეტაპები. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო იმ პირებში, ვისაც გულის გამტარებლობის დარღვევა ან ჰიპერტონიის მესამე სტადია აღენიშნებათ. პრეპარატი არ გამოიყენება მაშინაც, როცა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციები საგრძნობლად დაქვეითებულია, ასევე, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების დროს. გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს მისი დანიშვნა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიების გამწვავების ფაზაში.
შეზღუდვები შარდწარმომქმნელი სისტემის მხრივაც არსებობს — პროსტატის ჰიპერტროფიის, შარდის ბუშტის ატონიის, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობისა და პილოროსტენოზის ფონზე ამიტრიპტილინის გამოყენება უკუნაჩვენებია. პრეპარატი არ შეიძლება ინიშნებოდეს იმ პაციენტებში, რომლებიც პარალელურად მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს იღებენ, რადგან ეს კომბინაცია, შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგით დასრულდეს. მათ მიღებას შორის აუცილებელია მინიმუმ 14-დღიანი შუალედი.
ამიტრიპტილინი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 6 წლამდე ბავშვებში, ხოლო ინიექციური ფორმა განკუთვნილია 12 წლის ზევით ასაკისთვის. ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც ამიტრიპტილინის მიმართ ალერგიული რეაქცია აღენიშნება, მკურნალობისთვის სხვა ალტერნატივა უნდა შეირჩეს.
ამიტრიპტილინი ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას ამძაფრებს. ეს ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ნეიროლეფსიური, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მიღებისას. ამიტრიპტილინისა და ანტიქოლინერგული პრეპარატების კომბინაციამ, შესაძლოა, ფებრილური რეაქციები და ნაწლავური პათოლოგიები გამოიწვიოს. პრეპარატი, ამავდროულად, კატექოლამინების ჰიპერტენზიულ მოქმედებას აძლიერებს, მაგრამ იმ საშუალებების ეფექტს ამცირებს, რომლებიც ნორადრენალინის გამოთავისუფლებაზე ზემოქმედებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ შემთხვევებს, როცა ამიტრიპტილინი ციმეტიდინთან ერთად მიიღება — შესაძლებელია სისხლში მისი კონცენტრაციის მომატება, რაც გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის. პრეპარატი ასევე ანეიტრალებს გუანეთიდინის მსგავს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებათა მოქმედებას, რის გამოც მათი კომბინაცია შეიძლება არაეფექტიანი იყოს.
ამიტრიპტილინს, როგორც სხვა მედიკამენტებს, ზოგჯერ თან ახლავს გვერდითი მოვლენებიც. მისი ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, როგორებიცაა პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, შეკრულობა, შარდვის დარღვევა, ტემპერატურის მომატება და ძილიანობა. ზოგ შემთხვევაში ეს მოვლენები რამდენიმე დღეში ქრება, როდესაც ორგანიზმი პრეპარატს ეჩვევა ან როცა დოზა მცირდება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელია ტაქიკარდია, არითმია ან არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა. ასევე, შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, სტომატიტი ან ღვიძლის ფუნქციის მოშლა.
ენდოკრინულ სისტემაზე ზემოქმედებისას ვლინდება ჰორმონალური დისბალანსი, მათ შორის ლიბიდოს დაქვეითება, გალაქტორეა ან პოტენციის პრობლემა. იშვიათად აღინიშნება სისხლის შედგენილობის ცვლილებები, კანის გამონაყარი ან თმის ცვენა. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია სხეულის მასის მომატება. დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, კერძოდ 150 მილიგრამზე ზემოთ, იზრდება კრუნჩხვითი შეტევის განვითარების რისკი, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველს იძლევა ტრავმების მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულ პაციენტებში ამიტრიპტილინის მიღება უნდა დაიწყოს მცირე დოზებით და მკაცრი კონტროლით, რათა გამოირიცხოს ისეთი ფსიქიკური გართულებები, როგორებიცაა დელირიუმი ან ჰიპომანია. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პრეპარატმა, შესაძლოა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში მდგომარეობა მანიაკალურ ფაზაში გადაიყვანოს. მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილის მართვას, მექანიზმებთან მუშაობას ან ისეთ საქმიანობას, რომელიც დიდ კონცენტრაციას საჭიროებს.
ამიტრიპტილინის მიღებისას აუცილებელია ალკოჰოლთან დაკავშირებული ყველა გარემოების მკაცრად გათვალისწინება, რადგან პრეპარატი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის დამთრგუნველ მოქმედებას აძლიერებს. ამიტრიპტილინი, როგორც ანტიდეპრესანტი, ტვინის ქიმიური ბალანსის ცვლილებაზე მოქმედებს. ალკოჰოლთან მისი კომბინაცია ამ პროცესს არა მხოლოდ აძლიერებს, არამედ ღრმა ძილიანობისა და დაბინდული ცნობიერების რისკსაც ზრდის.
ამიტრიპტილინის მიღების ფონზე კატეგორიულადაა აკრძალული ნებისმიერი დოზით ალკოჰოლის მოხმარება, რადგან პრეპარატის ზემოქმედებით ეთანოლის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ალკოჰოლის ის დოზა, რომელიც ჯანმრთელი ადამიანის მცირე მოდუნებას იწვევს, ამიტრიპტილინის მომხმარებელში, შესაძლოა, ძლიერი დათრობა, დეზორიენტაცია ან გონების დაკარგვაც კი განაპირობოს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, რადგან მათში დეპრესიული მდგომარეობები ხშირად შეინიშნება. ასეთ შემთხვევაში ამიტრიპტილინის დოზა ჩვეულებრივ 25 მილიგრამს შეადგენს, რომელიც დღეში 3-4-ჯერ ინიშნება, თუმცა მკურნალობა აუცილებლად ექიმის კონტროლით უნდა ტარდებოდეს. არასწორად შერჩეულმა დოზამ ან ალკოჰოლთან შეუთანხმებელმა მიღებამ, შესაძლოა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუარესოს.
ამიტრიპტილინი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. ღირებულება ცვალებადია და მასზე ზოგჯერ ფასდაკლებებიც ვრცელდება.
10 ივნ 2025