აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მიკონაზოლი — სოკოვანი ინფექციების სამკურნალო კრემი

უკან

მიკონაზოლი — სოკოვანი ინფექციების სამკურნალო კრემი

12 სექ 2025

მიკონაზოლის მალამო ყიდვა

 

სოკოვანი ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და არასასურველი პრობლემაა როგორც დერმატოლოგიაში, ისე გინეკოლოგიაში. ის ხშირად იწვევს კანის ქავილს, გაწითლებას, აქერცვლას და ზოგჯერ ტკივილსაც, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად ზემოქმედებს. ადგილობრივი მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები დისკომფორტის მოსახსნელად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ დაზიანებულ უბანზე მოქმედებს, რაც სიმპტომების სწრაფად შემსუბუქებასა და ინფექციის წყაროს ლიკვიდაციას განაპირობებს. 

ასეთ პრეპარატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მიკონაზოლს (Miconazole), რომელიც კრემის სახით სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. 

რა არის და რისგან შედგება მიკონაზოლი

მიკონაზოლი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისათვისაა განკუთვნილი. იგი კრემის ფორმითაა ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ დაზიანებულ უბანზე დაიტანოს. უნდა აღინიშნოს, რომ ის კანისა და ფრჩხილის არეში გამოვლენილი პრობლემებისას ინიშნება, ამიტომ მიკონაზოლი ვაგინალური სოკოს შემთხვევებში არ გამოიყენება. შესაბამისად, მიკონაზოლის სანთელი ხელმისაწვდომი არაა, თუმცა სხვა დასახელების ამგვარი საშუალება არსებობს — მიკოზოლი. წარმოებაში არც მიკონაზოლის ტაბლეტი არ არის.

რაც შეეხება თავად კრემს, მისი შედგენილობა ძირითად მოქმედ ნივთიერებას მოიცავს — მიკონაზოლის ნიტრატს 2 გ. ოდენობით, რომელიც კანის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს უზრუნველყოფს. დამხმარე კომპონენტებია: პროპილენგლიკოლი (46 გ) პოლიეთილენოქსიდი 400 (31 გ), ცეტოსტეარილის სპირტი (4 გ), პროქსანოლი-268 (16 გ) და OC-20 (1 გ).

პრეპარატი თეთრი ფერის მქონე კრემის სახითაა წარმოდგენილი. მისი სტრუქტურა ადვილად დაიტანება კანზე, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს, რაც ყოველდღიურ გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

როდის გამოიყენება მიკონაზოლი და როგორია უკუჩვენება 

მიკონაზოლის მალამო, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, ეფექტიანად გამოიყენება სხვადასხვა სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებს როგორც კანს, ისე ფრჩხილებს. პრეპარატი განსაკუთრებით შედეგიანია დერმატოფიტებითა და საფუარი სოკოებით (Candida, Trichophyton, Epidermophyton, Malassezia furfur) გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებიც კლინიკურად ვლინდება კანის ქავილით, აქერცვლით, სიწითლითა და ზოგჯერ მტკივნეული ნახეთქებით. 

გარდა ამისა, მიკონაზოლი გამოიყენება შერეული ტიპის ინფექციების დროსაც, როდესაც სოკოვანი და ბაქტერიული უჯრედები პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად მონაწილეობს. პრეპარატს ასევე გააჩნია მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების მიმართაც, რის გამოც მეორადი ინფიცირების რისკს ამცირებს და სიმპტომების სწრაფად დაძლევას უწყობს ხელს.

მიკონაზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს, რადგან ორგანიზმის ასეთი მდგომარეობა შეიძლება პრეპარატის სრულყოფილად მეტაბოლიზებასა და ელიმინაციას ხელს უშლიდეს. 

სამ წლამდე ასაკის ბავშვებში მიკონაზოლის კრემი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან ამ ასაკში კანის სტრუქტურა უფრო მგრძნობიარეა და შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება.

 

Miconazole psp

როგორია მიკონაზოლის გამოყენების წესი

მიკონაზოლის კრემი დაზიანებულ უბნებზე მსუბუქი მოძრაობებით დღეში ორჯერ უნდა შეიზილოს — დილასა და საღამოს. თერაპია გრძელდება არა მხოლოდ სიმპტომების გაქრობამდე, არამედ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა დაავადების რეციდივის რისკი გამოირიცხოს.

მკურნალობის პროცესში საჭიროა მიკოლოგიური კონტროლი, რომლის შედეგების მიხედვითაც თერაპიის საბოლოო ხანგრძლივობა განისაზღვრება. ეს მიდგომა ინფექციის სრულ აღმოფხვრას უზრუნველყოფს და მისი ხელახლა განვითარებისგან გვიცავს.

ონიხომიკოზის შემთხვევაში მკურნალობის სქემა გარკვეულწილად განსხვავებულია. დაზიანებული ფრჩხილის ნაწილის წინასწარი აფხეკის შემდეგ კრემი დღეში 1-2-ჯერ დაიტანება და ფრჩხილი იფარება ოკლუზიური სახვევით, რაც პრეპარატის შეღწევადობას ზრდის. 

თერაპია უნდა გაგრძელდეს შესვენების გარეშე მანამ, სანამ ახალი და ჯანმრთელი ფრჩხილი ბოლომდე ჩამოყალიბდება, რაც საშუალოდ არანაკლებ 3 თვეს მოითხოვს. ასეთი ხანგრძლივი და თანმიმდევრული მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა და ინფექციის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას გვაცილებს თავიდან.

ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობისას მნიშვნელოვანია ფრჩხილების რეგულარული მოვლა, მათი მოკლედ მოჭრა და დაზიანებული ნაწილის მაქსიმალურად მოცილება. ეს პრეპარატის ეფექტიანობას ზრდის. ტერფის სოკოვანი დაზიანების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითებს შორის მიდამოების საფუძვლიან დამუშავებას, რათა პრეპარატმა სრულყოფილად იმოქმედოს და ინფექცია თავიდან არ განმეორდეს.

რა უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის გამოყენებისას 

მიკონაზოლი, როგორც ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, პაციენტების მიერ ჩვეულებრივ კარგად აიტანება. მისი გამოყენებისას არასასურველი რეაქციები იშვიათად ვითარდება და უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ხასიათისაა. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს კანის ალერგიული გამონაყარი, სიწითლე, ქავილი ან მსუბუქი წვის შეგრძნება დაზიანებულ უბანზე, თუმცა მსგავსი სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად ქრება.

განსაკუთრებული მითითებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია თერაპიის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ პაციენტს მკურნალობის პროცესში გამოუვლინდა ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყდეს კრემის გამოყენება და დაიგეგმოს ექიმთან კონსულტაცია. 

მიკონაზოლის კრემი არ უნდა მოხვდეს თვალებში, რადგან შეიძლება მან მხედველობის ორგანოს გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურად სისხლში პრაქტიკულად არ შეიწოვება, რის გამოც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში მისი გამოყენება შესაძლებელია. ამის მიუხედავად, ექიმთან წინასწარი კონსულტაცია მაინც რეკომენდებულია.

რაც შეეხება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებას, მიკონაზოლის კრემის ერთდროული გამოყენება სხვა ადგილობრივ მალამოებთან ან კრემებთან არ არის სასურველი. ამან შეიძლება პრეპარატის ეფექტიანობა შეამციროს ან კანის გაღიზიანების რისკი გაზარდოს. სწორედ ამიტომ, თერაპიის დროს სასურველია მხოლოდ მიკონაზოლის კრემის გამოყენება და სხვა მსგავსი პრეპარატების მოხმარება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.

 

მიკონაზოლი ტაბლეტი ფასი

მიკონაზოლის შეფუთვა და შენახვის წესი

მიკონაზოლი (Miconazole) ბაზარზე ხელმისაწვდომია 2%-იანი კრემის სახით, რომელიც მოთავსებულია 15-გრამიან ალუმინის ტუბში. ასეთი ფორმა პაციენტებისთვის მოსახერხებელია, რადგან კანისა და ფრჩხილების დაზიანებულ უბნებზე პრეპარატის მარტივ და ჰიგიენურ დატანას უწყობს ხელს.

კრემის შენახვა აუცილებელია სათანადო პირობებში, რათა მისი სამკურნალო თვისებები და ეფექტიანობა შენარჩუნდეს. მიკონაზოლის კრემი უნდა იყოს დაცული პირდაპირი მზის სხივებისა და ტენისგან, შეინახოს მშრალ გარემოში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25°C-ს, რადგან ზედმეტმა სიცხემ შეიძლება მისი სტრუქტურისა და მოქმედების უნარზე გავლენა იქონიოს.

ვარგისიანობის ვადა 2 წელს შეადგენს (წარმოების თარიღიდან). აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ კრემის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან, შესაძლოა, მისი შედეგიანობა ან უსაფრთხოება შემცირდეს. შესაბამისად, ყოველი გამოყენების წინ მნიშვნელოვანია შეფუთვაზე მითითებული ვადის გადამოწმება.

მიკონაზოლი იმ ფარმაკოლოგიურ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის გამოყენებაც ექიმის დანიშვნის გარეშე არ არის რეკომენდებული. აფთიაქში პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით, რაც მის სწორ გამოყენებას, მკურნალობის კონტროლსა და გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს.

12 სექ 2025