რა უნდა ვიცოდეთ საფაღარათო საშუალება ბისაკოდილზე
7 ივლ 2025

ხანმოკლე ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ქრონიკული ყაბზობა ხანდაზმულ, ან მწოლიარე პაციენტებში, ქირურგიული, სამეანო ჩარევების წინ, ასევე ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი — ეს იმ ჩვენებების არასრული ჩამონათვალია, რა დროსაც ბისაკოდილი ინიშნება.
პრეპარატი საფაღარათო საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება და სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია როგორც ტაბლეტების, ასევე რექტალური სუპოზიტორიების, ანუ სანთლის სახით.
პრეპარატის ინსტრუქცია, მიღების წესი თუ დოზირება დამოკიდებულია როგორც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იმაზე, იღებთ ბისაკოდილის ტაბლეტს, თუ ბისაკოდილის სანთელს. გართულებებისა და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულება დაიცვათ. აქ კი, გაგაცნობთ ანოტაციაში გაწერილ ინფორმაციას.
ვიზუალურად ბისაკოდილის ტაბლეტი არის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, დაფარული ნარინჯისფერი გარსით, განატეხზე - თეთრი ბირთვით. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისაკოდილს. დამხმარე ნივთიერებები კი შემდეგია:
ბირთვი: საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, პოლისორბატი 80 (თვინ-80).
რექტალური გამოყენებისთვის ბისაკოდილის სანთელი ამოიღეთ სტრიპიდან. რეკომენდებულია გამოიყენოთ დღეში ერთხელ, დილას ერთი სუპოზიტორია(სანთელი). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 7 დღისა.
რაც შეეხება ბისაკოდილის ტაბლეტს, უნდა მიიღოთ მთლიანად ერთი ტაბლეტი და გადაყლაპოთ დაუღეჭავად. შეიძლება დღის განმავლობაში მიიღოთ ერთი ტაბლეტი (ბავშვები 6-12 წლის) ღამით ან დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან 1-3 ტაბლეტის ოდენობით ერთ მიღებაზე (მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით) ანალური ნახეთქების, ბუასილის, კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად. ხოლო ქირურგიული ოპერაციების, ინსტრუმენტული და რენტგენული მომზადებისას შესაძლოა ექიმმა პაციენტს დაუნიშნოს 2 ტაბლეტი ძილის წინ, გამოკვლევამდე ერთი დღე-ღამით ადრე და 2 ტაბლეტი ოპერაციის ან გამოკვლევის წინა ღამით.
ბისაკოდილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე ზემოქმედებით აძლიერებს პერისტალტიკას და ამგვარად იწვევს საფაღარათო მოქმედებას. თუკი მიიღებთ ბისაკოდილის ტაბლეტს, დღისით მისი მოქმედება მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ დაიწყება, ძილის წინ მიღებისას კი, 8-12 საათის შემდეგ. რაც შეეხება ბისაკოდილის სანთელს, პრეპარატის მოქმედება დაიწყება ორგანიზმში მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის, ასევე ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის ბისაკოდილის სანთლის მიღება არ შეიძლება. რაც შეეხება ბისაკოდილის ტაბლეტს, თუკი ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ მედიკამენტი.
ტაბლეტები ნებადართულია ბავშვებისთვის 6-12 წლის ასაკის ზევით. ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადების დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაშიც, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
ბისაკოდილის შემადგენელი კომპონენტების მიმართ თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, არ უნდა მიიღოთ მედიკამენტი. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაწუხებთ:
ბისაკოდილის სანთლის ანოტაციაში დამატებითი ჩვენებები არის აღწერილი, თუ რა შემთხვევაშია პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები, ესენია: ტკივილი მუცელში, უცნობი ეტიოლოგიის ღებინება და გულისრევა, აპენდიციტი, ნაწლავური გაუვალობა, კოლიტი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, სწორი ნაწლავის დაავადებები, მწვავე პროქტიტი, მწვავე ჰემოროი, სპასტიკური ყაბზობა, გაჭედილი თიაქარი, ანალური ნაპრალები, მძიმე დეჰიდრატაცია, მსხვილი ნაწლავის კარცინომა, ცისტიტი.
თუ დაიწყეთ ბისაკოდილის მიღება და გაქვთ ახალი ჩივილები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ბისაკოდილის მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, შესაბამისად კი დეჰიდრატაცია და ელოქტროლიტული ბალანსის დარღვევა.
ხანდაზმულ ასაკში პრეპარატის ხშირმა მიღებამ შესაძლოა სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და ჰიპოტენზია გამოიწვიოს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.
7 ივლ 2025