აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რისთვის და როგორ გამოიყენება პრეპარატი მეტიპრედი

უკან

რისთვის და როგორ გამოიყენება პრეპარატი მეტიპრედი

6 აგვ 2025

მეტიპრედი 4 მგ

 

მეტიპრედი გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ტაბლეტის ფორმით გამოიყენება. თითოეული აბი აქტიურ ნივთიერება მეთილპრედნიზოლონსა და დამხმარე კომპონენტებს შეიცავს: ლაქტოზას, ჟელატინს, სიმინდის სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს, ტალკსა და გასუფთავებულ წყალს.

მეტიპრედი 4 მგ. ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი. პრეპარატი სისტემური ზემოქმედების თერაპიისთვისაა განკუთვნილი და ექიმის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევებში ინიშნება, როდესაც გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა აუცილებელია. გასათვალისწინებელია, რომ მეტიპრედი 16 მგ. დოზით არ გვხვდება, თუმცა ასეთი დოზა იგივე აქტიური ნივთიერების მქონე მედროლშია წარმოდგენილი. მის მიღებამდე სპეციალისტთან გასაუბრება აუცილებელია.

რა შემთხვევებში ინიშნება მეტიპრედი

მეთილპრედნიზოლონის გამოყენება მიზანშეწონილია ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების დროს, მათ შორის: რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტების, სისტემური წითელი მგლურას, ასევე ანაფილაქსიური შოკის, ბრონქული ასთმისა და სხვა ალერგიული ან რესპირატორული დარღვევების შემთხვევაში. პრეპარატს ნიშნავენ როგორც დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად, ისე მისი პროგრესირების შესანელებლად, როდესაც იმუნური სისტემა ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებზე უარყოფითად მოქმედებს.

მეტიპრედი გამოიყენება ქალასშიდა წნევის შესამცირებლად თავის ტვინზე ზეწოლის მომატების დროს, რაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტვინის შეშუპებასთან ან ახალ წარმონაქმნებთან. პრეპარატი მკურნალობის იმ სქემებში შედის, რომლებიც ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ტრანსპლანტანტის უარყოფის პრევენციისკენაა მიმართული. იგი ეფექტიანია ნევროლოგიური მდგომარეობების, მათ შორის გაფანტული სკლეროზისა და მიასთენია გრავისის, მართვის პროცესშიც.

გარდა ამისა, მეთილპრედნიზოლონი გამოიყენება გლუკოკორტიკოიდებზე დამოკიდებულ ჰემატოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას, როგორებიცაა: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. პრეპარატი შედეგიანია, როგორც პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება ქიმიოთერაპიის დროს და როგორც კომპონენტი ლეიკოზების, ლიმფომებისა და ავთვისებიანი მიელომიის მკურნალობისას.

მეტიპრედის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ. მკაცრი უკუჩვენებაა მწვავე ან ქრონიკული ვირუსული ინფექციების არსებობა — ჩუტყვავილა, სირსველი, ჰერპესი, აგრეთვე ტუბერკულოზი ან სხვა ბაქტერიული დაავადებები — იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად არ მიმდინარეობს მიზნობრივი ანტიმიკრობული ან სპეციფიკური თერაპია.

როგორია მეტიპრედის ფარმაკოლოგიური თვისებები

მეთილპრედნიზოლონი, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდები, უჯრედულ დონეზე მოქმედებს. ეს სტეროიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების გზით მიიღწევა, რის შედეგადაც აქტიური კომპლექსი ბირთვში აღწევს, დნმ-ს უერთდება და ცილების ტრანსკრიფციას ცვლის. ამით იმუნური და ანთებითი რეაქციების დროს აქტიური ციტოკინებისა და ფერმენტების სინთეზი წარმატებით ითრგუნება, რაც დაავადების სიმპტომების შესუსტებას იწვევს.

გლუკოკორტიკოიდები თრგუნავს ქსოვილთა პასუხს სხვადასხვა აგენტზე, როგორიცაა მექანიკური, ქიმიური, ინფექციური ან იმუნოლოგიური ზემოქმედება. მათ არ გააჩნია პირდაპირი გავლენა დაავადების გამომწვევზე, თუმცა სიმპტომებს ამსუბუქებს. მეთილპრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონთან შედარებით,  ანთების საწინააღმდეგო მინიმუმ ხუთჯერ ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა, რაც მას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად იმოქმედოს მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.

ენდოკრინულ დონეზე პრეპარატი აკტჰ-ის სეკრეციას თრგუნავს და ორგანიზმის მიერ ბუნებრივი კორტიზოლის გამომუშავებას ამცირებს. ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ნაწილობრივი დათრგუნვა, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს კალციუმისა და D ვიტამინის ცვლაზე, ასევე გლუკოზისა და ცხიმების მეტაბოლიზმზე. აღნიშნული ცვლილებები დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის დონის მომატებას, ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითებას, კუნთოვანი მასის შემცირებასა და ლიპიდური ბალანსის დარღვევას იწვევს.

მეთილპრედნიზოლონს პრაქტიკულად არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული მოქმედება, თუმცა იგი, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს არტერიულ წნევასა და ნერვულ სისტემაზე (ქცევისა და ხასიათის ცვლილებები). პერორალური მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა ჩვეულებრივ 80%-ს აღემატება, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიღებიდან 1-2 საათში ფიქსირდება. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2-3 საათს შეადგენს, თუმცა ანთების საწინააღმდეგო ეფექტი 18-36 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

მეტიპრედის ინსტრუქცია: მიღების წესი და დოზები

მეტიპრედის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებულია პერორალურად, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თერაპიის სქემა ინდივიდუალურად შეირჩევა, გამომდინარე დაავადების ტიპიდან, სიმძიმიდან და პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან. მოზრდილებისთვის საწყისი დოზა, როგორც წესი, მერყეობს 8-დან 96 მგ-მდე დღე-ღამეში, ხოლო მკურნალობის პროგრესის ფონზე, კლინიკური რეაგირების მიხედვით, დოზის თანდათანობითი შემცირებაა სასურველი.

შენარჩუნებითი თერაპიისას ყოველდღიური დოზა, ჩვეულებრივ, 4-12 მგ-ია და დილის საათებში ერთჯერადად მიიღება. გრძელვადიანი მკურნალობისას მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება დღეგამოშვებით, დილით, რაც საშუალებას იძლევა, შემცირდეს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვის რისკი. ბავშვებში დოზა მცირდება, ასაკის, წონისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ მეთილპრედნიზოლონი მწვავე ინტოქსიკაციას არ იწვევს, პოტენციური ჭარბი დოზირებისას გარკვეული ზომების მიღება მაინც საჭიროა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხანგრძლივ მიღებას ან დოზის თვითნებურად გადაჭარბებას, რაც, შესაძლოა, თირკმელზედა ჯირკვლების სუპრესიით გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება მკაცრი სამედიცინო კონტროლით. გადაჭარბებისას მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება, თუმცა მეთილპრედნიზოლონის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

მკურნალობის უეცარ შეწყვეტას, შესაძლოა, მოჰყვეს ციებ-ცხელება, მიალგია, ართრალგია ან თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა. შესაბამისად, ამ მხრივ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან პრეპარატის მიღებას?

მეტიპრედით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სისტემაზე მოქმედი არასასურველი რეაქციები. 

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ხშირია დისპეფსია, მადის მომატება, ზოგჯერ ვითარდება პეპტიკური წყლული პერფორაციითა და სისხლდენით, საყლაპავის წყლული ან პანკრეატიტი. აღინიშნება ნაღვლის ბუშტის პერფორაციის შემთხვევებიც; საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში შეიძლება განვითარდეს პროქსიმალური მიოპათია, ოსტეოპოროზი, კუნთოვანი სისუსტე ან მყესების გაწყვეტა;  წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამო ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შეკავება, ჰიპერტენზია, ჰიპოკალიემია ან ალკალოზი, რის ფონზეც ხშირია გულის ქრონიკული უკმარისობა.

დერმატოლოგიური გართულებები მოიცავს კანის რეგენერაციის შენელებას, ატროფიასა და აკნეს; ენდოკრინული დარღვევებიდან აღსანიშნავია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ღერძის ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, კუშინგოიდური გარეგნობა, ჰირსუტიზმი, წონის მატება და ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება. ამ ფონზე იზრდება მოთხოვნილება ინსულინსა და შაქრის დამწევ პრეპარატებზე; ნეიროფსიქიკური გამოვლინებები მოიცავს ეუფობიას, დეპრესიას, უძილობასა და შიზოფრენიის გამწვავებას.

მხედველობის ორგანოებზე ზემოქმედებისას ზოგჯერ ფიქსირდება თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის შეშუპება, კატარაქტა, რქოვანა-სკლერას გათხელება და თვალის ინფექციური დაავადებების პროგრესირება; იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება იწვევს იმუნოსუპრესიას, ინფექციების შენიღბვასა და კანის სინჯებზე რეაქციის დაქვეითებას; ზოგად რეაქციებს შორის აღსანიშნავია ტუბერკულოზის აქტივაცია, ლეიკოციტოზი, თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილება და ზოგადი მოუხერხებლობის შეგრძნება. 

 

მეტიპრედი ანოტაცია

როგორია მეტიპრედის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მეთილპრედნიზოლონის მიღებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება მკაცრად. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა გაკონტროლდეს. პაციენტმა ექიმს წინასწარ უნდა აცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს.

მეტიპრედით მკურნალობისას უკონტროლო მედიკამენტური ჩარევა, შესაძლოა, სერიოზულ გართულებებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, მიასთენიის მქონე პაციენტებში ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან კომბინაციამ შეიძლება კუნთების სისუსტე გამოიწვიოს, ხოლო ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებამ მათი მოქმედება შეასუსტოს ან გააძლიეროს.

ასევე, აუცილებელია სიფრთხილე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, როგორიცაა სალიცილატები და ინდომეტაცინი, რადგან ეს კომბინაცია კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკს ზრდის; მეთილპრედნიზოლონი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სალიცილატების დაჩქარებულ გამოყოფას, რაც მათ ეფექტიანობას ამცირებს; ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციამ, შესაძლოა, მათი მოქმედება შეასუსტოს და გლუკოზის დონის ცვლილებები გამოიწვიოს.

ცალკე ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარატების იმ ჯგუფებს, რომლებიც მეთილპრედნიზოლონის მეტაბოლიზმზე ზემოქმედებს. მაგალითად, CYP3A4-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა კლარითრომიცინი და კეტოკონაზოლი; ესტროგენები მეთილპრედნიზოლონის მეტაბოლიზმს ამცირებს, რაც დოზის კორექციას საჭიროებს; დიურეზულებთან და ამფოტერიცინ B-სთან კომბინაციამ, შესაძლოა, ორგანიზმიდან კალიუმის ჭარბი გამოდევნა გამოიწვიოს.

გლუკოკორტიკოიდებს, მათ შორის მეთილპრედნიზოლონს, ძლიერი იმუნოსუპრესიული მოქმედება ახასიათებს. ამის გამო იმუნოდეპრესანტებთან ერთად მათი გამოყენება ინფექციური გართულებების და გვერდითი რეაქციების რისკს ზრდის; ცოცხალი ვაქცინების პარალელური დანიშვნისას იზრდება ვირუსული ინფექციების განვითარების ალბათობა; ცნობილია მეთილპრედნიზოლონისა და ციკლოსპორინის ერთდროული მიღების ფონზე კონვულსიების იშვიათი შემთხვევებიც; ზოგადად, ხანგრძლივი თერაპიისას პრეპარატმა შეიძლება სხვა ჰორმონების, მაგალითად სომატოტროპინის, ეფექტი შეასუსტოს.

დამატებითი სიფრთხილის ზომები — რა უნდა გაითვალისწინოთ მეტიპრედის მიღებამდე

მეთილპრედნიზოლონი, როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდები, შესაძლოა, გარკვეული დაავადებების გამწვავებას იწვევდეს. ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური დარღვევები, დიაბეტი (მათ შორის გენეტიკური წინასწარ განწყობა), პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, თრომბოფლებიტის ან სისხლის შედედების პრობლემებისადმი მიდრეკილება. გლუკოკორტიკოიდებს შეუძლია, ტკივილის სიმპტომების შენიღბვით კუჭ-ნაწლავის პრობლემების გართულებების ან ჰიპერპარათირეოიდიზმის ლატენტური ფორმის დიაგნოსტიკას შეუშალოს ხელი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ანტიკოაგულანტებთან კომბინირებულ თერაპიას, რაც კუჭის წყლულისა და სისხლდენის რისკს ზრდის. ამ დროს აუცილებელია პროთრომბინისა და სნი-ს რეგულარული კონტროლი. გარდა ამისა, სალიცილატებთან ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება კუჭის ლორწოვანის დაზიანება გააძლიეროს. ხანგრძლივი თერაპიისას, უფრო მეტად ოსტეოპოროზის რისკის მქონე პაციენტებში, მიზანშეწონილია ბიფოსფონატების დანიშვნის საკითხის განხილვა.

მეთილპრედნიზოლონის გახანგრძლივებულმა მიღებამ, შესაძლოა, ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა გამოიწვიოს, რაც მეორადი კორტიკალური უკმარისობის განვითარებას იწვევს. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით სახიფათოა მძიმე დაავადებების, სტრესული სიტუაციების ან ქირურგიული ჩარევის დროს. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურ თერაპიულ დონემდე, ხოლო დილის საათებში მიღება აუცილებელია კორტიზოლის ბუნებრივი ცირკადული რითმის გათვალისწინებით. ჰიპოთირეოზით ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით დაავადებულებში პრეპარატის ეფექტი, შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რის გამოც დოზის კორექცია აუცილებელია.

ბავშვებში მეთილპრედნიზოლონის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, ამიტომ მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მინიმალური საჭირო დოზით და ხანმოკლე კურსით. ხანდაზმულ პაციენტებში გლუკოკორტიკოიდები სიფრთხილით გამოიყენება, გვერდითი ეფექტების განვითარების მაღალი რისკის გამო. 

პრეპარატის მოულოდნელად შეწყვეტამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის ფონზე, შესაძლოა, აკრძალვის სინდრომი განაპირობოს. ასევე, სერიოზული და პოტენციურად ფატალური გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ მკურნალობა ეტაპობრივად უნდა შეწყვიტოთ.

6 აგვ 2025