აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

როგორ ვუმკურნალოთ უმადობას — ყველაფერი პრეპარატ დინამოგენის შესახებ

უკან

როგორ ვუმკურნალოთ უმადობას — ყველაფერი პრეპარატ დინამოგენის შესახებ

30 ივნ 2025

დინამოგენი ფასი

დინამოგენი (10 მლ.) კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც მადის მოსამატებელი მოქმედება გააჩნია. თითოეული ამპულა ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატ გლუტოდინსა (3 მგ.) და არგინინის ასპარტატს (1 გ.)  შეიცავს. ისინი ენერგეტიკული ბალანსის აღდგენისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

დინამოგენის ამპულა განსაკუთრებით ეფექტიანია საერთო სისუსტისა და გამოფიტვის ფონზე, ხოლო მისი მიღება ორგანიზმის გაძლიერების მიზნითაა რეკომენდებული.

რა შემთხვევებში გამოიყენება დინამოგენი 

დინამოგენი (პრეპარატი პერორალური ამპულის სახით) სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფსიქო-ფიზიკური გამოფიტვა, ენერგიის დეფიციტი ან ანორექსია აღენიშნება. ასეთი მდგომარეობები ხშირია ინტენსიური გონებრივი ან ფიზიკური დატვირთვის, სტრესის ან ხანგრძლივი ავადობის შემდეგ. პრეპარატი ხელს უწყობს მადის აღდგენას, ძალების დაბრუნებასა და ზოგად ტონუსს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაღლილობისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

პრეპარატი დინამოგენი გამოიყენება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების შემთხვევაშიც, როგორიცაა მეხსიერების დასუსტება, ყურადღების გაფანტულობა და კონცენტრაციის პრობლემა. ის, ასევე, ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებში ან მოზარდებშიც ინიშნება, მით უფრო მაშინ, თუ ეს არასრულფასოვანი კვებით ან ქრონიკული ავადობითაა გამოწვეული. არგინინის ასპარტატი ცილოვანი სინთეზის გაუმჯობესებასა და ორგანიზმის ბუნებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

დინამოგენს მნიშვნელოვანი როლი აქვს ოპერაციების შემდგომ პერიოდში ან ინფექციური დაავადების გადატანისას, როცა ორგანიზმი დასუსტებულია და ძალების სწრაფი აღდგენა სჭირდება. ამავდროულად, ის გამოიყენება მალაბსორბციის სინდრომისას, როდესაც ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებები სრულად არ შეითვისება. დინამოგენი 3 მგ. გლუტოდინისა და 1 გ. არგინინის ასპარტატის მეშვეობით ზოგჯერ სხვა პრობლემებსაც აგვარებს. კერძოდ,  შესაძლოა, ის კაცებს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევისას დაენიშნოს (იმპოტენციის ან ოლიგოსპერმიის შემთხვევაში), რადგან ის ორგანიზმის ტონუსს აძლიერებს.

 

დინამოგენი ვიტამინი

დინამოგენის ანოტაცია — პრეპარატი ორგანიზმის სტიმულირებისთვის

დინამოგენი ვიტამინი არაა, თუმცა ამინომჟავების წყაროა. ის აღმდგენი და მატონიზირებელი მოქმედებით გამოირჩევა და სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი გამოფიტვის დროს. იგი ენერგიას აღადგენს და დაკარგულ მადას აბრუნებს. დინამოგენი წამალია, რომელიც  უფრო მეტად იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ყოველდღიური დატვირთვის ფონზე მუდმივ დაღლილობას განიცდიან და ორგანიზმის სტიმულაციას საჭიროებენ.

პრეპარატის ორი აქტიური ნივთიერება (გლუტოდინი და არგინინის ასპარტატი) სიღრმისეულად მოქმედებს: გლუტოდინი ორგანიზმში იშლება ციპროჰეპტადინად და ალფა-კეტოგლუტარატად, რომლებიც ნერვული სისტემის სწორი მუშაობისთვის საჭირო ბიოქიმიურ წონასწორობას უზრუნველყოფს. ციპროჰეპტადინს ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და ანტისეროტონინული მოქმედება გააჩნია, რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს.

ამავე დროს, არგინინი და ასპარტატი აუცილებელი ამინომჟავებია, რომლებიც უჯრედულ ენერგეტიკულ ცვლაში იღებს მონაწილეობას. არგინინი ქსოვილების რეგენერაციას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აძლიერებს, ხოლო ასპარტატი — რნმ-ის სინთეზს. 

დინამოგენი მიღების წესი

როგორია ამ მედიკამენტის მიღების წესი

თითოეული ამპულის შიგთავსის დალევა ჭამამდე დაახლოებით 30 წუთით ადრეა რეკომენდებული. დინამოგენი შეიძლება მიიღოთ როგორც ცალკე, ისე მცირე რაოდენობით წყალთან ან ხილის წვენთან ერთად, რაც მის დალევას ამარტივებს და გემოვნურ თვისებებს აუმჯობესებს.

დინამოგენი ბავშვებში მკაცრი დოზირების მიხედვით გამოიყენება: 2-დან 6 წლამდე ასაკის პატარებისთვის რეკომენდებულია დღეში ორი ამპულა, რაც ციპროჰეპტადინის 4 მგ-ის ეკვივალენტურია; 7-დან 14 წლამდე ასაკში დინამოგენის საბავშვო დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 2-3 მიღებამდე, თუმცა არ უნდა გადააჭარბოს 16 მგ-ს; 14 + ასაკში დღეში სამი ამპულა ინიშნება და შეზღუდვა ამ შემთხვევაშიც 16 მგ-ია. აუცილებელია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ დოზების დაცვას, რადგან ანტიჰისტამინური კომპონენტის გადაჭარბებამ ბავშვებში შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური სიმპტომები გამოიწვიოს. 

გამოტოვებული დოზის შემთხვევაში ორმაგი რაოდენობა არ უნდა მიიღოთ. უსაფრთხო გამოყენება მხოლოდ მითითებულ რეჟიმს ითვალისწინებს.

 

 დინამოგენის პრეპარატი

რა უნდა გაითვალისწინოთ დინამოგენის გამოყენებისას 

დინამოგენის გამოყენებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის გათვალისწინება, რომლებიც პაციენტის უსაფრთხოებასა და მკურნალობის ეფექტიანობას განსაზღვრავს. პირველ რიგში, პრეპარატი საქაროზასა (4.224 გ. 10 მლ-ზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 0.3 პურის ერთეულს) და სორბიტოლს (3.41 გ. 10 მლ-ზე) შეიცავს, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა მისი მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა დაიწყონ. ამავე დროს, სორბიტოლი, შესაძლოა, გარკვეულ პაციენტებში მსუბუქ საფაღარათო ეფექტს იწვევდეს.

დინამოგენის შედგენილობაში შედის საღებავი ამარანტი (E-123), რომელიც ზოგიერთ ადამიანში — განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავაზე ალერგიის მქონეებში — ალერგიულ რეაქციებს ან ასთმის ნიშნების გაძლიერებას იწვევს. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო ძილიანობა, რასაც თავისთავად გავლენა აქვს ყურადღების მოკრებასა და რეფლექსებზე. შესაბამისად, მკურნალობის საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია თავი აარიდოთ ავტომობილის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას, რაც სწრაფ რეაქციებს მოითხოვს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე იმ პირებში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის შეკავება ან დახურულკუთხოვანი გლაუკომა აღენიშნებათ. დინამოგენი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხოლო ღვიძლისა და თირკმელების მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში პრეპარატის მიღება მკაცრად უკუნაჩვენებია. 

მნიშვნელოვანია, რომ იგი არ უნდა მიიღოთ სხვა ანტიქოლინერგულ წამლებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ნეიროლეპტიკებთან ან MAO-ს ინჰიბიტორებთან, ასევე ალკოჰოლთან ერთად. ამან შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი მოქმედება გააძლიეროს. სხვა მხრივ დინამოგენის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და კარგ შედეგს იძლევა.

30 ივნ 2025