როგორ მუშაობს ანტიბიოტიკი ციპროფლოქსაცინი და რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე
10 ივნ 2025

ბაქტერიული ინფექციები გლობალური ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად დღემდე რჩება. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინფექცია მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ.
ყელ-ყურ-ცხვირის, შარდ-სასქესო სისტემის, კანისა და სხვა ტიპის ინფექციები მოითხოვს დაუყოვნებლივ და ეფექტიან ანტიბაქტერიულ თერაპიას, რათა დაავადების გავრცელება და მისი გართულება თავიდან იყოს არიდებული. ეპოქაში, რომელშიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებს უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით, სწორი ანტიმიკრობული აგენტის შერჩევა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ყოფილა.
ბაქტერიულ პათოგენებთან საბრძოლველად მედიცინის არსენალში არაერთი ანტიბიოტიკი არსებობს, რომელთა შორისაც ციპროფლოქსაცინი 500 ერთ-ერთი მძლავრი, გავრცელებული და უსაფრთხო საშუალებაა, რამაც არაერთი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქვაკუთხედად აქცია.
ციპროფლოქსაცინი ბაქტერიციდული საშუალებაა. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მიკრობის უჯრედის დნმ-ჰირაზის ინჰიბირებით არის განპირობებული, რომელიც ბაქტერიულ ფერმენტს წარმოადგენს, ხელს უწყობს დნმ-ის სპირალიზაციის პროცესს და ბაქტერიების დნმ-ის ტრანსკრიპციის აღდგენას. ციპროფლოქსაცინი არის სინთეზური, 4 ქინოლონ წარმოებული და ახდენს დნმ ჰირაზას ინჰიბირებას. მას გააჩნია ინ-ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება შემდეგი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ორგანიზმების წინააღმდეგ. ინ ვიტრო მგრძნობელობა არ გულისხმობს ინ-ვივო ეფექტურობას.
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტიან ანტიბაქტერიულ საშუალებას მიკროორგანიზმებით გამოწვეული შარდსასქესო, სასუნთქი, ძვალსახსართა სისტემების, ყელ-ყურ-ცხვირის, მცირე მენჯის, აბდომინალური, ჰეპატობილიარული ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების, აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.
აფთიაქებში ვხვდებით ციპროფლოქსაცინს ყურისა და თვალის წვეთების სახითაც — ხსნარი ნაჩვენებია რქოვანა გარსის წყლულების, თვალისა და მისი მომიჯნავე ორგანოების ზედაპირული ინფექციებისა და ლოკალიზებული ან დიფუზური გარეთა ოტიტის სამკურნალოდ.
ციპროფლოქსაცინი გამორჩეულია იმითაც, რომ მის მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალზედ ნელა, ვინაიდან, ერთის მხრივ, ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება პერსისტენტული მოკროორგანიზმები, მეორეს მხრივ — ბაქტერიულ უჯრედებს არ გააჩნიათ ფერმენტები, რომლებიც ახდენენ მის ინაქტივირებას.
პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიღებისას, ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში კონცენტრაციის პიკი, საშუალოდ, 1-3 საათის შემდეგ მიიღწევა. საკვების მიღება შეწოვას არ ამცირებს, მაგრამ შესაძლოა შეანელოს სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის პიკის დრო. ციპროფლოქსაცინის განაწილება ფართოა და განაწილების მოცულობა მაღალია, რაც ქსოვილებში ფართო შეღწევადობაზე მიუთითებს. პრეპარატი გვხვდება ფილტვებში, კანში, ცხიმში, კუნთებში, ხრტილსა და ძვალში. ის ასევე აქტიური ფორმით გვხვდება ნერწყვის, ცხვირისა და ბრონქების გამონადენში, ნახველში, კანის ბუშტუკების სითხეში, ლიმფაში, პერიტონეალურ სითხეში, პროსტატის სეკრეციის პროდუქტში, თავ-ზურგ ტვინის სითხესა და თვალშიდა სითხეში. ანტიბიოტიკი ძირითადად შარდით გამოიყოფა.

ციპროფლოქსაცინი 500-ის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით და მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზა, საშუალოდ, მერყეობს 250-დან- 750მგ-მდე, ორჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ხასიათსა და სიმძიმეზე.
რაც შეეხება საშარდე გზების ინფექციებს, მწვავე გაურთულებელი ცისტიტის დროს - 250 მგ ორჯერ დღეში. მძიმე ან გართულებულის შემთხვევაში — 500 მგ ორჯერ დღეში. ქალებში მწვავე გაურთულებელი ცისტიტის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 3 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ინფექციის ნიშნები და სიმპტომები გაქრება.
მწვავე ინფექციების დროს, მკურნალობის ჩვეულებრივი პერიოდია 5-10 დღე. მძიმე და გართულებული ინფექციების დროს შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება. სტრეპტოკოკული ინფექციების შემთხვევაში, მოგვიანებით გართულებების რისკის გამო მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღე.
მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინი ინიშნება 50-500მგ ორჯერ დღეში; მძიმე ან გართულებული შემთხვევისას, 750 მგ ორჯერ დღეში. კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებში დოზა ანალოგიურია.
კანის ინფექციების დროს, მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის შემთხვევაში — 500 მგ ორჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში — 750 მგ ორჯერ დღეში. 500 მგ ორჯერ დღეში, თუ პაციენტს ინფექციური დიარეა აწუხებს. ძვლის ინფექციების დროს, მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია და 4-6 კვირას შეადგენს. რაც შეეხება დოზას, მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის შემთხვევაში — 500 მგ ორჯერ დღეში, ხოლო გართულებისას, 750მგ ორჯერ დღეში.
რაც შეეხება ციპროფლოქსაცინის წვეთებით მკურნალობას, მოზრდილებსა და 1 წლიდან ასაკის ბავშვებში რქოვანი გარსის წყლულის დროს გამოიყენება პირველ დღეს 2 წვეთი ყოველ 15 წუთში 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ ნახევარ საათში დღის ბოლომდე. მეორე დღეს 2 წვეთი ყოველ ერთ საათში. მე-3 დღიდან მე-14 დღის ჩათვლით — 2 წვეთი ყოველ 4 საათში. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 14 დღის შემდეგ, თუ არ აღინიშნება რქოვანას განმეორებითი ეპითელიზაცია.
თვალების ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 წვეთი ყოველ 4 საათში. მძიმე ინფექციების დროს — 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში პირველი 2 დღის განმავლობაში, მომდევნო დღეებში —1-2 წვეთს ყოველ 4 საათში. ორივე შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.
პირველ რიგში, ციპროფლოქსაცინის მიღებას უნდა მოერიდოთ, თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან სხვა რომელიმე ქინოლონის მიმართ.
ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ არის შესაფერისი მწვავე ინფექციების და გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინი მიიღება სხვა შესაფერის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ასევე, ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკული ინფექციების მკურნალობისთვის.
გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae იზოლატებით, ამიტომ, ციპროფლოქსაცინის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხულია ამ კონკრეტული იზოლატების არსებობა.
ძვლისა და სახსრების ინფექციების დროს, ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში, მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის შედეგების მიხედვით.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, არსებული მონაცემები არ მიუთითებს მალფორმაციაზე ან ნაყოფზე/ახალშობილზე ტოქსიკურ გავლენაზე. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე გავლენაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. მოზარდ და პრენატალურ ცხოველებში, რომლებშიც გამოიყენებოდა ქინოლონები, დაფიქსირდა ზემოქმედება უმწიფარ ხრტილზე, ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სახსროვანი ხრტილის დაზიანება უმწიფარი ადამიანის ორგანიზმში / ნაყოფში. სიფრთხილისთვის, სასურველია რომ ორსულობის პერიოდში მოერიდოთ ციპროფლოქსაცინის გამოყენებას. ასევე, ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა რძეში. სახსროვანი დაზიანების პოტენციური რისკის გამო, ციპროფლოქსაცინი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების დროს.

ციპროფლოქსაცინი საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებაა, შესაბამისად, მისი გამოყენების პარალელურად, სხვადასხვა სიხშირით შეიძლება აღინიშნოს უარყოფითი გვერდითი ეფექტები, რომელთაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. ამის მიუხედავად, ნუ შეგეშინდებათ, თუ ექიმის მიერ დანიშნულ დოზებსა და მკურნალობას მიჰყვებით, ამ ეფექტების გამოვლენის შანსს მინიმუმამდე შეამცირებთ.
გვერდით ეფექტებს შორის ვხვდებით გულისრევას, დიარეას, ღებინებას, დისპეფსიას, მუცლის ტკივილს, მეტეორიზმს — ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ნერვული სისტემის დარღვევების მიმართულებით, შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ნერვიულობა, მღელვარება, კანკალი. შედარებით იშვიათად — უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა, არასტაბილური სიარული, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება, შფოთვითი მდგომარეობა, კოშმარები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაციები. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები აღინიშნა ციპროფლოქსაცინის პირველივე მიღების შემდეგ. ამ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს.
შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობის ორგანოების რეაქციებიც — გემოს, სუნის მხედველობის დარღვევები, ხმაური ყურებში, სმენის გარდამავალი დაქვეითება, განსაკუთრებით მაღალი სიხშირეების დროს. ვხვდებით კანის რეაქციებსაც — გამონაყარი, ქავილი, წამლისმიერი ცხელება. შედარებით იშვიათად — კანის წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექია), ბუშტუკების წარმოქმნა თანმხლები სისხლჩაქცევებით (ჰემორაგიული ბუშტი) და მცირე ზომის კვანძები (პაპულები) ფუფხის წარმოქმნით, რომლებიც აჩვენებენ სისხლძარღვთა ვასკულიტის ჩართვას, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმიანი ექსუდაციული ერითემა (მცირე), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი.
არ არის გამორიცხული ანაფილაქსიური რეაქციებიც. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება და საჭიროა სამედიცინო მკურნალობა (მაგ. შოკის მკურნალობა).
ციპროფლოქსაცინი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა და, როგორც აღინიშნა, აფთიაქებში მას როგორც ხსნარის, ისე ტაბლეტების სახით ვხვდებით.
მედიკამენტი უნდა შეინახოთ 15-30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ციპროფლოქსაცინს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
ნებისმიერი სახის ინფექცია ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება იყოს, ამიტომ ის ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინი თქვენ გვერდით იქნება.
10 ივნ 2025