აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სუმამედი — როდის გამოიყენება პრეპარატი და რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე

უკან

სუმამედი — როდის გამოიყენება პრეპარატი და რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე

10 ივლ 2025

სუმამედი 500მგ

ბაქტერიული ინფექციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის — ყურისა და ყელის ტკივილიდან დაწყებული, მძიმე ინფექციებით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის იმუნიტეტი მათთან საბრძოლველადაა შექმნილი, ყოვლისშემძლე არც ისაა და ზოგჯერ დახმარება სჭირდება მავნე ბაქტერიის გასანადგურებლად. ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ანტიბიოტიკები იდგებიან, რომელთა შორისაც უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული სუმამედია, რომლის აქტიური ნივთიერებაც აზიტრომიცინია, რომელსაც ექიმები თავისი ფართო მოქმედების არეალისა და ხანგრძლივი აქტივობის დამსახურებით, 1980-იანი წლებიდან ენდობიან.

აფთიაქებში ხელმისაწვდომია როგორც სუმამედი 500მგ, 250მგ და 125მგ ტაბლეტები, ისე სუმამედი 500მგ საინფუზიო ხსნარი და 100მგ სუსპენზია.

რისი წამალია სუმამედი — ანოტაცია 

აზიტრომიცინი წარმოადგენს აზალიდების ჯგუფის მაკროლიდების ახალი კლასის ანტიბიოტიკს. მას ფართო სპექტრის აქტივობა გააჩნია და ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი შტამების უმრავლესობის მიმართ, აგრეთვე ანაერობული, უჯრედშიდა და ატიპიური მიკროორგანიზმების მიმართ.

როგორც წესი, სუმამედი გამოიყენება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ: 

  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი/ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება; 
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული გარდამავალი ერითემა — ლაიმას წითელი ქარის დაავადების საწყისი სტადია, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ურეთრიტი, ცერვიციტი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, რომელთაც Helicobacter pylori იწვევს;

რაც შეეხება სუმამედის ფარმაკოკინეტიკას, აზიტრომიცინი კარგად შეიწოვება მიღებისას და შრატიდან სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. სუმამედის 500 მგ-ის შიგნით ერთჯერადი მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის 37% და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 2-3 საათის შემდეგ. 

სუმამედი კვებამდე, სულ მცირე, 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ.

პრეპარატი სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ქსოვილში, რაც შრატში აზიტრომიცინის კონცენტრაციას 50-ჯერ აღემატება. ქსოვილში აზიტრომიცინის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება ბოლო დოზის გამოყენებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

პრეპარატის აქტიური ნივთიერება აღწევს უჯრედებში, მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც გადაადგილდებიან ანთებით კერაში, ამით ხელს უწყობს თერაპიული კონცენტრაციის შექმნას, რაც ინფექციის გამომწვევებისათვის აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას. არაინფიცირებულ ქსოვილთან შედარებით, ინფიცირებულ ქსოვილში აზიტრომიცინის კონცენტრაცია არის უფრო მაღალი. პრეპარატი ფლობს მაღალ უჯრედშიდა აქტივობას, ვინაიდან, ფაგოციტებში იქმნება აზიტრომიცინის მაღალი კონცენტრაცია.

პრეპარატის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია — ქსოვილიდან გამოყოფას, საშუალოდ, 2-4 დღე სჭირდება. საშუალოდ, ნაღველით გამოიყოფა აზიტრომიცინი 50%-მდე შეუცვლელი ფორმით. დანარჩენი 50% გამოიყოფა N- და D დემეთილირების, დეზოზამინის ჰიდროქსილირების, აგლიკინის რგოლის პროცესისა და კლადინოზის კონიუგატის დაშლის შედეგად წარმოქმნილი 10 მეტაბოლიტის სახით. ეს მეტაბოლიტები არ ფლობენ ანტიბაქტერიულ აქტივობას. შარდით გამოიყოფა პრეპარატის გამოყენებული დოზის მხოლოდ 6%.

 

სუმამედი პრეპარატი

სუმამედის მიღების წესი

გაითვალისწინეთ, რომ სუმამედი ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად მისი გამოყენებისას ზედმიწევნით უნდა დაიცვათ წესები, რათა თავიდან აირიდოთ ყოველგვარი არასასიამოვნო გვერდითი ეფექტების განვითარება.

ბუნებრივია, განსხვავებულია სუმამედის ტაბლეტების, საინფუზიო ხსნარისა და სუსპენზიის მიღების წესი.

სუმამედი 500მგ ტაბლეტის მიღების წესი:

ტაბლეტები მიიღება შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.

პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე საკვების მიღება არ ახდენს გავლენას. 6 თვის ზემოთ ბავშვებისთვის რეკომენდებულია სუსპენზიის და 125 მგ ტაბლეტების მიღება. 

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების დროს: ბავშვები — ჯამური დოზა შეადგენს 30 მგ/კგ-ს, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მოზრდილებში 500 მგ 1-ხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ქრონიკული გარდამავალი ერითემის სამკურნალოდ, ბავშვებში პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ — პირველ დღეს და 10 მგ/კგ — მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე. მოზრდილებში — 1 –ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში 1-ელ დღეს 1გ, მომდევნო დღეები 500 მგ დღეში

Helicobacter pylori-ის მიერ გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს, უნდა მიიღოთ 1გ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ანტისეკრეტორულ საშუალებებთან და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მისი მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად, ამის შემდეგ მომდევნო დოზები გამოიყენება 24 საათიანი ინტერვალით.

სუმამედი 500მგ საინფუზიო ხსნარის მიღების წესი:

პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანა ბოლუსის სახით არ შეიძლება. სუმამედი წვეთოვანი სახით შეყავთ მხოლოდ ინფუზიით. არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს პრეპარატი შეყავთ დოზით 500 მგ ერთჯერადად 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება პერორალურად ერთჯერადად დღეში დღეღამური დოზით — 500 მგ 7-10 დღიანი კურსის დასრულებამდე. პერორალური მიღების წესზე გადასვლას წყვეტს მკურნალი ექიმი კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.

მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით 500 მგ ერთხელ დღეში 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება დღეში ერთხელ დოზით 250 მგ 7-დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებამდე.

საინფუზიო ხსნარი II ეტაპად მზადდება:

  • სუმამედის პირველადი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 500მგ პრეპარატს უმატებენ 4,8 მლ სტერილურ საინექციო წყალს და გულდასმით შეანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე. მიღებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 მგ აზიტრომიცინს.
  • მომზადებული ხსნარი ინახება 24 სთ-ის განმავლობაში არა ნაკლებ 25°C ტემპერატურაზე. შეყვანის წინ ხსნარი ექვემდებარება ვიზუალურ კონტროლს. თუკი ხსნარი შეიცავს ნივთიერების ნაწილაკებს, მაშინ იგი უნდა განადგურდეს.
  • პირველად ხსნარს, რომელიც შეიცავს 100 მგ/მლ უმატებენ ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს, 0,9% ნატრიუმის ქლორიდს, 5% დექსტროზას, რინგერის ხსნარს აზიტრომიცინის საბოლოო კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მიღებამდე  — 1,0-2,0 მგ/მლ.

სუმამედი 100მგ სუსპენზიის მიღების წესი:

სუმამედი 100მგ სუსპენზია რეკომენდებულია ბავშვებისათვის და მისი დოზირება ხდება წონიდან გამომდინარე.

ქრონიკული გარდამავალი ერითემის დროს, პრეპარატის ჯამური მისაღები დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ — პირველ დღეს და 10 მგ/კგ — მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების მიმდინარეობისას, რეკომენდებულია სხეულის წონის 20 მგ/კგ დღეში ერთხელ, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად ანტისეკრეტორულ საშუალებებთან და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. 

სუმამედის სუსპენზიის 20 მლ დასამზადებლად საჭიროა 400 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 12 მლ წყლის დამატება. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე ოთახის ტემპერატურისას 15-25°C. მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 10 დღე. 

დოზირების შპრიცის დახმარებით იზომება წყლის საჭირო მოცულობა, ეს ემატება ფხნილის შემცველ ფლაკონს. გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი უნდა შეიჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მზა სუსპენზიის დოზირების მიზნით იყენებენ შპრიცს ან საზომ კოვზს. სუსპენზიის გამოყენების შემდეგ, პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზიის ჩამოსარეცხად და მისაღებად, ბავშვმა უნდა დალიოს ჩაის ან წვენის რამოდენიმე ყლუპი.

 

 სუმამედი ანტიბიოტიკი

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები

როგორც ძლიერმოქმედი პრეპარატების უმრავლესობას, გვერდითი ეფექტები სუმამედსაც ახასიათებს, თუმცა თუ ფარმაცევტისა და/ან ექიმის მითითებებს გულდასმით მიჰყვებით, მათი გამოვლენის შანსს მაქსიმალურად შეამცირებთ. 

აზიტრომიცინის შემთხვევაში, უმეტესად გამოვლენილია მსუბუქიდან ზომიერად მძიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შექცევადია მკურნალობის კურსის დასრულებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. 

შედარებით ხშირად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი,გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი, პარესთეზია, აღგზნებადობა, ძილიანობა. 

იშვიათად ვლინდება ქოლესტატური სიყვითლე, უმადობა, გასტრიტი, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი, ტკივილი გულმკერდის არეში, ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი. ძალიან იშვიათად — პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როცა პრეპარატის გამოყენებით დედისათვის მიღებული მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას, პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღოთ და აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. 

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, სავარაუდოდ, განვითარდება გულისრევა, სმენის დროებითი კარგვა, ღებინება, დიარეა. ამ დროს რაიმე გამოკვეთილი ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს — სავარაუდოდ, საჭირო გახდება კუჭის ამორეცხვა, შესაბამისად, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს!

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

სუმამედი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ სუმამედს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ბაქტერიულ ინფექციებთან ხუმრობა არ შეიძლება — ისინი იქამდე უნდა გაანადგუროთ, სანამ მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნას შეძლებენ. ამაში კი სუმამედი გარანტირებულად დაგეხმარებათ!

10 ივლ 2025