აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სწრაფი და ეფექტიანი ბრძოლა ინფექციებთან — ყველაფერი, რაც ვანკომიცინი ნანოს შესახებ უნდა იცოდეთ

უკან

სწრაფი და ეფექტიანი ბრძოლა ინფექციებთან — ყველაფერი, რაც ვანკომიცინი ნანოს შესახებ უნდა იცოდეთ

7 აგვ 2025

ვანკომიცინი პრეპარატი

 

ინფექციური დაავადებები, ერთი შეხედვით, საკმაოდ ხშირია, შესაბამისად მას იშვიათად აღვიქვამთ მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ მოცემულობად — აღნიშნული მრავალფეროვნების მიღმა ყურადღების მიღმა რჩება მძიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომელთაც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიები იწვევენ: ენდოკარდიტი, სეფსისი, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები.

ჩამოთვლილთაგან თითოეულმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც კი დააყენოს. შესაბამისად, მედიცინა  მუდმივად ცდილობს, შექმნას პრეპარატები, რომლებიც ეფექტიანი იქნებიან ამ ტიპის ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პრეპარატი ვანკომიცინი ნანოა.

ვანკომიცინი — ანოტაცია და გამოყენების ინსტრუქცია 

ვანკომიცინი-ნანო გლიკოპეპტიდების ჯგუფის ტრიციკლური ანტიბიოტიკია, რომლის ერთი ფლაკონი აქტიური ნივთიერება ვანკომიცინის (ჰიდროქლორიდის სახით) 1გ-ს შეიცავს. ვანკომიცინს ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს — ის აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედული კედლის სინთეზს, ზრდის მის შეღწევადობას, ცვლის ბაქტერიის რნმ-ის სინთეზს. 

აქტიურია შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ:  Staphylococcus spp. (მათ შორის  Staphylococcus Aureus და Staphylococcus Epidermidis, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით),  Streptococcus spp. (მათ შორის  Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans), Enterococcus spp. (მათ შორის Enterococcus faecalis), Listeria spp., Corynebacterium diphtheriae, Clostridium spp., Actinomyces spp. ვანკომიცინი ინ ვიტრო არ არის აქტიური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, სოკოების, მიკობაქტერიების მიმართ.

რაც შეეხება ვანკომიცინი-ნანოს ფარმაკოკინეტიკას, ვანკომიცინი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

500 მგ ვანკომიცინის ვენაში შეყვანიდან 1 საათში, პლაზმაში საშუალო კონცენტრაცია 33 მკგ/მლ-ს, ხოლო 1 გ ვანკომიცინის შეყვანისას — ორჯერ მეტს შეადგენს. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია ინფუზიიდან 1 საათში მიიღწევა. პრეპარატი ადვილად აღწევს ორგანიზმის პლევრალურ, სინოვიალურ, პერიკარდიალურ, ასციტურ სითხეებში. პრეპარატის 75-90% ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ხოლო მიღებული დოზის 40-100% — უცვლელი სახით. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ვანკომიცინის ორგანიზმიდან გამოდევნა ხანგრძლივდება.

 

ვანკომიცინი ანტიბიოტიკი

როდის და რა სახით ინიშნება ეს პრეპარატი?

ვანკომიცინი ინიშნება შემდეგი ჩვენებების სამკურნალოდ:

  • ენდოკარდიტი;
  • სეფსისი;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი);
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები (მათ შორის მენინგიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიები);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • პენიცილინისადმი ალერგიის შემთხვევაში ან სხვა ანტიბიოტიკების (პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჩათვლით) მიმართ აუტანლობის შემთხვევაში;

ვანკომიცინი-ნანო შეიძლება დაინიშნოს პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მისაღებად, როცა სახეზეა სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი.

რაც შეეხება ვანკომიცინის მიღების წესს, აღნიშნული მითითებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა თავიდან აირიდოთ ნებისმიერი გართულება. შესაბამისად, სასურველია, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ვანკომიცინი-ნანო არ გამოიყება კუნთში საინიექციოდ და ვენაში ბოლუსური ინიექციის სახით. მოზრდილებში ინიშნება 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1გ ყოველ 12 საათში ერთხელ.

პრეპარატი ვენაში ნელი ინფუზიის სახით უნდა იქნეს შეყვანილი — ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ/წთ-ს — 60 წთ-ის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად. ვანკომიცინი-ნანოს მომზადებული ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 5 მგ/მლ-ზე.

რა ასაკის პაციენტებში და რა დოზებით ინიშნება ვანკომიცინი 

ვანკომიცინი-ნანოს გამოარჩევს ის, რომ პრეპარატი ნებისმიერი ასაკის პაციენტებში გამოიყენება: 7 დღემდე ასაკის ახალშობილებში ინიშნება 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ 10 მგ/კგ სხეულის წონაზე, ყოველ 12 საათში.

1 თვემდე ასაკის ჩვილებში —10 მგ/კგ ყოველ 8 საათში.

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება პრეპარატის სადღეღამისო დოზა 40 მგ/კგ, რომელიც უნდა გადანაწილდეს ერთჯერად დოზებზე, ყოველ 6 საათში ერთხელ — ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს ან უფრო მეტს.

ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 60 მგ/კგ სხეულის წონაზე და არ უნდა გადააჭარბოს მოზრდილთა სადღეღამისო დოზას (2 გ).

თირკმლის უკმარისობის დროს, უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე, საჭიროა დოზისა და/ან პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია — ეს გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. საწყისი დოზა შეადგენს 15მგ/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ შეყვანებს შორის ინტერვალი განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

როგორია ვანკომიცინის ხსნარის მომზადებისა და შეყვანის წესები 

ვანკომიცინის ხსნარი უნდა მომზადდეს უშუალოდ ინფუზიის წინ. პირველ რიგში, ვანკომიცინი 500მლ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 10მლ საინექციო წყალში, ხოლო 1 გ ვანკომიცინი უნდა გაიხსნას 20მლ საინექციო წყალში, რათა მომზადდდეს 50 მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარი. 

ამის შემდეგ, მიღებული ხსნარი უნდა გაიხსნას 5% გლუკოზის (დექსტროზის) საინექციო ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, რათა მივიღოთ არაუმეტეს 5 მგ/მლ კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარი.

0,9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% გლუკოზის ფუძეზე მომზადებული ხსნარები შეიძლება შეინახოთ მაცივარში (2-8°С) 14 დღის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, მიკრობიოლოგიური კონტამინაციის (დაბინძურების) თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ახალმომზადებული ხსნარის გამოყენება.

პერორალურად მისაღებად, მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,5-1გ-ს, ხოლო ბავშვებში — 40 მგ/კგ სხეულის წონაზე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს.

მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 2გ-ს.

პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, ვანკომიცინი-ნანოს 500 მგ ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 10 მლ წყალში — როგორც წესი, ინიშნება 5 მლ 4-ჯერ დღეში დასალევად. ხსნარის გემოს გასაუმჯობესებლად შესაძლებელია დაემატოს საკვები სიროფები ან საკვები არომატიზატორები.

 

ვანკომიცინი მიღების წესი

გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოების ზომები — რა უნდა გავითვალისწინოთ  

ვანკომიცინი ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, მისი მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარება გამორიცხული არ არის. მიუხედავად ამისა, ჩამონათვალის ნუ შეგეშინდებათ, რადგან თუ ექიმის მითითებებს ზედმიწევნით დაიცავთ, ამ გართულებების გამოვლენის შანსს მინიმუმამდე შეამცირებთ. 

პირველ რიგში,  ნუ მიიღებთ ვანკომიცინ ნანოს, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, განგივითარდეთ მძიმე ალერგიული რეაქციები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა. სისხლმბადი სისტემის მხრივ — შექცევადი ნეიტროპენია (სისხლში ნეიტროფილების დაბალი შემცვლელობა), ლეიკოპენია ( სისხლში ლეიკოციტების დაბალი შემცველობა), ეოზინოფილია (ეოზინოფილების მომატებული დონე), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ნაკლებობა სისხლში), ხოლო შედარებით იშვიათად — აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების ნაკლებობა).

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ, არსებობს ნეფროტოქსიკურობის რისკი, რაც შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის პლაზმური კონცენტრაციის მატებით ვლინდება (თირკმლის უკმარისობის განვითარების ჩათვლით, რაც ვანკომიცინის დიდი დოზით მიღებას უკავშირდება). 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია, ვენაში საინფუზიო სითხეების გადასხმა და პლაზმაში ვანკომიცინის კონცენტრაციის კონტროლი. ორგანიზმიდან ვანკომიცინის სწრაფი გამოდევნის მიზნით ჰემოფილტრაცია ჰემოდიალიზზე ეფექტიანია. 

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდს, ამ შემთხვევაში ვანკომიცინი-ნანო ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს, რაც ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ვინაიდან ვანკომიცინი დედის რძეში გადადის, ლაქტაციის პერიოდში მისი მოხმარებისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

ვანკომიცინი-ნანო აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ვანკომიცინ ნანოს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

არ მისცეთ სახიფათო ინფექციებს თქვენი ჯანმრთელობის დაზიანების საშუალება — მიიღეთ ვანკომიცინი-ნანო და დაამარცხეთ გრამდადებითი მიკროორგანიზმები უშანსოდ!

7 აგვ 2025